სპეციალური სიებით არჩეული პრეზიდენტის სპეციალური სიებით შერჩეული მასპინძლები

სპეციალური სიებით არჩეული პრეზიდენტის სპეციალური სიებით შერჩეული მასპინძლები

მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს რუსთავს პრეზიდენტი სტუმრობდა. მან რუსთავის ტყე-პარკის რეკონსტრუქციის გეგმა წარმოადგინა, რომელიც  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. სააკაშვილის „ღირსეულად“ დასახვედრად ქვემო ქართლის ხელისუფლებამ საკმაოდ  მოინდობა. „ამ სიაში 3 000 კაცია. თქვენ  ადვილი გგონიათ ამდენი ხალხის შემოწმება და შეხვედრაზე შეშვება?!“ - უხსნიდა სამთავრობო დაცვა, სპეციალურ სიებში ვერმოხვედრილ, განაწყენებულ პედაგოგებს.

„აბა, შემოვიდა მეხანძრეები“, „რუსთავის კორპუსის ხალხია, შემოუშვი,“ „ესენი საკრებულოს თანამშრომლები ყოფილან, არაა პრობლემა, მოდით“ -  მიმართავდნენ სიებით ხელში მდგარი სახელმწიფო დაცვის თანამშრომელები ერთმანეთს.

ამჯერად, რუსთავში პრეზიდენტის სტუმრობისას, სპეციალური სიებით მოქალაქეების შეშვებაზე სრულად პასუხისმგებელი სამთავრობო დაცვა გახლდათ.

„ჩვენს გარდა აქ ადგილობრივი პოლიცია და რუსთავთან ახლოს მყოფი რაიონების პოლიციელები არიან. აბა, ამხელა პარკის გაკონტროლებას ჩვენ რას ვეყოფოდით“ - გვიყვებოდნენ დილის 12 საათიდან სააკაშვილის მომლოდინე სამართალდამცავები.

„მე არც ერთ სიაში არ ვარ. გავიგე, სააკაშვილი მოდისო და მოვედი. ჩვენს კორპუსს პრობლემები აქვს და მინდა პრეზიდენტს ხმა მივაწვდინო “ - შეწუხებული იყო რუსთავის მკვიდრი, თამარ ჭელიძე.

ჭელიძემ და სხვა, სპეციალურ სიებში ვერ მოხვედრილმა  მოქალაქეებმა იმ დღეს პრეზიდენტს ხმა ვერ მიაწვდინეს. მათ ნაცვლად შეხვედრაზე, ჯგუფ-ჯგუფად, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან მობილიზებული მოქალაქეები შედიოდნენ.

სხვადასხვა რეგიონებში მოქმედი, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ პრეზიდენტის ვიზიტებს. მათი მასალებით იკვეთება საერთო ტენდენცია, რომლის თანხმადაც, უკვე, დიდი ხანია რეგიონებში მსგავს საჯარო შეხვედრაზე სპეციალური სიები წყვეტს ვინ უმასპინძლოს პრეზიდენტს.

„როცა ვიცი, რომ ხალხი დილის 8 საათზე იღვიძებს ჩემს სანახავად, ეს დიდი სტიმულია ჩემთვის და ჩემი მთავრობის წევრებისთვის, რომ ღამეც არ დავიძინოთ და 24 საათი ვიმუშაოთ“- ასეთ განცხადებას აკეთებდა გურჯაანში ჩასული პრეზიდენტი.

თუმცა ის, რომ საქმე სააკაშვილის სიყვარულით გულანთებულ რიგით მოქალაქეებთან არ გვქონდა, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გვაუწყა.

„სინამდვილეში, პრეზიდენტს გურჯაანში მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფლიდან ჩამოყვანილი მასწავლებლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, ქალაქის სკოლების მოსწავლეები, ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები დაახვედრეს.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის გამო ქალაქის ოთხივე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ სკოლის დირექტორებმა ბოლო გაკვეთილები მოხსნეს და მასწავლებლებთან ერთად, ბავშვებიც პრეზიდენტის დასახვედრად გაგზავნეს“  - ვკითხულობთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის 24 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რუსთავში პრეზიდენტის სტუმრობას სასწავლო პროცესისი ჩაშლა არ მოჰყოლია, თუმცა ქალაქის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესს ხელი სამთავრობო გუნდის სხვა სახეებმა შეუშალეს. რუსთავის თეატრთან პირველი საათიდან პედაგოგები შეიკრიბნენ. თეატრის კართან  კვლავ, სპეციალური სიები გამოჩნდა. სიებში მყოფ პედაგოგებს  თეატრის დარბაზში განათლების სამინისტროს წარმომადგენლის გარდა, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და გიგი წერეთელი შეხვდნენ.