ქიბარ ხალვაში ინტელექტუალური საკუთრების საკითხზე „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სააპელაციო სარჩელზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ სააპელაციო სასამართლოში განუცხადა, სადაც „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, ხალვაში საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და გადაწყვეტილებაც მასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.
როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, მათ არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი დაეკმაყოფილებინა.
„პირადად ჩემი პოზიცია იყო და ამის შესახებ ჩემს მარწმუნებელსაც ვესაუბრე, რომ არ გვქონდა საკმარისი მტკიცებულება, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოხდა მოწმეთა დაკითხვა და გარკვეული მტკიცებულებების წარსადგენად ვადის განსაზღვრა. ფაქტობრივად, ძალიან მცირე მტკიცებულებები გვქონდა სააპელაციო საჩივარში. შესაბამისად, მე ვერ ვხედავდი პერსპექტივას, რაც ვუთხარი კიდეც ჩემს მარწმუნებელს და მივიღეთ ერთობლივად გადაწყვეტილება, არ გავაგრძელოთ დავა ამ ნაწილში”, - განაცხადა სალიამ.
კითხვაზე, რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება გუშინ და არა გაცილებით ადრე, ადვოკატის თქმით, ამის სურვილი ადრეც ჰქონდათ, მაგრამ ქიბარ ხალვაში საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის ადვოკატების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოსამართლეებთან ერთად პროცესის დაჩქარებას და სასამართლო დავის დღეს დასრულებას ცდილობს, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ მას ”რუსთავი 2”-ისა და ძმები ყარამანაშვილების ადვოკატები არ აძლევდნენ საშუალებას სასამართლოსთვის ”რუსთავი 2”-ის სააპელაციო საჩივარზე საკუთარი პოზიცია გაეცნო და ცდილობდნენ მაქსიმალურად გაეჭიანურებინათ პროცესი.
„უნდა გენახათ, რა პირობებში მიწევდა საუბარი, მიწევდა ყვირილი იმისთვის, რომ ჩემი კოლეგების სამხმაში ერთად საუბარი გადამეფარა. მე სასამართლოს გადავეცი ჩემი პოზიცია, მეორე მხარეს კი არ აინტერესებდა ეს. უბრალოდ ხმამაღალი რეპლიკებით ცდილობდნენ ჩემი პოზიციის გაცნობისთვის ხელი შეეშალათ“, - განაცხადა პაატა სალიამ.
სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებული პროცესი დილიდან მიმდინარეობს. სხდომა შესვენების შემდეგ მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება.