ბოლო პერიოდში, რუსეთის მხრიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეები ხშირად ირღვევა, რასაც დასავლელმა ლიდერებმა უპრეცედენტო და მიზანმიმართული უწოდეს. ექსპერტთა ნაწილი კრემლის ერთგვარ მანევრირებას დაშინების პოლიტიკას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მოსკოვი ვითარების პროვოცირებას ცდილობს, რასაც გარკვეულწილად, შესაძლოა, ვითარების დაძაბვა და ესკალაცია მოჰყვეს. შესაბამისად, არ გამორიცხავენ იმას, რომ მსგავსი შემთხვევები რუსეთის მხრიდან კვლავ განმეორდეს, რასაც ევროპის შემხვედრი ნაბიჯებიც მოჰყვება საპასუხოდ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
„ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთმა ესკალაციის გზა აირჩია, გაზარდა თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და განახორციელა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეების დრონებითა და თვითმფრინავებით უპრეცედენტო და მიზანმიმართული დარღვევები. ეს ქმედებები აჩვენებს, რომ რუსეთი ერთადერთია, ვინც მშვიდობის პერსპექტივას ძირს უთხრის. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩვენ ერთად მოვუწოდებთ გლობალურ პარტნიორებს, გამოიყენონ მათი გავლენა და მოახდინონ მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს უკანონო ომი, იმუშაონ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა კალასმა.
ამასთან, მანვე განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავაც ურყევი იქნება.
„ვინარჩუნებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური კუთხით. მხარს ვუჭერთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო კანონს და გაერო-ს ქარტიას. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა მშვიდობის რეალობად ქცევას ისახავს მიზნად“, - დასძინა კალასმა.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თავად ევროკავშირში ლიდერთან განცხადებები ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის - ერთი ნაწილი რუსეთს ემუქრება საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო, მეორე ნაწილი კი აღნიშნავს, რომ რუსულ თვითმფრინავებს არ ჩამოაგდებენ, თუკი ისინი აგრესიულ ნაბიჯებს არ გადადგამენ. სალუქვაძის შეფასებითვე, არ არის გამორიცხული, კრემლმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჰაერო საზღვრების დარღვევის პრეცენდენტები გააგრძელოს.
„ნატო-ს განცხადებები, მათ შორის, აშშ-ს განცხადებები, ერთმანეთთან არ არის შეთანხმებული - მოვისმინეთ გაფრთხილებები - „თუ შემოფრინდებით, ჩამოგაგდებთ“, მოვისმინეთ მოწოდებებიც, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნის თანამდებობის პირები ნატო-სვე მოუწოდებდნენ, ჩამოეგდოთ დამრღვევი საჰაერო მიზნები. თუმცა, ასევე ვნახეთ მარკო რუბიოს განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის თვითმფრინავებს არ ჩამოაგდებენ, თუ ისინი აგრესიას არ განახორციელებენ. რუსეთსა და ნატო-ს შორის ოფიციალური ომი არ არის, მაგრამ მიმდინარეობს პროქსი ომი უკრაინის ტერიტორიაზე.
ამ ვითარებაში, ადრეც მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთი მსგავს ქმედებებს განახორხიელებდა, სულ მცირე, მოსაზღვრე სახელმწიფოების საჰაერო სივრცეში და ვნახეთ - ბალტიისპირეთი, პოლონეთი, რუმინეთი - გამორიცხული არ არის, სხვა ქევყნებშიც მოხდეს იგივე. ველოდები, რომ მსგავსი ფაქტები გახშირდება. სახიფათოა ეს ყველაფერი, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ხდება, რაც შესაძლოა, სერიოზულ ესკალაციაში გადაიზარდოს რუსეთსა და ნატო-ს შორის, როდესაც განხილვების თემად იქცევა. თანაც, ამას ემატება პროვოკაციები, შემდეგ უკვე ერთი ნაბიჯი რჩება რეალურ ქმედებებამდე.
უკვე მეოთხე წელია ვამბობ, რომ უკრაინას არასაკმარისად ეხმარებიან და თუ ასე გაგრძელდება „გამოზოგილი დახმარება“, ფრონტის ხაზზე არაფერი შეიცვლება უკრაინის სასარგებლოდ. თავი რომ დავანებოთ მთლიან ნატო-სთან დაპირისპირების შესაძლებლობას და რუსეთ-პოლონეთის შესაძლო საომარი მოქმედებები ავიღოთ, რუსეთს პოლონეთთან დაპირისპირება, ბელარუსის გავლით მოუწევს. მზად არის ბელარუსი ამისთვის?! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იქვეა მოსაზღვრედ რუსეთის კულტურული დედაქალაქი - სანკტ-პეტერბურგი, რომელსაც კარგი დღე არ ელოდება საომარი მოქმედებების შემთხვევაში. ამიტომ, არ მგონია, რომ ამაზე რუსეთი წამსვლელი იყოს. რუსეთი ცდილობს, ევროპა შეაწუხოს ისე, როგორც თავად წუხდება - საკმაოდ გახშირებულია უკრაინის მხრიდან დასახლებული პუნქტების დაბომბვა რუსეთის სიღრმეში და ვფიქრობ, ამის საპასუხოა ეს ყველაფერი“, - განგვიცხადა ამირან სალუქვაძემ.