დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, საქართველოში აშშ-ს სამხედრო წვრთნებისა და სწავლების ჩატარება მნიშვნელოვანია.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნატო-სთან დაახლოება საქართველოს უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს.
”ჯარების განთავსება რომ ყოფილიყო, ეს იმაზე მეტია, ვიდრე ნატო-ს წევრობა, მაგრამ წვრთნები არის ძალიან სერიოზული პასუხი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმ დღეებში მაინც, როდესაც აქ ამერიკული ტანკი შემოდის ან ამერიკული წვრთნები მიმდინარეობს, არ არის მოსალოდნელი ჩვენზე თავდასხმა. ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით მაქსიმალურად უნდა დავუახლოვდეთ ნატო-ს, რომ შეწყდეს საუბარი, თითქოს ნატო-სთან დაახლოება არის საფრთხის შემცველი. ნატო-სთან დაახლოება არის უსაფრთხოების გარანტია,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
აშშ-ს საქართველოში მუდმივი სამხედრო ძალების განლაგების გეგმა არა აქვს, თუმცა აპირებს, საქართველოში სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების ჩატარების ინტენსივობა გაზარდოს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ, მაიკლ კარპენტერმა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.