საარჩევნო სისტემის “გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით მომზადებული პროექტი მოიხსნა არა პარლამენტის, არამედ 8 ივნისის პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან, - ამასთან დაკავშირებით განმარტებას ფრაქცია “რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი აკეთებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ამასთან, როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, “ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივის მხარდაჭერაზე გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ეძლევა, რომლის შედეგად გამოჩნდება, “საჯარო, დეკლარირებული თანხმობა “გერმანულ მოდელზე“, თუ ოდესის გუბერნატორის სურვილი და დირექტივა“.
“ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ საკითხი ოთხშაბათის დღის წესრიგში არ იქნება. ჩვენ მივმართავთ “ნაციონალურ მოძრაობას“, “თავისუფალ დემოკრატებს“, “გირჩს“, “ფორუმს“ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას და ცალკეულ დეპუტატებს, ვინც პარლამენტშია წარმოდგენილი და დეკლარირებული აქვს “გერმანული მოდელისადმი” მხარდაჭერა - პროექტი არ იქნება ოთხშაბათის დღის წესრიგში და ის პარლამენტის დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია. დრო იქნება მიცემული, რომელიც დიდი არ იქნება. “ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე დღე მიეცემა, რომლის წარმომადგენელმა ლევან თარხნიშვილმა გუშინ “ქართული ოცნების“ ტექსტი გაიმეორა და თქვა, რომ თურმე “გერმანულ მოდელს“ კონსტიტუციურობასთან ჰქონია პრობლემა. ოდესის გუბერნატორი თუ ქართველი ხალხის მოლოდინი? - ამ დილემის წინაშე დგას “ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დეპუტაცია“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, “რესპუბლიკური პარტია“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის მინიმალური შანსი, რაც პარლამენტში კარგი საარჩევნო სისტემის მისაღებად არსებობს, ბოლომდე იყოს გამოყენებული.