ჯორჯ სოროსი – გერმანია ევროპას აზარალებს

ჯორჯ სოროსი – გერმანია ევროპას აზარალებს

[ჯორჯ სოროსი, “die Zeit”]
ისტორიის ფორმირებაში ყალბი წარმოდგენები არსებით როლს თამაშობს და ევროს კრიზისი ამის ტიპური მაგალითია. ევროს შემქმნელებისთვის მისი დაბადების მომენტში ცხადი იყო, რომ ის აშკრად დეფექტური მოდელია, თუმცა ისინი იმედოვნებდნენ, რომ ხარვეზებს მათ გამოვლენასთან ერთად გამოასწორებდნენ. მისი ყველაზე დიდი ნაკლი ერთიანი ფისკალური პოლიტიკის არ არსებობაა და ესეც კარგადაა ცნობილი. კიდევ ერთი სტრუქტურული ნაკლი ის არის, რომ აქცენტი ინფლაციის წარმოქმნის საფრთხეზე კეთდებოდა და იგნორირებული იყო დეფლაციის შესაძლებლობა.

თუმცა ევროს მთავარი კონცეპტუალური ნაკლი შემდეგში მდგომარეობს: ის შეცდომებს ვერ ეგუება. ევროს ავტორებს გათვლა იმაზე ჰქონდათ, რომ ევროკავშირის ყველა წევრი მაასტრიხის კრიტერიუმებს დაიცავდა, რომელთა თანახმად ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სახელმწიფოს ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

იმავდროულად, ამ კრიტერიუმების რეალიზაციისთვის შესაბამისი მექანიზმი არ იქნა შემუშავებული და ახლა როდესაც ბევრი ქვეყანა მაასტრიხის კრიტერიუმებისგან ძალიან შორს დგას, არ არსებობს არც მორგების და არც გამოსავლის მექანიზმი. ახლა ამ ქვეყნებისგან იმას ელიან, რომ ისინი მაასტრიხის კრიტერიუმებს დაუბრუნდებიან და ამას იმ შემთხვევაშიც გააკეთებენ, თუკი მას დეფლიაციური სპირალის ამოქმედება მოჰყვება.

ეს ყველაფერი აშკარად ეწინააღმდეგება 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის გაკვეთილებს და დიდი ალბათობაა, რომ ევროპას ხანგრძლივი სტაგნაციის ფაზაში შეიყვანს, თუ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არა. პირველ რიგში, ამას უკმაყოფილება და სოციალური არეულობები მოჰყვება. რთული წარმოსადგენია, რა ფორმას მიიღებს ამ უკმაყოფილების და იმედგაცრუების გამოხატვა. ყველაზე ცუდი განლაგების პირობებში, ეს პოლიტიკური ფაქტორები საფრთხეს შეუქმნიან დემოკრატიას, მას ევროკავშირის პარალიზება და შეიძლება მისი ნგრევაც მოჰყვეს.

თუკი ეს ასე მოხდება, მომხდარზე პასუხისმგებლობის დიდი წილი გერმანიას დაეკისრება, რადგან როგორც ყველაზე ძლიერი და კრედიტუნარიანი სახელმწიფო, სწორედ ის განსაზღვრავს განვითარების ძირითად ტენდენციებს. გერმანია პოლიციკლური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს და ამით ევროკავშირს საფრთხეს უქმნის. მე ვაცნობიერებ, რომ ეს მძიმე ბრალდებაა, მაგრამ ვშიშობ, ის გამართლებულია.

რა თქმა უნდა, გერმანიის იმაში დადანაშაულება, რომ მას ძლიერი ვალუტა და დაბალანსებული ბიუჯეტი სურს არ შეიძლება, თუმცა მისი გაკიცხვა იმაზე შეიძლება, რომ ის ცდილობს სხვა ქვეყნებს თავს მოახვიოს მისი სურვილები, რომლებსაც განსხვავებული მოთხოვნები აქვთ. იმავდროულად ის პროკრუსტესავით მოქმედებს, რომელიც სხვებს მის საწოლზე წოლას აიძულებდა, ჭიმავდა მათ ან ფეხებს აჭრიდა იმისთვის, რომ საწოლის ზომას მორგებოდნენ. პროკრუსტის იმ საწოლს, რომელსაც დღეს ევროზონას თავს ახვევენ, დეფლაცია ჰქვია.

სამწუხაროდ, გერმანია ვერ აცნობიერებს რას აკეთებს. მას მხოლოდ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება სურს და უნდა, რომ დანარჩენი ევროპისთვის ხაზინის როლს აღარ ასრულებდეს, მაგრამ როგორც ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, კრედიტუნარიანობის ყველაზე მაღალი დონით, გერმანია ყველაფერს განსაზღვრავს. შესაბამისად, ის ევროზონაში ფინანსურ პოლიტიკას, ასევე მაკროეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს.

თუკი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეეცდება მოიქცეს ისე როგორც გერმანია იქცევა, ისინი ევროს დეფლაციურ სპირალში მიმართავენ. ასეთია გერმანიის მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგები და რადგან გადამწყვეტი სიტყვა გერმანიას ეკუთვნის, სწორედ ეს არის ევროზონისთვის თავსმოხვეული პოლიტიკა.

გერმანული შეცდომის დემონსტრირება ყველაზე კარგად ერთი წარმოსახვითი ექსპერიმენტით შეიძლება. რა მოხდება, თუკი გერმანია ევროზონას დატოვებს? მაშინ ხელახლა შემოღებული გერმანული მარკა გადალახავს ხმოვან ბარიერს, ხოლო ევრო უძირო უფსკრულში გადაეშვება. სინამდვილეში ეს სხვა ქვეყნების ადაპტაციას შეუწყობდა ხელს, თუმცა გერმანია იგრძნობდა, რამდენად მტკივნეულია გადაფასებული ეროვნული ვალუტის ქონა. მისი სავაჭრო ბალანსი ნეგატიური მიმართულებით შეიცვლებოდა, ხოლო უმუშევრობა ფართო მასშტაბებს მიიღებდა.

გერმანული ბანკები იძულებულები გახდებოდნენ ვალუტის გაცვლისას ზარალისთვის გაეძლოთ და სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება დასჭირდებოდათ, მაგრამ მთავრობა მისთვის გადაწყვეტდა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მისაღები გერმანული ბანკების გადარჩენაა, და არა ბერძნულის ან ესპანურის. იქნებოდა სხვა კომპენსაციებიც: გერმანელი პენსიონერები, პენსიაზე გასვლის შემდეგ ესპანეთში გაემგზავრებოდნენ და იქ მეფეებივით იცხოვრებდნენ – ეს კი ესპანეთის უძრავი ქონების ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობდა ხელს.

მე ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს აბსოლუტურად ჰიპოთეტური სცენარია. ამ წარმოსახვითი ექსპერიმენტის მიზანი გერმანიის დარწმუნებაა იმაში, რომ მან მისი ქმედებები აუცილებლად უნდა შეცვალოს, მაგრამ იმავდროულად ხაზი არ გადაუსვას იმ რეალურ გამოცდილებას, რაც დღევანდელ დღეს წარმოებული პოლიტიკის უკან იმალება.

როგორი იქნებოდა გერმანიის სწორი პოლიტიკა? არ შეიძლება ველოდოთ იმას, რომ ის უსასრულოდ უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების დეფიციტის გარანტიას. ამისთვის, გარდაუვალია უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკის მიღება, თუმცა საჭიროა იმ გზის მოძებნა, რომელიც კრიზისში მყოფ ქვეყნებს ზრდის ხარჯზე საკუთარ სირთულეებთან გამკლავების საშუალებას მისცემს.

დაზარალებულმა ქვეყნებმა ტვირთის დიდი ნაწილი სტრუქტურული რეფორმების გატარებისას საკუთარ თავზე უნდა აიღონ, თუმცა გარედან დახმარება მათ საკუთარი ეკონომიკის სტიმულირებისთვის სჭირდებათ. ბიუჯეტების დეფიციტის შემცირების და ხელფასის გაზრდაზე მოთხოვნებთან წინააღმდეგობის ხარჯზე, რომელიც ათანაბრებს ევროს შემსყიდველუნარიანობის დაკარგვას, გერმანია სინამდვილეში უფრო ართულებს სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის აღდგენის პროცესს.

რა უნდა გააკეთოს გერმანიამ? მან სამი სახელმძღვანელო პრინციპი უნდა აღიაროს. პირველ რიგში, დღევანდელი კრიზისი უფრო საბანკო და არა ფისკალური კრიზისია. კონტინენტალურ-ევროპულ საბანკო სისტემაში 2008 წლის კრახის შემდეგ, წესრიგი დღემდე არ არის აღდგენილი. ცხადია ბანკებს ძალიან დიდი ვალები აქვთ და რეკაპიტალიზაცია ესაჭიროებათ. ეს უნდა გახდეს ახლახანს შექმნილი ევროპული სტაბილიზაციის ფონდის ნომერ პირველი ამოცანა და მან არსებული პრობლემების გადაჭრისთვის ბევრი რამ უნდა გააკეთოს.

მაგალითად, შეიძლება აღმოჩნდეს რომ ესპანეთში არანაირი ფისკალური კრიზისი არ არის. გერმანიის როლი, შესაძლოა აბსოლუტურად განსხვავებულ ჭრილში გამოიკვეთოს, თუკი ის საკუთარი მიწების ბანკების რეკაპიტალიზაციის პროცესში უფრო აქტიური მომხმარებელი გახდება და არა ინვესტორი.

მეორეც, ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება უნდა დაბალანსდეს მონეტარული პოლიტიკის შესუსტებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ესპანეთის სახელმწიფო ობლიგაციების შეძენა დაიწყო. ეს ესპანეთს საშუალებას მისცემს ნაკლებად მტკივნეული გზით განახორციელოს საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებასთან დაკავშირებული ამოცანები, თუმცა ეს გერმანიის განზრახვების შეცვლის გარეშე ვერ მოხდება.

მესამეც, დადგა იმის დრო რომ ის რესურსები, რომლებსაც დღემდე არაეფექტურად იყენებდნენ, განათლების და ინფრასტრუქტურის სფეროს ინვესტირებისკენ მიმართონ. ასე მაგალითად, ევროპას გაზსადენების უფრო სრულყოფილი სისტემა სჭირდება, ხოლო ესპანეთს და საფრანგეთს შორის კავშირი სუსტი ადგილია. ევროპის საინვესტიციო ბანკმა ინვესტიციების განხორციელებისთვის დამატებითი ვარიანტები უნდა მოიძიოს და ეს შეიძლება იყოს, მაგალითად გონივრულად აშენებული ელექტროქსელი.

ამ მომენტისთვის, ამაზე კონკრეტული ვერ იქნები, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი მაინც არსებობს. როდესაც ბანკების გადახდისუნარიანობა გაირკვევა და მათი რეკაპიტალიზაცია სათანადოდ განხორციელდება, შესაძლებელი გახდება ევროპისთვის ზრდის სტრატეგიის შემუშავება, ხოლო როდესაც ევროპული ეკონომიკა წონასწორობას აღიდგენს, ევროს სტრუქტურული ხარვეზების გამოსწორების დროც დადგება.