დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ და მისმა თანაგუნდელებმა დღეს იუსტიციის სახლში სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ იურიდიული რეგისტრაციის პროცედურისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჩააბარეს.
ვაშაძის თქმით, პოლიტიკური პარტიის საბოლოო რეგისტრაციისთვის საჭიროა ერთი თვე.
„ხარვეზის შემთხვევაშიც ამ ერთთვიან მონაკვეთში გვეცნობება, თუმცა ჩვენ ყველა დოკუმენტი კანონის შესაბამისად წარვადგინეთ და დარწმუნებული ვარ, უპრობლემოდ დავრეგისტრირდებით. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის რეგისტრაციის დაჩქარება არ ხდება. ეს საკითხიც აუცილებლად მოსაგვარებელია და შესაცვლელია. მანამდე კი ვაგრძელებთ ჩვეულ რიტმში მუშაობას: ვაყალიბებთ შტაბებს, ვხსნით ახალ ოფისებს, ვმუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე, ვხვდებით ამომრჩევლებს“, - განაცხადა ,,ახალი საქართველოს“ ლიდერმა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ის ქუთაისში მიემგზავრება და რამდენიმე დღეს დასავლეთ საქართველოში, მხარდამჭერებთან გაატარებს.