ზვიად ძიძიგური: “ქვემო ქართლი არც ლილუაშვილისაა და არც სააკაშვილის“

ზვიად ძიძიგური: “ქვემო ქართლი არც ლილუაშვილისაა და არც სააკაშვილის“

რუსთავში “ქართული ოცნების“ ოფისის გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას პარტიის ლიდერი - მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, თინა ხიდაშელი, ზვიად ძიძიგური, რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი - ნინო ლომიძე და პარტიის მხარდამჭერი რუსთაველები დაესწრნენ. 

“ჩვენმა ოფისებმა პრაქტიკულად მთელი საქართველო მოიცვა. ვიწყებთ უშუალო საუბარს ადგილობრივ მოსახლეობასთან, ამისთვის კი რეგიონებში გვჭირდება გულანთებული აქტივისტების ჯარი, რომლებიც ჩვენ სათქმელს, მსგავს დახურულ მედია სივრცეში, საზოგადოებამდე მიიტანენ“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. ის და პარტიის სხვა ლიდერები აქცენტს რეგიონში მცხოვრებ არაქართულ მოსახლეობაზეც აკეთებდნენ.

“ძალიან დიდი შეცდომა იყო ის, რომ ოპოზიციური პარტიები აქტიურად არ მუშაობდნენ ჩვენი საზოგადოების აზერბაიჯანელ, სომეხ და სხვა ეროვნების ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან. ჩვენი მიზანია მათ გავაგებინოთ, რომ მათი მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებელია. დიდი სურვილი მაქვს საზოგადოების ეს ნაწილი აქტიურად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“ - განაცხადა ალასანიამ.

“ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, არჩევნებზე ქვემო ქართლის “გენერალი“ ზვიად ძიძიგური იქნება. თავად ძიძიგურს კი საჯარო გამოსვლისას “ჩამჭრელი“ კითხვებით რეალ-tv აწუხებდა. აღნიშნული ტელევიზიის ჟურნალისტს არ ასვენებდა კითხვა, თუ რატომ წავიდა ძიძიგური არჩევნების კოორდინატორად ქვემო ქართლში და არა - იმერეთში. ძიძიგური კი საზოგადოებას უხსნიდა, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა “ქართული ოცნება“ ყველა რეგიონში ახერხებს ოფისების გახსნას და მოქალაქეებთან აქტიურ ურთიერთობას.

“ქვემო ქართლი არც ლილუაშვილისაა და არც სააკაშვილის. ლილუაშვილს (კუდ-ის ხელმძღვანელი) ჰგონია, რომ მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა ამ რეგიონში ჩვენი ოფისი, თუმცა საქმე სხვაგვარადაა. ჩვენ ვერავინ დაგვაშინებს, იქ სადაც დააშინეს ჩვენი სამასი აქტივისტი, მაგრამ გაჩნდა 30 ათასი, რომლის დაშინებაც უკვე რთულია. ქვემო ქართლში თითოეული ხმისთვის ვიბრძოლებთან და ყველანი ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას“ - ამბობს ძიძიგური.

თავად ლილუაშვილის კადრები “ქართული ოცნების“ ახალი ოფისის მიდამოებში არ ჩანდნენ, თუმცა შეხვედრაზე მოსულ ხალხს “რუსთავსი კორპუსის“ თანამშრომლები ათვალიერებდნენ.