საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა დღეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის ძალიან მაღალი კლასი აჩვენა. ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი მარტივად მოსაუბრე შორსმჭვრეტელი ადამიანია.
”ალბათ ყველა დამეთანხმება, მათ შორის ჟურნალისტებიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს აჩვენა ძალიან მაღალი კლასი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის. მისი სიძლიერე მის სიმართლეშია. ეს არის მარტივად მოსაუბრე შორსმჭვრეტელი ადამიანი, რომელსაც გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. დღეს ბიძინა ივანიშვილის შეფასებები ყველა საკითხზე იყო ზუსტი და კრიტიკული, ორმხრივად ობიექტური. რაც მთავარია, რეალური და არა ვირტუალური. ძირითადი აქცენტები იყო გაკეთებული პასუხისმგებლობაზე, უპირველესად მმართველი გუნდის მხრიდან, ასევე, პოლიტიკური პარტიების, ჟურნალისტების, თითოეული მოქალაქის მხრიდან. ვეთანხმები ბატონ ბიძინას, რომ რთულია საზოგადოებას და ხალხს ელაპარაკო მაღალ მატერიებზე, დემოკრატიაზე, როცა ქვეყანაში ბევრს უჭირს, მაგრამ ქვეყანა დღეს სწორად ვითარდება და ამ მიმართულებიდან გადახვევა შეიძლება მნიშვნელოვნად საზიანო აღმოჩნდეს ქვეყნისათვის. ყველაზე მკვეთრი მესიჯი, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა არის ის, რომ თუ საზოგადოების დიდი ნაწილი მისდამი ნდობას კვლავ გამოხატავს, ის მზად არის გააგრძელოს აღებული პასუხისმგებლობა, თუარადა ის საკუთარ მომავალს გადახედავს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს სატელევიზიო ჟურნალისტებს შეხვდა.