„სააკაშვილისთვის პრეზიდენტობის დაკარგვა პირად ტრაგედიად იქცევა“

„სააკაშვილისთვის პრეზიდენტობის დაკარგვა პირად ტრაგედიად იქცევა“

„როცა აღარ ვიქნები, ჩემი ფერფლი ანაკლიაში მოფანტეთ, რადგან ანაკლია ჩემთვის განსაკუთრებული აურაა“... „სოხუმი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს ყოფილა“... ეს და კიდევ მრავალი ძალიან საინტერესო ფრაზა საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ქუთაისში ამ ქალაქის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა. იგი ასევე დაგვპირდა, კიდევ 2, 3 ან 4 წელი მაცადეთ და წყალტუბო მსოფლიოში საუკეთესო კურორტი იქნებაო.

რამდენად ადექვატურია პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა, უშვებს თუ არა იგი თუნდაც თავისთვის აზრს, რომ შეიძლება ხელისუფლებიდან წავიდეს და კიდევ სხვა საინტერესო საკითხზე presage.tv-ს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ესაუბრება.

ზაზა ფირალიშვილი: „დავიწყოთ იმით, რომ 2, 3 და 4 წელიწადში პრაქტიკულად შეუძლებელია იმ საოცრებების გაკეთება, რასაც პრეზიდენტი გვპირდება. აქ ძალიან მარტივი გათვლაა - ზემოქმედება იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება რაღაც იმედები აღეძრათ ამ განცხადებების გამო. ვერ ვიტყვი, რომ ამ განცხადებას რაიმე რეალური საფუძველი გააჩნია. რაც შეეხება ანაკლიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, პრეზიდენტი ისევ და ისევ მოსახლეობაში რაღაც უცნაური სენტიმენტების აღძვრაზე ზრუნავს. მისი განცხადება ანაკლიაში მისი ფერფლის მოფრქვევასთან დაკავშირებით არასერიოზულია. ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ამგვარი განცხადება რომ მაჰათმა განდის გაეკეთებინა, ამ ადამიანს იმხელა დამსახურება მიუძღვის ინდოეთის წინაშე, რომ მისგან მართლაც შესაძლებელი იქნებოდა ამგვარი განცხადების მოსმენა.  

რაც შეეხება სოხუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ნათქვამს, მე მიჩნდება აზრი, ხომ არ ცდილობს იგი, შეგვაჩვიოს იმ აზრს, რომ აფხაზეთი არ არის საქართველოს ტერიტორია და თავისუფლად შეიძლება ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია განხორციელდეს დაკარგული ტერიტორიების გარეშე.

ბატონო ზაზაპრეზიდენტის ამ ნათქვამის შემდეგ ქართულ საზოგადოებაში სწორედ ეს კითხვა გაჩნდათქვენ რამდენად რეალურადმიგაჩნიათრომ ეს ფრაზა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდეს?

- არ მგონია, რომ ეს უსაფუძვლო ეჭვი იყოს. ახლა ისევ იმ 2, 3 და 4 წელიწადს დავუბრუნდები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდა და ამისთვის სულ რამდენიმე წელიწადი სჭირდებოდა. ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა. ამდენად, დასკვნა რომ გავაკეთოთ, რაც დრო გადის, პრეზიდენტი სულ უფრო და უფრო დაუფარავად იშველიებს ტყუილს იმისთვის, რომ როგორმე ადამიანების სიმპათიები და სიყვარული დაიმსახუროს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მისი რეიტინგის ასამაღლებლად ეს არც ისე კარგი ხერხია.

პრეზიდენტის განცხადებები საინტერესოა იმ მხრივაცრომ ისინი პრაქტიკულად გარკვეულ მესიჯებს შეიცავენსააკაშვილის დაპირებადამაცადეთ 2, 3, ან 4 წელიწადი და წყალტუბოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტად ვაქცევოხომ არ მეტყველებს იმაზერომ იგიხელისუფლებიდან წასვლას არავითარ შემთხვევაში არ განიხილავს?

- პრეზიდენტის განცხადებები უფრო და უფრო ნაკლებად დახვეწილი ხდება. იგი დაუფარავად ცდილობს ადამიანებში აღძრას მასობრივი ენთუზიაზმი და მისი ობიექტები არიან არა მოაზროვნე ადამიანები, არამედ ისინი, ვინც იოლად მიეცემიან ხოლმე მასობრივ ენთუზიაზმს. საქმე იმაშია, რომ ასეთი ენთუზიაზმის აღძვრა გულისხმობს ნდობის მაღალ კოეფიციენტს. მართლაც, როდესაც სააკაშვილს ჰქონდა ნდობის მაღალი კრედიტი, მისგან შეიძლებოდა სრულიად აბსურდული დაპირებები მოესმინათ და იმედები აღძვროდათ.

მე მახსოვს, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა, მიხეილ სააკაშვილი წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ რამდენიმე წლით გაათავისუფლებდა გადასახადებისგან. ეს იმთავითვე სრულიად აბსურდული დაპირება იყო და ცხადია, მას არც უზრუნია ამ დაპირების შესრულებაზე, მაგრამ იმდენად, რამდენადაც სააკაშვილს მაშინ ნდობის მაღალი კრედიტი ჰქონდა, მას იოლად დაუჯერეს და არც არავის გახსენებია, რომ ეს დაპირება არ შესრულებულა.

დღეს მიხეილ სააკაშვილის ნდობის კრედიტი არ არის ისეთი, რომ მსგავსი მეთოდებით შეძლოს ადამიანების სიმპათიისა და სიყვარულის მოპოვება. უფრო მეტსაც გეტყვით, ყოველი მსგავსი განცხადება მის რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს. იმ ზეაქტიურობას, რომლითაც პრეზიდენტი საკუთარ მოსახლეობაზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, უკურეაქცია აქვს.

დღეს დაიდო IRI- კვლევის შედეგებირომლის მიხედვითაც ნაცმოძრაობის და სააკაშვილის რეიტინგი საკმაოდ მაღალიაამას წინუძღოდა NDI- კვლევარომლის მიხედვითაც სახელისუფლო გუნდს ასევე მაღალი რეიტინგი დაუფიქსირდასაერთოდგულწრფელადრომ ვისაუბროთეს კვლევები საზოგადოებრივი განწყობის შექმნას ემსახურებახომ არ გეჩვენებათრომ ყველაფერ ამის ფონზე,სააკაშვილის განცხადებარომ კიდევ უნდა დავაცადოთ რამდენიმე წელინიშნავს იმასრომ იგი საერთოდ არ უშვებს იმ აზრსრომშეიძლება ხელისუფლების დატოვება მოუწიოს?

- რა თქმა უნდა, სააკაშვილი ნაკლებად უშვებს ამის შესაძლებლობას. მან იმდენად გააიგივა საკუთარი პიროვნება პრეზიდენტის მდგომარეობასთან, რომ მას ამ მდგომარეობის დატოვება ძალიან გაუჭირდება. მისთვის ეს იქნება პიროვნული ტრაგედია, მით უმეტეს, იგი ახალგაზრდა ადამიანია და მისთვის ყოველგვარი შანსის დაკარგვა, იბატონოს ადამიანების გუნდზე და გონებაზე, მართლაც პიროვნული ტრავმის ტოლფასი იქნება. თუნდაც ის დაპირებები, თუნდაც ის სიცრუის მომარჯვება პოლიტიკურ იარაღად, რასაც იგი იყენებს, თუნდაც ის ხერხები, რომლებსაც ის მიმართავს თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი ვა-ბანკზეა წასული და უკან დახევას არ აპირებს. ამიტომ, ძნელი წარმოსადგენია, რომ იგი შეეგუოს ამ მდგომარეობის დაკარგვის აზრს. ამდენად, პროცესები საკმაოდ რთულად წარიმართება, თუ რა თქმა უნდა, მის გარემოცვაში არ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ატარებენ 2003 წლის იდეალებს და მიხვდებიან, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, შეიძლება სააკაშვილთან ერთად ისინიც ჩაიძირონ და სამუდამოდ აღმოჩნდნენ ჭაობში, თუ ეს ადამიანები არ დააოკებენ სააკაშვილის ვულგარულ ენთუზიაზმს, რომლითაც ის ახლა ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

თუკი სააკაშვილი შეძლებს მთელი ადმინისტრაციული რესურსის და მთელი ძალოვანი სტრუქტურების მობილიზებას და უარს იტყვის ადამიანის იმ ელემენტარულ უფლებებზე, რომლებიც ჯერ კიდევ სადღაც არსებობს საქართველოში, რა თქმა უნდა, მისთვის ხელისუფლების შენარჩუნება პრობლემა არ იქნება, მაგრამ იგი მიჩვეულია, რომ ჰქონდეს ძალაუფლება და ამავე დროს, ადამიანების სიყვარულიც. სწორედ ამას ცდილობს სააკაშვილი, რომ როგორმე დაიბრუნოს ადამიანების სიყვარული და რაც უფრო ცდილობს, მით უფრო ნაკლები შანსი აქვს, რომ ეს მოახერხოს.

არ შემიძლია დონალდ ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით არ დაგისვათ კითხვამიხეილ სააკაშვილმა განაცხადარომ ტრამპის ვიზიტიუმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაშირამდენად ადექვატურია პრეზიდენტი ამგვარი საკითხებისადმი?

- იცით, სწორედ იმ დღეებში ერთმა ნაცნობმა ამერიკელმა დამირეკა და მინდა გითხრათ, რომ დონალდ ტრამპი საკმაოდ კარიკატურული ფიგურაა. აქ კი იგი ჩამოიყვანეს და შექმნეს ისტორია, რომ თითქოს, ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოში ინვესტიციას დებს. ჯერ ერთი, ტრამპს არ დაუდასტურებია, რომ ამ პროექტში ფულის ჩადებას აპირებს. მან უბრალოდ თავისი ბრენდის გამოყენების უფლება მისცა ქართველებს. თავისთავად, ბრენდის გამოყენების უფლებაში ადამიანებს იქით უხდიან ხოლმე ფულს. ასე რომ, თუკი ინვესტიციად იმას ჩავთვლით, რომ თავისი ბრენდის გამოყენებისთვის ტრამპმა ჩვენი ხელისუფლებისგან ფული არ აიღო, მაშინ კი ბატონო, იყოს ასე. რეალურ ფულს კი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგი საქართველოში არ დებს.

მე უბრალოდ არ ვიცი, საიდან გაჩნდება ჩვენს ქვეყანაში იმდენი სახსრები, რომ ააშენონ ეს თაუერები, ააშენონ ლაზიკა, სამტრედია გახადონ ოცნების ქალაქი, ქუთაისი გადააქციონ მეორე დედაქალაქად და ა.შ. ეს ყველაფერ რიტორიკული კითხვებია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ხელისუფლების მეთოდი, ფასადების შელამაზებით შექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაღაც გაკეთდა. თუმცა პირველივე წვიმა ამ ფასადებს ჩამორეცხავს ხოლმე, პირველივე ქარი ახდის ხოლმე ახალდახურულ სახურავებს და ა.შ. როგორც ჩანს, ჩვენი შეზღუდული ფინანსები ისევ მოხმარდება არა გაჭირვებულ ადამიანებს, არამედ რაღაც ფასადურ ღონისძიებებს და სენტიმენტალური, გულუბრყვილო ადამიანების დარწმუნებას იმაში, რომ თითქოს ქვეყანაში რაღაც შენდება.

ბატონო ზაზაბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს დედაქალაქის განტვირთვის სტრატეგიას და სახელმწიფოადმინისტრაციული დაწესებულებები ძირითადად სხვადასხვა ქალაქებში ნაწილდებაგასაგებიარომ თბილისი უნდა განიტვირთოს,მაგრამ რამდენად მზად არის ამისთვის იმ ქალაქების ინფრასტრუქტურასადაც ეს ადწესებულებები გადადის და საერთოდ რამდენადსწორია ეს სტრატეგია?

- რა თქმა უნდა, კარგი არ არის, რომ ყველაფერი ერთ ქალაქშია თავმოყრილი და დანარჩენ ქალაქებში სიცოცხლე პრაქტიკულად ჩამკვდარია. ერთი შეხედვით, ეს მეთოდი თითქოს, არის იმის შესაძლებლობა, რომ ადგილებზე გამოცოცხლდეს პროცესები და ადამიანებმა თავიანთი ღირსების გრძნობა დაიბრუნონ. თავისთავად, ეს კეთილშობილი მიზანია, მაგრამ არის მეორე მხარეც, ასეთი რაღაცეები არ კეთდება მყისიერი და „გენიალური“ შთაგონების საფუძველზე. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ქუთაისის ინფრასტრუქტურა მზად არის მიიღოს ისეთი ინსტიტუცია, როგორიც არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პარლამენტში, გარდა დეპუტატებისა, რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობს. ისინი წლებია იქ მუშაობენ, აქვთ დოკუმენტებთან მუშაობის, საპარლამენტო საქმის წარმოების უზარმაზარი გამოცდილება. ამ ადამიანების უმრავლესობა პარლამენტს ქუთაისში ვერ გაჰყვება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მიზიდული უნდა იყოს ახალი კადრები, რომლებიც სანამ საქმეს ისწავლიან, პრაქტიკულად პარლამენტი უნდა იყოს პარალიზებული. თუ ძველ კადრებს წაიყვანენ, მაშინ უნდა მოხდეს მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და კიდევ ბევრი დამატებითი ხარჯი უნდა იქნეს გაწეული. ამიტომ ასეთი ნაუცბათევი და „გენიალური“ შთაგონების კვალობაზე მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება და ამასაც რომ თავი დავანებოთ, ყველაზე კეთილშობილი იდეებიც კი შეიძლება დაიმარხოს ამით.