თქვენ დაამყარეთ უფრო მწიფე დემოკრატია

თქვენ დაამყარეთ უფრო მწიფე დემოკრატია

საქართველომ განახორციელა შთამბეჭდავი თავდაცვითი რეფორმები, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს შტაბბინაში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

”საქართველომ ასევე განახორციელა შთამბეჭდავი თავდაცვითი რეფორმები და თქვენ დაამყარეთ უფრო მწიფე დემოკრატია. ამდენად, საქართველო უფრო დაუახლოვდა ნატო-ს და ჩვენ მზად ვართ, ამაში დაგეხმაროთ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარვადგინეთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. განხორციელებაც კარგად მიმდინარეობს. გასულ წელს თბილისში ვიზიტის დროს, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებამ”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე განცხადებით, კარგია, როდესაც ქართველი ჯარისკაცები, ნატო-ს ჯარისკაცები და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში.

”ჩვენი ერთობლივი გადამზადების და შეფასების ცენტრი თბილისში კარგად მუშაობს. ასევე დაიწყო ერთობლივი წვრთნები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, როდესაც ქართველი ჯარისკაცები, ნატო-ს ჯარისკაცები და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში. ეს კარგია ჩვენთვის და კარგია ასევე საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს მიმართ და ჩვენი პარტნიორობის მიმართ ნატო-ში გამოხატული ძლიერი მხარდაჭერა,დაახლოებით ნატო-ს 30 ექსპერტი იმყოფება საქართველოში, რომლებიც თქვენ ქვეყანაში, თავდაცვის სფეროში, მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში გეხმარებიან და ამით მეტი წვლილი შემოაქვთ.

ამდენად, ნატო ერთგული რჩება დაგეხმაროთ, რათა გააძლიეროთ უსაფრთხოება და განახორციელოთ რეფორმები”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.