ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაცია წარმატებით გაიარა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაცია წარმატებით გაიარა

არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისზე“ საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა.

,,ჯორჯიან ეარვეის“ უფლება ენიჭება ერთი ცენტრალიზებული ნებართვით იფრინოს EASA-ს წევრ 32 სახელმწიფოში (ევროკავშირის 28 და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) 4 ქვეყანაში: ისლანდია, შვეიცარია,ლიხტენშტეინი, ნორვეგია).

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 2016 წლიდან EASA-ს ავტორიზებული ნებართვა სავალდებულო ხდება ნებისმიერი მესამე ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს იფრინოს ევოკავშირის ტერიტორიაზე (არა აქვს მნიშვნელობა ადრე ოპერირებდა თუ არა EU-ს ტერიტორიაზე). ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს სტანდარტებთან, ამასთანავე მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხობის ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე (სხვა ელემენტებთან ერთად ავტორიზაციის პროცესში ყურადღება ექცევა ICAO-ს აუდიტის დროს გამოვლენილ შედეგებს). ნებართვა ძალაშია, სანამ ოპერატორი აკმაყოფილებს არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორაზიციასთან დაკავშირებულ ევროპული რეგულაციის სტანდარტებს.

EASA-ს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის ქონა გააადვილებს „ჯორჯიან ეარვეისის“ ოპერირებას ევროპულ საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ავიაკომპანიის შემდგომ განვითარებას.