სტატისტიკად ქცეული აგვისტოს ომი

სტატისტიკად ქცეული აგვისტოს ომი

[გეგა ბერიძე]
რუსმა ექსპერტებმა 2008 წლის აგვისტოში რუსული საბრძოლო ტექნიკის დანაკარგების შესახებ ანგარიში მოამზადეს. სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის მონაცემებით, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში დაკარგა ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი, სამი ტანკი, დაახლოებით 20 ერთეული მსუბუქი ჯავშანტექნიკა. ასევე რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა. ქართულმა არმიამ კი ძირითადი მატერიალური დანაკარგები განიცადა არა საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას, არამედ მას შემდეგ, რაც მისი სამხედრო ბაზები რუსულმა ჯარებმა დაიკავეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან მომხდარი კონფლიქტის დროს რუსული საბრძოლო ტექნიკის დანაკარგების შესახებ ანგარიში მოამზადეს.

„სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის მონაცემებით, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში დაკარგა ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი, სამი ტანკი, დაახლოებით 20 ერთეული მსუბუქი ჯავშანტექნიკა. ასევე რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა“, – წერს მედია.

რუსული მედია ასევე იუწყება, რომ რუსული მხარის დანაკარგების შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს გამოქვეყნებული იქნება კრებულში „ხუთდღიანი ომი“, რომელიც საზოგადოების ასპარეზზე მომავალ კვირას გამოვა.

სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორის რუსლან პუხოვის ინფორმაციით, ცენტრის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს ჩამოგდებულ იქნა ექვსი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, კერძოდ, სამი „სუ-25“, ორი „სუ-24“ და ერთი „ტუ-22მ3“. ამას გარდა, დადგინდა ისიც, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მოხდა ავიაკატასტროფა და ჩამოვარდა ორი თვითმფრინავი - „მი-8მტკო“ და „მი-24“.

რაც შეეხება სახმელეთო ტექნიკას, სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის მონაცემებით რუსეთმა დაკარგა სამი ტანკი – „ტ-72ბმ“, „ტ-72ბ“, „ტ-625“. ეს ტანკები პუხოვის თქმით, ქართული მხრიდან გახსნილმა ცეცხლმა გაანადგურა. განადგურებულია ასევე – ცხრა „ბმპ-1“, სამი „ბმპ-2“, ორი „ბტრ-80“, ერთი „ბმდ-2“, სამი „ბმდმ-2“ და ერთი „მტლბ-6“.

ამას გარდა, პუხოვი ასევე აცხადებს, რომ საარტილერიო და სატანკო დაცხრილვის შედეგად 8 აგვისტოს განადგურებული იქნა 20 ერთეული ავტოტექნიკა, რომელიც რუს მშვიდობისმყოფელთა ბატალიონის ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

მომდივნო დღეს, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყვა ათი სატვირთო ავტომობილი „გაზ-66“, 11 აგვისტოს ქართულმა ვერტმფრენებმა „მი-24“ მა დაცხრილეს სარტვირთო ავტომობილების კოლონა და ორი „ურალის“ ტიპის ავტომანქანა გაანადგურეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთს დღემდე არ გამოუქვეყნებია ოფიციალური მონაცემები თავისი ტექნიკის დანაკარგების შესახებ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საქართველოსთან ომის დროს. 2009 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურასთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა მონაცემები ამ კონფლიქტში ადამიანური დანაკარგების შესახებ – მათი მონაცემებით – კონფლიქტის დროს დაღუპულია 67 რუსი სამხედრო. ამავე დროს, ქართული მხრიდან, თბილისის მონაცემებით გარდაცვლილია 412 ადამიანი, მათ შორის 170 სამხედრო და 228 მშვიდობიანი მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ექსპერტებმა აგვისტოს ომის შედეგები გასული წლის ბოლოშიც შეაფასეს. როგორც სტატიათა კრებულის, „აგვისტოს ტანკების“ ავტორები აღნიშნავდნენ, ქართულმა არმიამ ძირითადი მატერიალური დანაკარგები განიცადა არა საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას, არამედ მას შემდეგ, რაც მისი სამხედრო ბაზები რუსულმა ჯარებმა დაიკავეს.

სტატიების კრებული რუსეთის სტრატეგიების და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრმა (ავტორები - მიხაილ ბარაბანოვი, ანტონ ლავროვი და ვიაჩესლავ ცელუიკო) გამოსცა. კვლევის ავტორები რუსეთსა და საქართველოს შორის „პირველი ოფიციალური შეიარაღებული კონფლიქტის“ დეტალებს დაწვრილებით განიხილავდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ „რუსეთის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები ამ ომის შესახებ სრულ სიმართლეს არ ამბობენ“.

„აგვისტოს ტანკები“ სამ ნაწილად არის დაყოფილი. პირველი ნაწილი ეძღვნება „ქართული არმიის რეფორმირებას ხუთდღიან ომამდე“. მეორე – ცენტრალური – სამხედრო მოქმედებების დაწვრილებითი ქრონიკაა. მესამე ნაწილში საუბარია „საქართველოში სამხედრო მშენებლობაზე ომში დამარცხების შემდეგ“. დამატებით მასალებში საუბარია მხარეების დანაკარგებზე და აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების „კეთილმოწყობაზე“.

აღნიშნული კვლევის შედეგად, აგვისტოს ომში რუსი სამხედროების დანაკარგების არაოფიციალური სია შედგა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს შეესაბამებოდა (74 დაღუპული და 170-ზე მეტი დაჭრილი). როგორც რუსულ „კომერსანტს“ კრებულის ერთ-ერთმა ავტორმა მიხაილ ბარაბანოვმა განუცხადა, „გაოცებას იწვევს ის, რომ საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთმა დღემდე დანაკარგების ოფიციალური სია არ გამოაქვეყნა. აქ დასამალი და სამარცხვინო არაფერია“.

კრებულის მიხედვით, ქართულმა მხარემ დაკარგა 170 მოკლული და უგზო-უკვლოდ დაკარგული, ჰყავდა 1800-ზე მეტი დაჭრილი. – „განადგურებულია არანაკლებ ათი ტანკი ტ-72, სამი სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-2 და ოთხი ვეტმფრენი (სამი მი-24 და მი-14ბტ), დანგრეულია საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა“.

საერთო ჯამში რუსული ჯარების და ოსი ე.წ. „აპალჩენცების“ ხელში აღმოჩნდა 65 ქართული ტანკი, 20-ზე მეტი ჯავაშანტრანსპორტიორი, ორი „კობრას“ ტიპის ჯავშანმანქანა, 10-მდე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანადგარი, რამდენიმე ათეული ტყვიამფრქვევი და საარტილერიო დანადგარი“.

ამასთან, როგორც „აგვისტოს ტანკების“ ავტორები აღნიშნავდნენ, „ქართულმა არმიამ ძირითადი მატერიალური დანაკარგები განიცადა არა სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას, არამედ მას შემდეგ, რაც მისი ბაზები რუსულმა ჯარებმა ხელში ჩაიგდეს“.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი კრებულის ავტორების თქმით, რუსული საბრძოლო ავიაციის დანაკარგები იყო. ამ კვლევის თანახმადაც, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგეს - სამი მოიერიშე (სუ-25სმ და ორი სუ-25ბმ), ორი საფრონტო ბომბდამშენი სუ-24მ და ერთი შორეული ზებგერითი ბომბდამშენი ტუ-22მზ.

ამასთან „სამი მათგანი (ორი სუ-25ბმ და სუ-24სმ) შეცდომით ჰაერსაწინააღმდეგო საკუთარი საშუალებებით იქნა ჩამოგდებული“. ვის მიერ იყო ჩამოგდებული მოიერიშე სუ-25სმ, რუს ექსპერტებს ამაზე პასუხის გაცემა უჭირთ. მაგრამ მათივე აზრით, ყველაფერი ისევ რუსულ ჯარებზე მიუთითებს. კიდევ ოთხი სუ-25 ძლიერ იყო დაზიანებული.

„სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ ასევე ჩამოვარდა და დაიწვა ვეტმფრენი მი-8მტკო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღემდე მხოლოდ ოთხი თვითმფრინავის (სამი სუ-25 და ტუ-22მზ) დანაკარგს აღიარებს. ქართული მხარე ამტკიცებს, რომ 21 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს“, – წერდნენ კვლევის ავტორები.

აგვისტოს ომის დასრულებიდან ორი წელიწადი გავიდა. ომის შედეგებზე არაერთი განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა. მათ შორის საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპულ სამხედრო თუ სამოქალაო პირთა შესახებ. თვითმხილველთა ნაწილი ყვება, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს ოფიციალურად დაფიქსირდა. ოფიციალური ქართული მონაცემებით, აგვისტოს ომის დროს დაიღუპა 224, უგზოუკვლოდ დაიკარგა - 15 და დაიჭრა 547 მშვიდობიანი მოქალაქე.

საბრძოლო მოქმედებებისას დაიჭრა 947 მებრძოლი, დაიღუპა - 161, 9 სამხედო მოსამსახურის ბედი კი, დღემდე გაურკვეველია. ომის პერიოდში, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროს 227 და დაიღუპა 11 თანამშრომელი. 3 პოლიციელს შესახებ ინფორმაციის მოპოვება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.