აჭარაში ვიზიტად მყოფი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში ამხანაგობა „თანადგომას“ სასათბურე მეურნეობას ეწვია.
ამხანაგობის წევრებმა სასათბურე მეურნეობა, რომელიც რამდენიმე სათბურისგან შედგება, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვის შემდეგ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.
ამხანაგობის თავმჯდომარემ, ლევან თავართქილაძემ ვიცე-პრემიერს ის სამუშაოები გააცნო, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებით განხორციელდა. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ის ტრენინგები, რომლებიც მიკრომეწარმოების პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
ამჟამად ამხანაგობა ადგილობრივ სასტუმროებს სხვადასხვა ბოსტნეულით ამარაგებს. მათ შორის, ისეთი მოთხოვნადი სალათით, როგორიცაა რუკოლა და აისბერგი. ვიცე-პრემიერმა სათბური დაათვალიერა, სადაც ამხანაგობის წევრები გეგმავენ მარწყვის წარმოებას და ამ მიზნით მათ უკვე შეიძინეს ნერგები და მოაწყეს სტელაჟები. ამხანაგობის მიერ მოწეული მარწყვი უკვე ბათუმის სხვადასხვა სავაჭრო და საკვების ობიექტებში იყიდება.