წელსაც საატესტატო გამოცდებზე ბევრი სკოლადამთავრებული არ გავა

წელსაც საატესტატო გამოცდებზე ბევრი სკოლადამთავრებული არ გავა

თუ მოსწავლეს არ შეუძლია რომელიმე საგამოცდო საგანში ბარიერი გადალახოს, ასეთს სკოლის დირექტორი საატესტატო გამოცდაზე არ გაიყვანს, რათა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში საყვედური არ მიიღოს, მის სკოლას ქულა არ დააკლდეს და ბრენდირებაში ხელი არ შეეშალოს. პედაგოგიკის დარგში მომუშავე აკადემიკოსი ზურაბ ვახანია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ასეთი ხრიკი ზოგიერთი სკოლის დირექტორმა შარშანვე იხმარა და სამინისტროს საყვედურებიც თავიდან ასე აიცილა. შარშან არგასული სკოლადამთავრებულების რიცხვი 10-15% იყო. წელს გაცილებით მეტი იქნება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცხადებენ, რომ "სკოლადამთავრებულს სრული უფლება აქვს, არ გავიდეს გამოსაშვებ გამოცდებზე."

აკადემიკოსი ამბობს, რომ შარშანდელი საატესტატო გამოცდების შედეგების ნახვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამას არ ასაჯაროებს.

ზურაბ ვახანია: "წინა წლის შედეგების გაგება-ანალიზი ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე. მხოლოდ ნაცნობი დირექტორებისგან შევძელი ამის გაგება, თუ რა შედეგები აჩვენეს გასულ წელს საატესტატო გამოცდებისას. დირექტორებმა მომცეს მონაცემები ნაცნობობით და იმ პირობით, რომ არ გავამხელდი მათ ვინაობას და სკოლას, თორემ ამ დირექტორებს დასჯიან."

ვახანიამ ასეთი ნაცნობობით შარშანდელი გამოცდების 14 სკოლის მონაცემი მოიპოვა.

როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, შარშან ზოგი სკოლადამთავრებული საატესტატო გამოცდაზე საერთოდ არ გაიყვანეს.

"ანუ ვისზედაც ეჭვი ჰქონდათ, რომ ვერ ჩააბარებდა გამოსაშვებ გამოცდებს, საერთოდ არ გასულა. გასულთა შორის ზოგი ჩაჭრილია. ჩაჭრილთა პროცენტი მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არ არის, რადგან შარშან ძალიან გააადვილეს; მეორეც - გამოცდების სხვადასხვა ნაკადში ტესტის ერთი და იგივე ვარიანტი იყო და ბავშვები ეუბნებოდნენ წინასწარ, რა საკითხები იყო და წინასწარ ემზადებოდნენ.მასწავლებლებიც ეხმარებოდნენ და, აქედან გამომდინარე, მომდევნო ნაკადის ბავშვები მომზადებულები იყვნენ. ამან ძალიან შეუწყო ხელი უკეთესი შედეგების მიღებას, ვიდრე მოსალოდნელი იყო," - განაცხადა აკადემიკოსმა.

მისივე ინფორმაციით, რომელიც უშუალოდ სკოლის დირექტორებისგან აქვს, დირექტორები წლევანდელ გამოსაშვებ გამოცდაზე უფრო მეტ სკოლადამთავრებულს არ გაიყვანენ.

ზურაბ ვახანია: "შარშან ერთი დირექტორი ჩიოდა კიდეც: თუკი ასეთი რამე (სკოლადამთავრებულის არგასვლა საატესტატო გამოცდაზე) შეიძლებოდა, არც მე გავუშვებდი ჩემს წყალწაღებულ მოსწავლეებს გამოცდებზეო. ჩემმა სკოლამ ცუდი შედეგი აჩვენა და მერჩივნა, არ გასულიყვნენ გამოცდაზეო. რაიონის ერთ-ერთ სკოლაზეა ლაპარაკი. ეს სკოლა რესურს-ცენტრში გამოაცხადეს, როგორც რაიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალშედეგიანი სკოლა. ამ სკოლიდან ყველა სკოლადამთავრებული გავიდა საატესტატო გამოცდაზე. მე რომ გადავხედე სხვა სკოლებსო - ეს დირექტორი ამბობს, - შედარებით კარგი შედეგი აჩვენეს, რადგან ცოტა ცუდშედეგიანი ბავშვები ჰყავდათ გამოცდებზე გაყვანილიო."

ვახანია ამბობს, რომ საატესტატო გამოცდებზე წელს შარშანდელთან შედარებთ გაცილებით მეტი მოსწავლე არ გავა, რადგან ეს ხერხი უკვე იციან დირექტორებმა.

დირექტორს კი იმიტომ უნდა ბევრი მისი მოსწავლის გამოცდებზე არგასვლა, რომ თუ ვერ გადალახა მისმა მოსწავლემ რომელიმე საგანში ბარიერი, ანუ ატესტატი ვერ აიღო, ეს სკოლის სირცხვილია. სკოლას ამით რეპუტაცია ელახება, ქულები აკლდება და ბრენდირებაშიც ხელი ეშლება.

ბრენდირება ნიშნავს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით სკოლების შეფასებას ათვარსკვლავიანი სისტემით. ეს კრიტერიუმებია: ინსტიტუციური მონაცემები, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, პროგრამა-პროექტებში მონაწილეობა და ა.შ. ბრენდირება საჯარო სკოლებისთვის სავალდებულოა, კერძო სკოლებისთვის - ნებაყოფლობითი.

თუ სკოლა საატესტატო გამოცდებისას ცუდ შედეგს უჩვენებს, რესურს-ცენტრებში მის შესახებ მსჯელობენ. გარდა ამისა, არის ერთი მომენტიც - როცა მოსწავლე დადებით შედეგებს უჩვენებს სკოლაში, საატესტატო გამოცდაში კი ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას, დირექტორი მისთვის არასახარბიელო მდგომარეობაში ვარდება.

"შარშან რამდენიმე დირექტორმა ისიც კი თქვა, რომ თუკი ბევრი აღმოჩნდა გამოცდაზე ჩაჭრილი, შეიძლება დირექტორიც კი მოხსნანო. მაგრამ, ეს ჩემი აზრით, ჭორია. ყველა შემთხვევაში უეჭველია ის, რომ ეს სკოლის სახელზე ცუდად მოქმედებს, რაც სრულიად ბუნებრივია. ამის გამო დირექტორს ურჩევნია, რომ შედარებით სუსტი მოსწავლეები გამოცდაზე საერთოდ არ გაიყვანოს," - ამბობს აკადემიკოსი.

როგორც "რეზონანსმა" პედაგოგებისგან შეიტყო, ბევრი სკოლის დირექტორს თებერვალსა და მარტში გამოუცხადებია: მე ჩავატარებ პრეტესტს და თუ მოსწავლემ ვერ გადალახა, გამოცდაზე არ გავუშვებო.

საატესტატო გამოცდები წელს 21 მაისს დაიწყება. ამის შესახებ მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 82-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებთან შეხვედრისას განაცხადა.

2011-2012 წლის საატესტატო გამოცდები, გასული წლის მსგავსად, სფე-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება. წელს იგივე რჩება კომპეტენციის ზღვარი - 5.5. შარშან რომ იყო შეღავათი, 3 საგანში - 5.3-იანი ბარიერი, წელს აღარ იქნება. თითოეულ საგანში გამოცდა ქვეყნის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს გაიმართება. ყველა სკოლა ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების ჩასატარებლად - ასეთია სამინისტროს ოფიციალური განაცხადი.

სამინისტროსვე ცნობით, "სკოლებში მთელი წლის განმავლობაში საგამოცდო საგნებში აბიტურის საათები ტარდებოდა, რომელზედაც მეთორმეტეკლასელები განვლილ მასალას იმეორებდნენ და საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებოდნენ."

2012 წლის 6-დან 13 აპრილის ჩათვლით საცდელი ტესტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლაში ჩატარდა. როგორც შაშკინის უწყება იტყობინება, მასში 8 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. ყველა მონაწილეს სპეციალურ საძიებო სისტემის მიხედვით შეუძლია მხოლოდ საკუთარი ნაშრომის შედეგი ნახოს. საერთო შედეგებს კი სამინისტრო სპეციალურად არ ასაჯაროებს, რათა სკოლებს შორის უხერხული მდგომარეობა არ წარმოიშვას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან "რეზონანსს" წყარომ აცნობა, რომ შარშან ზოგიერთი სკოლადამთავრებული საატესტატო გამოცდებზე მართლაც არ გასულა, ატესტატის მსგავსი მოწმობა აუღია, რითაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში არა, მაგრამ შეუძლია უცხოეთში გააგრძელოს სწავლა.

ოფიციალურად სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ "სკოლადამთავრებულს სრული უფლება აქვს, არ გავიდეს გამოსაშვებ გამოცდებზე. იმ შემთხვევაში თუ მეთორმეტეკლასელი, გამოცდაზე არ გავა, ის მიიღებს სკოლის დამთავრების სერტიფიკატს. მოსწავლეს, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღებს სერტიფიკატს, შეუძლია ჩააბაროს პროფესიულ სასწავლებელში ან პროფესიულ კოლეჯში."

პრესსამსახურისვე ცნობით, "ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასასვლელად სკოლის დამთავრების ატესტატი აუცილებელია. შესაბამისად, ატესტატის გარეშე აბიტურიენტი გამოცდებზე ვერ გავა."

ზოგიერთი სკოლის დირექტორი ზოგიერთი თავისი მოსწავლის საატესტატო გამოცდებზე გაყვანას რომ არ აპირებს, ამას პრესსამსახურის უფროსი ნინო პოტრჟებსკაია "რეზონანსთან" საუბრისას კატეგორიულად უარყოფს.

აკადემიკოსი ზურაბ ვახანია კი საბოლოოდ იმას აღნიშნავს, რომ სუსტი მოსწავლის (რომელიც ამა თუ იმ საგამოცდო საგანში ბარიერს ვერ გადალახავს) გამოცდებზე არგაყვანა სულაც არ არის ცუდი.

"ეს ბუნებრივადაც ასე უნდა იყოს. ნამდვილად სირცხვილია სკოლისთვის და ნამდვილად სჯობს, რომ სულ არ გაუშვან ასეთი მოსწავლე გამოცდაზე. ანუ, ვფიქრობ, ასე უკეთესია. თუ მოსწავლე ვერ ჩააბარებს გამოცდას, მაშ, რისთვის უნდა გავიდეს?!" - კითხულობს აკადემიკოსი.