ქვეყანაში საავტომობილო გაზის მოხმარება სწრაფად იზრდება, მაგრამ უკონტროლოდ

ქვეყანაში საავტომობილო გაზის მოხმარება სწრაფად იზრდება, მაგრამ უკონტროლოდ

ქვეყანაში გაზის სისტემები და რეზერვუარები საერთოდ არ კონტროლდება, მოხმარება კი მზარდია. განსაკუთრებით აქტიურია საავტომობილო გაზის გამოყენება. რამდენადაც მისდამი ინტერესი იზრდება, მატულობს გაზგასამართი სადგურების, ცისტერნების, გაზმზიდების რაოდენობა. კონტროლი კი ნულოვანია, რასაც შეიძლება, ფატალური შედეგი მოჰყვეს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირისთავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილის თქმით, მზარდი მოხმარების პარალელურად, ფაქტობრივად, უკონტროლოა თხევადი გაზის მიმართულება.

ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ არ მოწმდება არც აირმზიდები, არც ტრანზიტული ტრანსპორტი და არც შიდა მოხმარება, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

ძალიან მოთხოვნადი ხდება თხევადი აირი. არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელი ევროპა გადადის ამ პროდუქტზე. უკვე საზღვაო ტრანსპორტიც თხევადი აირის გამოყენებაზე გადადის. მაგალითად, ევროპულ პორტებში გემი ვეღარ შევა მაზუთით და დიზელით. ასევე, სამგზავრო ტრანსპორტი და ავტომობილებიც მასობრივად გადადიან თხევად გაზზე. მაგალითად, თურქეთში ავტომობილების 85% თხევად აირზეა. ჩვენთანაც ძალიან ინტენსიურად იზრდება მისი მოხმარება.

თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ადრე ამ ყველაფერს აკონტროლებდა ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ დღეს ირკვევა, რომ ის გაზ საერთოდ აღარ ამოწმებს. ისმის კითხვა, მაშინ, ვინ აკონტროლებს? ვის იმედზე გვაქვს ქვეყანაში თხევადი აირის შიდა მოხმარება თუ ტრანზიტი? მხოლოდ ტექდათვალიერების დონეზე გვაქვს ეს მიშვებული. ამიტომ, აუცილებელია, რომ მიმდინარეობდეს გაზის სისტემების კვლევა და მონიტორინგი, მით უმეტეს, რომ ეს არის ცეცხლსაშიში პროდუქტი.

თუნდაც, იგივე გაზმზიდი, ან უბრალოდ ტრანზიტის მანქანები, რა ვიცით მათ შესახებ? როგორ აქვს ეს სისტემები მოწყობილი. რამდენიმე დღის წინაც ვნახეთ მუხიანში აფეთქება, მსგავსი შემთხვევა რამდენი იყო?!

გარდა ამისა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ მთელი საქართველო გაზიფიცირებული არ არის. შედეგად, ბევრი სოფელი, საწამო, ჯერ კიდევ იყენებს .. ბალონებს. 1976 წლის შემდეგ, ახალი ბალონები წარმოებაში არ ყოფილა, წარმოიდგინეთ, რა ბომბების წინაშე ვართ, ამ ძირგამომპალი ბალონებიდან გამომდინარე. ზოგს სახლში აქვს, ზოგი საწარმოში აკეთებს ამ ბალონებით საქმეს. ამიტომ, აუცილებელია შემოწმება. უნდა იყოს შესაბამისი სამსახური, რომელიც გააკონტროლებს და ამ მიმართულებით ნებართვები უნდა არსებობდეს, - განაცხადა იობაშვილმა.

კონტროლის მხრივ, ქვეყანაში ვითარება მართლაც სავალალოა, მით უფრო, რომ არ არსებობს ლაბორატორია, სადაც გაზის სისტემები, ან რეზერვუარები შემოწმება. არადა, ყველამ იცის, რომ შესაბამისი დანადგარები თუ აღჭურვილობა უკვე მოძველებულია, ზოგიერთს ექსპლუატაციის ვადაც კარგა ხანია გასული აქვს.

როგორც გაზის ხარისხის ექსპერტი ნოდარ რამიშვილი ამბობს, უცნობია, რა დონეზეა კონტროლი.

ქვეყანაში კონტროლი არ ხორციელდება და უსაფრთხოების კუთხით, ეს ძალიან დიდი გამოწვევ. რამდენადაც ვიცი, ბენზინის და დიზელის გარდა, ფაქტობრივად, არაფერი მოწმდება, შესაბამისად, არ ვიცით, თხევად აირზე მომუშავე ავტომობილისთვის როგორი ხარისხის საწვავი შემოდის და რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ ვინმე აპირებს შემოწმებას, სად აპირებს, ესეც უნდა ვიცოდეთ.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კრიტერიუმი, თუ რამდენი უნდა იყოს პროპანის და ბუტანის შემცველობები საწვავად გამოყენებულ აირშ. უჯერი ნახშირწყალბადებიც ლიმიტირებულია, რაც ასევე შესამოწმებელი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი დეტალებია, რაც თხევადი საავტომობილო გაზის  უსაფრთხოებას ეხება, - განაცხადა ნოდარ რამიშვილმა.