გადავწყვიტე ღია წერილით მიმემართა ჩემი იმ თანამემამულეებისათვის, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლა და საკუთარი არჩევანის გაკეთება რომ არ ინებეს.
„დავკარგე დემოკრატიისადმი ნდობა და არ მჯერა არჩევნების“; „ყველა კანდიდატი უვარგისია, ამიტომაც უარს ვამბობ ცრუ-არჩევნებზე მისვლაზე“; „ქართულმა ოცნებამ” არ გაამართლა ჩვენი იმედები, ივანიშვილის აღარ გვჯერა, არ მივალთ არჩევნებზე და აღარ მივცემთ მათ ხმას“; „მაინც გაყალბდება არჩევნები და რატომ უნდა მივიდეთ?“ - ასეთია, ჩემი აზრით, იმ ძირითადი არგუმენტების ჩამონათვალი, რითაც იმშვიდებს თავს პასიური ქართველი ამომრჩეველი.
შევეცადოთ გავაკეთოთ ზემოთაღნიშნული არგუმენტების მართლზომიერების ანალიზი.
უინსტონ ჩერჩილზე ჭკვიანი ადამიანი ცოტა იყო ისტორიაში. ამ დიდ და სიტყვამოსწრებულ ბრიტანელ პოლიტიკოსს კი ასეთ გამონათქვამს მიაწერენ: „დემოკრატია ყველაზე უარესი მმართველობის ფორმაა, მაგრამ მასზე უკეთესი ჯერ არ მოუგონიათ“.
ამიტომაც, ძვირფასო თანამემამულენო ჯერ მოიგონეთ დასავლური, წარმომადგენლობით/კონსტიტუციურ დემოკრატიაზე უკეთესი მმართველობის ფორმა და მერე გაირთეთ თავი დღევანდელი დემოკრატიის კრიტიკითა თუ არჩევნების ბოიკოტით.
დიახ, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის მაღალი სტანდარტებით საქართველო ვერ დაიკვეხნის, მაგრამ გამაგებინეთ ერთი, ამერიკელები ვართ, გერმანელები თუ ბრიტანელები? საიდან უნდა გაჩნდნენ საქართველოში ყველას მოსაწონი, დასავლური ქვეყნების დონის პოლიტიკოსები?
თუ საქართველოს მოქალაქეები ვართ და ჩვენ ქვეყანაზე გული შეგვტკივა, „ცაში ფრენას“ თავი დავანებოთ. დავჯერდეთ იმ არჩევანს, რომლის გაკეთებაც რეალურად შეგვიძლია და ამით ცოტათი მაინც წავადგეთ სამშობლოს, რომლის სიყვარულის გამოხატვა, სხვათა შორის, უკეთესია რელევანტური პოლიტიკური არჩევანის გაკეთების გზით ვიდრე სადღეგრძელოებით.
ახლა კი მათ მივმართავ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ნდობა საბოლოოდ რომ დაუკარგავთ და ჯინაზე არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში.
თქვენი აღშფოთება სამართლიანია, მაგრამ გამაგებინეთ ერთი, ბოლო წელიწად ნახევარში ისეთი რა მოხდა ახალი?
„ქართული ოცნება“ რა იყო მათი მმართველობის პირველი ოთხი წლის განმავლობაში ვერ გაიგეთ?
სამართლიანობა აღადგინეს ქოცებმა თუ ადეიშვილ/მერაბიშვილის ბანდის მიერ „ახეული“ ქონება დაუბრუნეს ხალხს? სამსახურიდან გაყრილ, მიშას მიერ ულუკმაპუროდ დატოვებულ ადამიანებს დაუბრუნეს სამსახური და ღირსება თუ „ნაცმოს“ კრიმინალურ ხროვას მოთხოვეს ჯეროვნად პასუხი?
არაფერი მსგავსი 2012 წლიდან 2016 წლამდე არ მომხდარა. პირიქით! „ქართულმა ოცნებამ“ კოაბიტაცია გამოაცხადა. პორტირებული და გარეწარი „ნაციონალებით“ გაავსო თავისი რიგები, რითაც სულში ჩააფურთხა საკუთარ ამომრჩეველს, რომელმაც მოიყვანა ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბერს.
რა უნდა ყოფილიყო ამის შემდეგ ქართველი ამომრჩევლების ლოგიკური და გონიერი პასუხი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? - ერთადერთი - მტკიცე უარის თქმა არჩევნებზე მხარდაჭერისათვის როგორც „ქართული ოცნებისათვის“, ისე „ნაციონალური მოძრაობისათვის“. შესაბამისად, ნდობის გამოცხადება მესამე - არაქოცური/არანაცური ძალებისათვის, რითაც რეალურ კოალიციურ მმართველობას გაეხსნებოდა გზა საქართველოში. მით უმეტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ (თავის ცრუ სატელიტებთან ერთად) და „ქართული ოცნების“ ალტერნატივა ყოველთვის იყო, არის და იქნება კიდეც ჩვენ ქვეყანაში.
მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა მონაწილეობდნენ: „პატრიოტთა ალიანსი“, „თავისუფალი დემოკრატები“ და სხვა პოლიტიკური გაერთიანებები.
ქართული რეალობიდან გამომდინარე ზემოთაღნიშნული პოლიტიკური ძალები ციდან ვარსკვლავს ნამდვილად ვერ ჩამოიღებდნენ, მაგრამ ქოც-ნაცებზე უკეთესები თუ არა, უარესები ნამდვილად ვერ იქნებოდნენ და რატომ არ უნდა მიცემოდათ მათ თუნდაც კოალიციურ მთავრობაში შესვლის შანსი?
მსოფლიო გამოცდილება ხომ გვაჩვენებს, რომ კოალიციური მთავრობა ყოველთვის უფრო დაბალანსებულია და დემოკრატიული?
ჩვენ კი რა ჩავიდინეთ?
„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩავუგდეთ ხელში, ერთადერთ ანგარიშ გასაწევ ოპოზიციურ ძალად კი სააკაშვილის ხროვა მივუჩინეთ. და ამის შემდეგ აქვს ვინმეს უფლება ხმა ამოიღოს საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტზე?
რას იზამ! ალბათ არც უნდა გაუკვირდეს ვინმეს ჩვენი ამომრჩევლების ახირებულობა. ელექტორატის უდიდესი ნაწილს ისინი არ შეადგენენ, რომლებმაც 1991 წელს ჯერ ზვიად გამსახურდია აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად, კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან სულ რამოდენიმე თვის შემდეგ კი ზუსტად ისეთივე ერთსულოვნებით პუტჩისტების სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეს ედუარდ შევარდნაძეს რომ დაუჭირეს მხარი?
ნამდვილად სასაცილოა ყველაფერი ეს სატირალი რომ არ იყოს.
დაბოლოს, ყელში ამოვიდა საუბარი არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე. ყველამ გაიგოს, რომ არჩევნებზე მიუსვლელობაა სწორედ ის შანსი, რომელსაც, ბოიკოტის გზით, ამომრჩეველი უგდებს ხელში პოტენციურ გამყალბებლებს, სააარჩევნო კომისიებში მოკალათებული უთვალავი პორტირებული და არაპორტირებული ნაციონალები იქნებიან ესენი თუ რეალური ქოცები.
დროა დავანებოთ თავი ქართველებმა ამპარტავნობას და ვაღიაროთ, რომ ჩვენი ელექტორატის დიდი ნაწილი პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებულია. ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან სამი ათეული წლის შემდეგ კი ჩვენი საშუალო სტატისტიკური მოქალაქის პოლიტიკური დონე არა თუ არ ამაღლდა, კატასტროფულად დაეცა. სწორედ ამის შედეგია გრიგოლ ვაშაძისა და ნაციონალური ხროვის ტრიუმფი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.
ასეა თუ ისე, აღარ არის საქმის გარჩევის დრო. უნდა დიარაზმოს სრულიად საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის. მეასეხარისხოვანია მოგწონთ თუ არ მოგწონთ სალომე ზურაბიშვილი. თუ დარჩებით ისევ სახლებში, გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს არჩევნებში და სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილისა და ახალაიების დაბრუნება ქართული პოლიტიკის სათავეში გარდაუვალი გახდება.
მოდით არჩევნებზე ქართველებო და მხარი დაუჭირეთ სალომეს, თორემ სულ ორიოდე წლის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით, რომ მიშა სააკაშვილსა და მის ავაზაკებს უამრავი ცოცხებისა და მათი ტარების დამზადება შეუძლიათ და არც ზემოთაღნიშნული ცოცხების ტარების არადანიშნულებისამებრ გამოყენება დავიწყნიათ.
გვიანი იქნება აღშფოთება და სინანული მაშინ, როდესაც ცოცხის ტარებით შეიარაღებული სააკაშვილის ზონდერები პოლიტიკური რევანშის პირუტყვული ჟინით გამხეცებულები შემოვარდებიან თქვენ სახლებში.
მეც თქვენი წერილის ერთ-ერთი ადრესატი გახლავარ.
დიდი მადლობა, რომ დაგვაფასეთ და ჩვენი მოქმედების ანალიზს ეს სტატია მიუძღვენით. ჩანს, თქვენ პატივს ცემთ ჩვენ გნწყობას.
რაც შეეხება, ჩემი არწასვლის მიზეზს (მეორე ტურში არ წავსულვარ, თორემ პირველად მაინც დავუჭირე ბატონ ანდრიაძეს მხარი. თუმცა, აწი ასეთი სისულელის განმეორებას აღარ ვაპირებ), გამომდინარეობს სწორედ 2016 წლის არჩევნებიდან. როგორ შეიძლება რომ ქალბატონ ბურჯანაძეს 2014 წლის არჩევნებში 10%-იანი მხარდაჭერა ჰქონოდა, ხოლო 2016 წლისათვის მხოლოდ 2% აეღო მაშინ, როცა მის პარტიაში არავითარი განხეთქილება არ მომხდარა? ან ხომ ცხადია, რომ ბატონმა თარხან-მოურავმა იმაზე რამდენჯერმე მეტი ხმა მიიღო, რაც დაუწერეს? ალბათ იმიტომაც შეუშვეს პარლამენტში, რომ არ შეერთებოდა ბურჯანაძეს და არ დაეწყო აქციები. თანაც მიიღეს კანონი, რომლითაც პარლამენტის წევრს აეკრძალა პოლიტიკური განცხადების გაკეთება, რათა პატრიოტებისთვის მაქსიმალურად შეეზღუდათ ტრიბუნა. და ეს არჩევნები კი არა, სპექტაკლია. ქოცები კეთილი პოლიციელის როლს თამაშობენ და ლამის საძინებელში შემოგვიცვივდნენ უკვე.
რაც შეეხება ჩერჩილის ჭკუას, გორბაჩოვს მეტი უნდა ჰქონოდა, რადგან უფრო ძლიერი იმპერია გაასხა, თუმცა ეს საკამათოა. თუ შემეხმიანებით გაგაცნობთ ჩემს წარმოდგენებს უკეთეს წყობაზე (goimibarbarosi@yandex.ru).
არჩევნების არსს რაც შეეხება სავსებით ვეთანხმები ბატონ (უფრო სწორად ამხანაგ) ბორის იულინს: ბმული />
ასე რომ, არ ამინტერესებს ეს სპექტაკლი და სრულიად ზედმეტად მიმაჩნია იმ დროის და სახსრების ხარჯვა, რაც არჩევნებში მონაწილეობას სჭირდება.
ღრმა პატივისცემით