კაპიტულაციიდან კონტრშეტევამდე - როგორ შეიცვალა ტრამპის პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით

კაპიტულაციიდან კონტრშეტევამდე - როგორ შეიცვალა ტრამპის პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით

სამშაბათს, 24 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინის დერეფნებში დადგა ის მომენტი, რომელსაც ევროპელი დიპლომატები მოგვიანებით, „სიმართლის მომენტს“ უწოდებდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, Truth Social-ზე, დონალდ ტრამპმა პოსტი გამოაქვეყნა, რმაც რესპუბლიკელების ლოგიკა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, თავდაყირა დააყენა.

„მე მჯერა, რომ უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, მზად არის იბრძოლოს და გაიმარჯვოს, აღადგინოს მთელი უკრაინა, პირვანდელი სახით, - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა, Truth Social-ზე.

დიდი გარდატეხა

სულ რამდენიმე თვის წინ, თავად ტრამპი სრულიად განსხვავებულად ფიქრობდა. მისი თქმით, უკრაინას „არ აქვს კარტი“, დრო კიევის მხარეს არ არის და რუსეთი ომს იგებს - ეს იყო ამერიკელი პრეზიდენტის მთავარი არგუმენტები. ის დაჟინებით მოუწოდებდა ზელენსკის, მშვიდობის გამო, ტერიტორიულ დათმობებზე წასულიყო და მოლაპარაკებებისადმი „რეალისტურ“ მიდგომაზე საუბრობდა.

ახლა აშშ-ის პრეზიდენტი არა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებული, არამედ კიდევ უფრო შორს წავიდა: „უკრაინა შეძლებს, თავისი ქვეყნის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და, ვინ იცის, იქნებ, კიდევ უფრო შორსაც წავიდეს“, - წერდა ის, რითაც უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის მიტაცების შესაძლებლობაზე მიანიშნებდა.

კაპიტულაციიდან კონტრშეტევამდე 

რა მოხდა გაერო-ს შტაბ-ბინის იმ დარბაზში, სადაც ორი პრეზიდენტი შეხვდა ერთმანეთს? ოფიციალური ოქმის ყველა დეტალი არ საჯაროვდება, თუმცა ზოგიერთი რამ, შემდგომი განცხადებებიდან ხდება ცნობილი.

ტრამპმა ადრე აღიარა, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ მისმა იმედგაცრუებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა: „მეგონა, პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო, ომის შეჩერება ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ურთიერთობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

თუმცა, პირადი წყენა საკითხის მხოლოდ ემოციურ მხარეს წარმოადგენს. ტრამპი ყოველთვის ბიზნესმენი იყო და მისთვის ეკონომიკურ არგუმენტებს დიპლომატიურ ნიუანსებზე მეტი მნიშვნელობა აქვს.

ტრამპის თქმით, რუსეთში, ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები, ეკონომიკური სანქციები და ტექნოლოგიური იზოლაცია მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი არ იმარჯვებს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ უფრო ფუნდამენტური გაგებითაც: „პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლემებში არიან და ახლა უკრაინის მოქმედების დროა“, - წერს რესპუბლიკელი.

ტრამპის ომახიანი ომი

ევროპელ ლიდერებთან შეხვედრამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელსაც ადრე ტრამპის მიმართ გადაჭარბებული დათმობების გამო აკრიტიკებდნენ, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თავის დამშვიდების სტრატეგიაში მართალი იყო.

თვეების განმავლობაში, ის არწმუნებდა თავის ამერიკელ კოლეგას, რომ ომზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა.

მოსკოვში  ამ ამბავს მოსალოდნელი გაღიზიანება მოჰყვა. კრემლმა განსაკუთრებით მკაცრად მიიღო „ქაღალდის ვეფხვთან“ შედარება.

ტრამპის რომანი ზელენსკისთან

უკრაინის პრეზიდენტისთვის ტრამპის სიტყვები სასურველი საჩუქარი იყო: „თავად ტრამპი თამაშის წესების შემცვლელია“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს და ამერიკელი კოლეგის პოსტს „მნიშვნელოვანი ცვლილება“ და „ძალიან პოზიტიური“ უწოდა.

უკრაინის ლიდერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ომის დასრულების შემდეგ, ტრამპმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის პირობა დადო. ევროპელების აშკარა სისუსტის გათვალისწინებით, ისინი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის არიან, რომელთა გარანტიებსაც გარკვეული ღირებულება აქვს.

თამაშის ახალი წესები

ტრამპის მეტამორფოზა არა მხოლოდ რიტორიკის ცვლილებაზე მიუთითებს, არამედ კონფლიქტში ძალთა ბალანსის შეცვლის შესაძლებლობაზე. ნეიტრალური შუამავლიდან, ამერიკა კიევის აქტიურ მხარდამჭერად გარდაიქმნება და ამას უკვე პრაქტიკული შედეგებიც მოჰყვება.

ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს დაარღვევენ. მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს იარაღის მიწოდებას ნატო-ს მეშვეობით. ასევე, მოითხოვა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა სრულად უარი თქვან რუსულ ენერგორესურსებზე.

ეპილოგი - ერთი ადამიანის შეუპოვრობა

ტრამპის შემობრუნების ისტორია ნათლად აჩვენებს პირადი ურთიერთობების მნიშვნელობას დიდ პოლიტიკაში. თვეების განმავლობაში, ყველა დონის დიპლომატები ცდილობდნენ ამერიკელი პრეზიდენტის დარწმუნებას ეკონომიკური არგუმენტებით, სტრატეგიული მოსაზრებებითა და მორალური არგუმენტებით.

თუმცა, აქ უნდა დავაფასოთ ის ადამიანი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სამხედრო მანქანას და არაერთხელ გადაურჩა დანებებას. ამ კაცმა, უკრაინის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რას ნიშნავს, არ დანებდე მაშინ, როცა ყველაფერი შენს წინააღმდეგაა.

ტრამპისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება აღფრთოვანებული იყო ძლიერი პიროვნებებით, ზელენსკის პატიოსნება ნამდვილი აღმოჩენა იყო. მან ზელენსკიში დაინახა არა მთხოვნელი, არამედ, თანასწორი ლიდერი, რომელიც მზად იყო, ბოლომდე ებრძოლა თავისი ქვეყნისთვის.

წყარო: https://www.trtrussian.com/article/900c715af1e4