„დედ ჰასანის შვილიშვილმა, ხუთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ, ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა“

„დედ ჰასანის შვილიშვილმა, ხუთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ, ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა“

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა. მკვლელობაში ბრალდებულის, გელა უძილაურის პროცესზე, ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხა. ტაქსის მძღოლი, ორი ექსპერტი და შსს თანამშრომელი რობიკო გოგიაშვილი, რომელმაც მის მიერ შედგენილ პატაკზე ისაუბრა და განმარტა, რომ კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ძმებ მიქაძეებს, ოთარ ფარცხალაძეს და ლევან ჯანგველაძეს საერთო ინტერესები და ამის ნიადაგზე, დაპირისპირება, საქართველოდან რუსეთში სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელების გადაზიდვასთან დაკავშირებით ჰქონდათ. 

„ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს, ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა - ე.წ. კანონიერი ქურდის, დედ ჰასანის შვილიშვილმა ასლან უსოიანმა, ხუთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ, ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს, ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. ძმები მიქაძეები, ლევან ჯანგველაძის წინააღმდეგ ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევან ჯანგველაძის ძმა „კანონიერი ქურდია“. შემდეგ, მკვლელობის ინიციატორად დასახელდა ე.წ. კანონიერი ქურდის დედ ჰასანის შვილიშვილი. ოპერატიული ინფორმაციით, დედ ჰასანის შვილიშვილმა, 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს, ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. ამის შემდეგად, შეირჩა გელა უძილაური, რომელიც კვალის არევის მიზნით, საბერძნეთში გაუშვეს, რათა კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო. საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, გიორგი ჯოხაძე „თბილისი თაუერთან“ შეხვდა უძილაურს. ამის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე მოკლა, რის შემდეგაც, უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა.

ოპერატიული ინფორმაცია მივიღე, რომლის მიხედვითაც, გიორგი კაჭკაჭიშვილი ძმები მიქაძეების დაჯგუფების წევრი იყო. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, მის ტელეფონში არის ინფორმაცია სანდრო წივწივაძის იარაღების შესახებ. ის ნერვიულობდა, რომ სამართალდამცავებს შეიძლებოდა მისი ტელეფონი ადვილად გაეხსნათ, რადგან პაროლად მისი დაბადების წელი ეყენა და იარაღების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, ამ იარაღებიდან ერთ-ერთით, გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე მოკლა“, - განაცხადა რობიკო გოგიაშვილმა.

სასამართლო პროცესზე სასტუმრო „ამბასადორის“ დაცვის უფროსიც დაიკითხა, რომელმაც ისაუბრა სასტუმროს კუთვნილი ავტომობილის საეჭვო ვითარებაში დაზიანებაზე, რა დროსაც ლევან ჯანგველაძე სასტუმროში იმყოფებოდა.

„დამირეკა დაცვის თანამშრომელმა და მითხრა, რომ სასტუმროს კუთვნილ მანქანას საქარე მინა ჰქონდა დაზიანებული. ეს ძალიან უცნაური იყო, ამიტომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყება მოვითხოვეთ. მეც დავინტერესდი და ვიდეო-კამერების ჩანაწერების დათვალიერება დავიწყე. კამერებში ჩანს, რომ მანქანის დაზიანებიდან რამდენიმე წუთში, ვიღაც პიროვნება ტიციან ტაბიძის სკვერიდან გამოდის. თუ მანქანა გასროლით დაზიანდა, ეს სწორედ აქედან უნდა ყოფილიყო. იმ პიროვნებას სახეზე ქურთუკი აქვს აფარებული და ქუდი ახურავს, ასევე, ამ დროს სასტუმროში, სწორედ ლევან ჯანგველაძე იმყოფებოდა“, - განაცხადა სასტუმრო „ამბასადორის“ დაცვის უფროსმა.

რაც შეეხება ტაქსის მძღოლს, მან კეკელიძის ქუჩიდან ბრალდებული უძილაური ვაზისუბანში, ერთ-ერთ მისამართზე მიიყვანა.

„ღამის 11-12 საათი იქნებოდა, როდესაც შეკვეთა მივიღე, თუმცა ბარნოვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაჩერა პიროვნებამ და მითხრა, ვაზისუბანში წამიყვანეო. ვუთხარი, რომ შეკვეთა უკვე აღებული მქონდა და ვერ წავიყვანდი, მაგრამ მითხრა, რომ ბებია მყავს ცუდადო. მის მდგომარეობაში შევედი და შეკვეთა გავაუქმე, რის შემდეგაც, ვაზისუბნისკენ გავემართეთ. ავტომობილში საუბარი არ გვქონია და არც ტელეფონით დაურეკავს. როდესაც მივიყვანე, 50 ლარი მომცა, რის შემდეგადაც, კვლავ გავაგრძელე მუშაობა. შემდეგ დამირეკეს პოლიციიდან, აინტერესებდათ, თუ რა მისამართზე მივიყვანე. ასევე, მათ ოთხი ფოტოსურათი მაჩვენეს, საიდანაც მივუთითე ის, რომელიც კეკელიძის ქუჩიდან, ვაზისუბანში წავიყვანე, თუმცა მისი სახელი და გვარი არ ვიცოდი“, - განაცხადა ტაქსის მძღოლმა.

ასევე, სასამართლო პროცესზე დაიკითხა ორი ექსპერტიც. როგორც ერთ-ერთმა ექსპერტმა ვალერიან მესხმა განაცხადა, პროკურატურის მიერ გადაცემულ ვიდეოებში ბრალდებულები - სანდრო წივწივაძე და გიორგი ჯოხაძე ჩანან. რაც შეეხება სასტუმრო „ამბასადორის“ ვიდეო-კამერების ჩანაწერს, სადაც პროკურატურის თქმით, გელა უძილაური ჩანს, ექსპერტი აცხადებს, რომ ჩანაწერებში სახე არ ჩანს, თუმცა სხვა ნიშნებიდან გამომდინარე, ვიდეოზე, სავარაუდოდ, გელა უძილაურია გამოსახული.

მეორე ექსპერტმა დავით გრატიაშვილმა, რომელმაც ვიდეო-ჩანაწერებში ფიგურანტი პირების ხმის ექსპერტიზა ჩაატარა, განაცხადა, რომ ერთ ვიდეოში, სანდრო წივწივაძის ნახევარძმის, ზურაბ ჯანიაშვილის ხმაა. მეორე ვიდეოში, ექსპერტის თქმით, მამუკა და ოთარ ბაღდავაძეების ხმებია ასახული, ხოლო მესამე ვიდეოში - გიორგი კაჭკაჭიშვილის ხმა ისმის.

შეგახსენებთ, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით, გელა უძილაურია დაკავებული. შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს, 23:30 საათზე, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა, ხალხმრავალ ადგილზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად, ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურის ადვოკატის განცხადებით, ამოცნობის ოქმები არის ძალიან საეჭვო და შაბლონური. ყველა ოქმი, მათ შორის ის გამოკითხვები, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვიზუალს აღწერენ, გამომძიებლების შემოქმედებაა. გიორგი გამხიტაშვილმა არც დაადასტურა და არც უარყო გელა უძილაურის „ამბასადორში“ ყოფნის ფაქტი. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, „ამბასადორის“ ეპიზოდთან მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.

„გამოიკითხა ბრალდების რამდენიმე მოწმე, მათ შორის ექსპერტი, რომელმაც „ამბასადორის“ კადრები შეისწავლა. სასამართლო განხილვის დროს, კითხვაზე გვიპასუხა, რომ იგი გელა უძილაურის „ამბასადორში“ ყოფნის ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს. „ამბასადორის“ ეპიზოდთან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. შესაბამისი ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე ადამიანმა ვერ გააკეთა დასკვნა და მეგობარი აკეთებს დასკვნას? აქ ისმის კითხვა, მის მიმართ ხომ არ ჰქონდა ადგილი დაკავების ან რაიმე სახის მუქარას ადგილი? პირდაპირ გეტყვით, ამოცნობის ოქმები არის ძალიან საეჭვო და შაბლონური. ყველა ამოცნობის ოქმი, მათ შორის ის გამოკითხვები, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ვიზუალს აღწერენ, ეს გამომძიებლების შემოქმედებაა“, - განაცხადა გიორგი გამხიტაშვილმა.

სკანდალური და ხმაურიანი საქმის პროკურორის განცხადებით, გამოკვლეულ იქნა სასტუმრო „ამბასადორის“ ვიდეო-კამერები, სადაც ექსპერტმა დაადასტურა, რომ გელა უძილაური თებერვალში, ლევან ჯანგველაძეს უთვალთვალებდა და მასზე ინფორმაციას აგროვებდა. ლევან ვეფხვაძის თქმით, პროცესზე დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს ვიდეო-ჩანაწერებში ფიგურანტი პირების ხმისა და გამოსახულების იდენტურობა.

„რამდენიმე მოწმე დაიკითხა, მათ შორის გამომძიებელი, რომელმაც უშუალოდ დააკავა გელა უძილაური, რომელსაც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა 17 000 ათასი ლარი. ასევე, გამოიკითხა ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მასალის იდენტურობა და მონაწილე პირების ხმის იდენტურობის საკითხი.

გარკვეული გარემოებების გამო, რომელიც ჩვენთვის უცნობია, შეწყდა პროცესი, თუმცა ბრალდების მხარეს კიდევ ჰყავს მოწმეები მოყვანილი, მათ შორის, ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლე, რომელთანაც ბევრი კითხვები აქვს ბრალდების მხარეს. ასევე გამოკვლეულ იქნა სასტუმრო „ამბასადორის“ ვიდეო-კამერები, სადაც ექსპერტმა დაადასტურა, რომ გელა უძილაური თებერვლის თვეში, ლევან ჯანგველაძეს უთვალთვალებდა და მასზე ინფორმაციას აგროვებდა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.