უმუშევრობა: მსოფლიოში - ყოველი მე-16, საქართველოში - ყოველი მე-6

უმუშევრობა: მსოფლიოში - ყოველი მე-16, საქართველოში - ყოველი მე-6

საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის პლანეტაზე უმუშევართა რაოდენობა 200 მილიონს გადააჭარბებს, რაც დედამიწის შრომისუნარიანი მოსახლეობის 6,1%-ია. ეს იგი ყოველი მე_16 ადამიანი უმუშევარი იქნება. ამ მხრივ საქართველოში გაცილებით უარესი ვითარებაა. თვით ოფიციალური სტატისტიკითაც კი ქვეყანაში ყოველი მეექვსე ადამიანი დაუსაქმებელია. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2008-09 წლებში გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად, სამუშაო დაახლოებით 50 მილიონმა ადამიანმა დაკარგა. “კიდევ უფრო რთული მდგომარეობა იქნება 2012 წლის ბოლოსთვის, განსაკუთრებით ევროპაში მიმდინარე კრიზისის ფონზე, როდესაც არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ჯერ კიდევ არ ჩანს და მდგომარეობა დღითიდღე რთულდება. წლის ბოლოსთვის პლანეტაზე უმუშევართა რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს - 200 მილიონს მიაღწევს”, - ნათქვამია ორგანიზაციის ყოველწლიურ მოხსენებაში.

 
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოში უმუშევრობის საგანგაშოდ მაღალ მაჩვენებელზე საუბრობს. ორგანიზაციის ექსპერტების განცხადებით, ბოლო პერიოდში ძალიან მცირე რაოდენობის სამუშაო ადგილი იქმნება.

სპეციალისტების პროგნოზით, შრომის მსოფლიო ბაზარი კრიზისამდელ დონეს საუკეთესო შემთხვევაში 2016 წელს დაუბრუნდება. საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ევროპის ქვეყნები, სადაც მოსახლეობის დასაქმების პრობლემას მთავრობის მკაცრი საბიუჯეტო ეკონომია ამწვავებს.

უმუშევრობა, ბოლო წლების ტენდენციით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მუდმივად მოუგვარებელი პრობლემაა. ამ მხრივ საქართველო მსოფლიო ტენდეციას არათუ ფეხდაფეხ მისდევს, არამედ მოწინავე “უმუშევარი ქვეყნების” ავანგარდში დგას. რაც დროს გადის, საქართველოში მით უფრო იკვეთება დასაქმების უპერსპექტივობა. 

ამ ცოტა ხნის წინათ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებში გამოკითხულთა 63 პროცენტმა ყველაზე მტკივნეულ საკითხად სწორედ დასაქმება მიიჩნია.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ საქართველოში მდგომარეობა ბევრად მძიმეა, ვიდრე მას ესა თუ ის კვლევა აჩვენებს. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის, ეთერ მათურელის მტკიცებით, მდგომარეობა საგანგაშოა და ქვეყანაში უმუშევრობის რაოდენობა ოფიციალურად დასახელებულ მონაცემს ბევრად აჭარბებს.

ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის თქმით, საქართველოში უმუშევრობის პრობლემის პარალელურად არსებობს სხვა მრავალი პრობლემა, რომელიც დასაქმების მხრივ ნეგატიურ სურათს ქმნის. მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესია კვალიფიკაციის პრობლემა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ამავე დროს, არსებობს ჭარბი მუშახელი, რომელიც დაუსაქმებელია.

“ჩვენთან მაღალია “იმედდაკარგული მუშახელის” რაოდენობა, რომლებიც არ ეძებენ სამუშაოს, რადგან არა აქვთ დასაქმების იმედი, განსაკუთრებით 32-54 წლის ასაკის ადამიანებში”, - აცხადებს ლექვინაძე.

ეთერ მათურელის აზრით, ქვეყანაში პროფესიონალებზე მოთხოვნა ყველა სპეციალობაში შეიმჩნევა, მაგრამ ცალკეული სტრუქტურების ხელმძღვანელთა მხრიდან არსებული დისკრიმინაციის გამო ამა თუ იმ სპეციალობის მიმართ მოთხოვნა ნაკლებად აქტიურია.

“საქართველოში უმუშევრობის პრობლემა ძალიან მწვავეა და მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება. ამჟამად გაყიდვების მენეჯერი არის მოთხოვნადი პოზიცია იმიტომ, რომ არის ახალი სფერო და მაღალანაზღაურებადია.

არანაკლებია მოთხოვნა ექიმისა და პედაგოგის პროფესიებზე, მაგრამ ამ დარგში დასაქმებულების დისკრიმინაცია ხდება. ამის გამო, ეს პროფესიები არ არის პოპულარული. საქართველოში ნებისმიერ პროფესიაზეა მოთხოვნა, რადგანაც არის კარგი სპეციალისტების დეფიციტი. ყველა სპეციალობაში გვჭირდება პროფესიონალი, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო, რიგი პროფესიები მოთხოვნადად აღარ მიიჩნევა. აქტიურია ის პოზიცია, სადაც მაღალი ხელფასი ეგულებათ”, - აცხადებს ეთერ მათურელი.