ფრაქცია “რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, “ქართული ოცნება“ პარლამენტში დაახლოებით 95-ადგილს დაიკავებს, რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს.
როგორც ამასთან დაკავშირებით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული პოლიტიკური სისტემა ორპოლუსიანი აღარ არის. მისი თქმით, თუკი “ნაციონალურ მოძრაობას“ და “ქართულ ოცნებას“ ერთმანეთის მტრის ხატად წარმოჩენა სურთ, “ეს არის წარსული, რადგან ქართული პოლიტიკა დღეს გაცილებით წინაა, გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე იყო ადრე“.
“ბიძინა ივანიშვილმა პატივი დამდო და დღეს მახსენა. ჩემი და გიორგი კვირიკაშვილის პოზიციები პრეზიდენტისა და მისი ინსტიტუტის მიმართ აბსოლუტურად იდენტურია. ივანიშვილმა ეს თქვა, თუმცა სხვადასხვა აქცენტებით - რატომ იცავ ყოველთვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, ამაში მეკამათეო. დიახ, მე ინსტიტუტს ვიცავ, პრეზიდენტის ინსტიტუტი არც მტერია, არც მეგობარი - ის ინსტიტუტია. პრეზიდენტი გამიკრიტიკებია და დამიცავს, ინსტიტუტი არასდროს გამიკრიტიკებია. ძალიან საინტერესო იყო ბიძინა ივანიშვილის საუბარი. მან ბევრჯერ ახსება “ნაციონალური მოძრაობა“, ბევრჯერ ახსენა მისი პარტია “ქართული ოცნება“. სხვა პარტიების ხსენებას ის გაურბის. ჩემი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული, “ქართული ოცნება“ არის აწმყო და ჩვენ გვაქვს ყველა შანსი, გვქონდეს უკეთესი მომავალი. ქართული პოლიტიკური რეალობა არ არის ორპოლუსიანი - ახლა 2012 წელი არ არის, 2016 წელია და 5-7 პოლიტიკური პარტია იბრძოლებს პარლამენტში საკუთარი პოზიციების დასამკვიდრებლად. მაღალი ალბათობით ისინი მანდატს მიიღებენ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
აქვე მან აღნიშნა, რომ კარგი საარჩევნო სისტემის პირობებში, ყველა პოლიტიკური პარტია პარლამენტში შესაბამის მანდატს მიიღებს.