საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა ძლიერდება მაპ-ის გარეშეც. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში განაცხადა.
„საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, არსებობს საქართველო-ნატო-ს კომისია, არსებითი პაკეტი, ასევე პარტნიორობა და თანამშრომლობა, რომელსაც საქართველოსთან ვავითარებთ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაპ-ი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ კონკრეტულად რას გადაწყვეტენ ალიანსის წევრი სახელმწიფოები ვარშავის სამიტზე.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მაპ-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ნატო-ში მეტი საქართველო იყოს, საქართველოში კი - მეტი ნატო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.