მას შემდეგ, რაც საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება, გერმანიას აქვს დეკლარირებული ინტერესი, ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე ვიზალიბერალიზაციის საკითხი ღიად არ იყოს დარჩენილი, - ამის შესახებ ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტო ლამერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დროულად უნდა გადაწყვიტონ ის პრობლემები, რაც არსებობს ევროკავშირის შიგნით.
”მაგრამ, მაინც მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გახლავთ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონკრეტული თარიღი. ბატონ უსუფაშვილსაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ის ფაქტი, რომ არსებობს მთელი რიგი მოსაგვარებელი პრობლემები, მაგრამ ეს არ არის ორმხრივი ურთიერთობების საკითხი.
ჩვენ გვჭირდება ევროპული გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს სხვა ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციას. უნდა ვიპოვოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც მომავალში სხვა ქვეყნებსაც გამოადგება.
პარასკევს, ბრიუსელში გაიმართება შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ჩვენ გვაქვს დეკლარირებული ინტერესი იმისა, რომ ამ შეხვედრაზე მოიძებნება კონკრეტული მექანიზმები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ვიზალიბერალიზაცია”, - განაცხადა ნორბერტო ლამერტმა.
ბუნდესტაგის პრეზიდენტის განცხადების თარგმანს ”იმედი” ავრცელებს.