საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო მისიებში და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები ნატო-ს კოლეგებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან.
„მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს ამ მისიებში კონტრიბუციისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა.
„საქართველო უახლოვდება ნატო-ს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მან საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა მიმოიხილა და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე, ასევე საწვრთნელი ცენტრის მუშაობაზე ისაუბრა.
„ეს ნატო-ს ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. ნატო საქართველოსთვის დახმარების გაგრძელების ერთგულია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნატო-ს წევრობა არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
„ჩვენ ვისაუბრეთ ვარშავის სამიტზე და თანამშრომლობის ფორმებზე, რომლებსაც ამ სამიტზე მივაღწევთ“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მან ნატო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ადმინისტრაციულ საზღვრებზე არსებული ვითარების შესახებ.
„ჩვენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დემოკრატიული პროცესების გაგრძელების ერთგული ვართ. საპარლამენტო არჩევნები გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.