სუს-მა „ბიპი ტრანსის“ ხელმძღვანელები დააკავა - მიდის თუ არა კვალი ლილუაშვილამდე და ქარსელაძემდე

სუს-მა „ბიპი ტრანსის“ ხელმძღვანელები დააკავა - მიდის თუ არა კვალი ლილუაშვილამდე და ქარსელაძემდე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური კორუფციული სქემა გამოავლინა, რომლის ფარგლებშიც, მილიონობით ლარის მითვისებაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები. გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთსა და ონის მუნიციპალიტეტში ნაპირდამცავი სამუშაოების შესრულებას, სადაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები თაღლითურად იქნა მითვისებული.

სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს „ბიპი ტრანსის“ დირექტორი ვალერიან კვარაცხელია, კომპანიის ერთი თანამშრომელი და საზედამხედველო კომპანიის სამი წარმომადგენელი. ბრალი წარედგინა „ბიპი ტრანსის“ ყოფილ დირექტორსა და მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს, რომელიც ამჟამად მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. ირკვევა, რომ პაიკიძე სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.

ადვოკატების განცხადებით, ისინი ჯერ კიდევ ვერ გაეცნენ საქმის მასალებს, რომლებიც, დაახლოებით, 20 ტომს მოიცავს. პაიკიძის უფლებადამცველი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ბრალდების პოზიციას მას შემდეგ გაახმოვანებს, რაც სრულად გაეცნობა მტკიცებულებებს. დაკავებული იოსებ ჭანჭალეიშვილის ადვოკატი კი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

ვანის საკრებულოს აპარატის უფროსის, ტარიელ ბარამიძის თქმით, პაიკიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ სახელით, ადგილობრივი დეპუტატიც არის, ბოლო ორი თვეა სამსახურში არ გამოჩენილა. ოპოზიციაში ამ ფაქტს იყენებენ იმისთვის, რომ საუბარი წამოიწყონ ყოფილი მაღალჩინოსნების სავარაუდო ჩართულობაზე კორიფციაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს ორ მიზეზით იჭერს -ფულის მითვისებისა და ოპოზიციასთან შესაძლო თანამშრომლობისთვის.

კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე კი ამბობს, რომ ბიჭიკო პაიკიძე ლილუაშვილის „მოლარე“ იყო და გზების დეპარტამენტიდან ფულს უშუალოდ მასთან ამისამართებდა.

მიუხედავად ოპოზიციის ბრალდებებისა, ხელისუფლების პოზიცია მკაფიოა - კანონი ყველასთვის ერთია და თუ ძებნა ან გამოძიება საჭირო გახდება, იგი ყველა მაღალი თანამდებობის პირამდე მივა. უკვე არაერთხელ გაჟღერდა, რომ თუ კვალი სუს-ის ყოფილ უფროსამდე, გრიგოლ ლილუაშვილამდე, ან ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრამდე, ირაკლი ქარსელაძემდე მივა, საგამოძიებო უწყებები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავში, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, ბოლომდე შესრულდება.

„მთავარი მიზანია დანაშაულის გამოვლენა, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, დანარჩენი - ინტერპრეტაციებია. თუ აქ იყო ვინმეს ზურგი, დაინტერესდება საგამოძიებო უწყება. რაც შეეხება კორუფციას, კორუფცია არის ნებისმიერ სახელმწიფოში. ფინეთშიც კი, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, იქაც კი არის კორუფცია. რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ის პირობა იქნება პირნათლად შესრულებული და ამ პირობის შესრულებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი.

გარდა იმისა, რომ წარსულში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ, მთავარი პირობა, რასაც გაძლევთ, არის ის, რომ მთავრობა განაგრძობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობას. მე შემიძლია მივმართო ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოსს, არაპოლიტიკოსს, ნებისმიერს, ამოიღონ წელიწადნახევრის განმავლობაში გამოცემული ნებისმიერი აქტი, ყველაფერი არის გამჭვირვალე. თუ ნახავენ კორუფციის ერთ ნიშანს მაინც, რომელიმე აქტში, მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას“, - განაცხადა პრემიერმა.

ამ ფაქტებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კორუფციასთან ბრძოლა რეალურად მიმდინარეობს და პოლიტიკური განცხადებების მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა თანაბარია - იქნება ეს, რიგითი მოხელე, თუ ყოფილი მაღალჩინოსანი.       

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან ამბობს, რომ კორუფცია იყო და ყველგან არის, მისი აღმოფხვრა ძნელია, თუმცა სახელმწიფოსთვის კორუფცია ყველაზე დიდ საფრთხეს ატარებს. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რაღაც ხარისხის შემდეგ, შესაძლოა, კორუფცია ხელისუფლებისა და სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევად იქცეს. მისი აზრით, ეს გამოწვევა „ოცნებამ“ მიიღო და მასთან სერიოზული ბრძოლა გამოაცხადა.

„საქართველოში კორუფციამ სადამდე მიიყვანა ქვეყანა და ხელისუფლება, 2003 წელს, ეს ძალიან კარგად დავინახეთ - უკონტროლო კორუფციამ როგორ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ხალხი და თავად სახელმწიფო. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს ადამიანები აფინანსებდნენ ოპოზიციას და ისინი იყვნენ მოწადინებულები ამ ხელისუფლების დამხობით. მათი მიზანია, რომ ფულის მოპარვისა და კორუფციის დამალვის გამო, სწორედ ოპოზიციასთან ითანამშრომლონ. ხომ ფაქტია, რომ ასეთი მოქმედებები ჩანს. ასევე, უცხოელებისთვის კორუმპირებული ფიგურები უფრო ადვილად მოწყვლადები არიან. „კაგებე“-ს ქსელი სწორედ ასე იქმნებოდა , კორუფციაში გასვრილი ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკი ყველაზე ადვილი სამიზნე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის არის. ამ ადამიანებს კომპრომატების ყველაზე მეტად ეშინიათ. ხელისუფლება ახლა იმიტომ გააქტიურდა, რომ კორუფციულმა ჯგუფებმა სახელმწიფოს საფრთხე არ შეუქმნან“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ვხედავთ, რომ უცხოეთიდან მთელი რიგი საპროტესტო აქციები ფინანსდება. საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ასეთი დაინტერესების ფონზე, არაა გამორიცხული, უცხო ქვეყნებმა ისინი გადაიბირონ.

„4 ოქტომბერი რატომღაც ძალიან საეჭვოდ გახდა პოლიტიკური ფოკუსირების ეპიცენტრი. ეტყობა, ვიღაცები ძალიან ჩქარობენ და იმაზე მეტად დაინტერესებული პირები არიან საქმეში ჩართულები, ვიდრე ეს პოლიტიკურად გაბანკროტებული ოპოზიციაა. ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი, ვხედავთ, ციხეში ზის და იქ შეაფარეს თავი. აბა, მაშ, ვინ აგულიანებს ამ რევოლუციურ ამბებს? როგორც ჩანს, ვიღაცებს 2028 წლამდე მოთმენა არ უნდათ და რაღაც ძალიან აჩქარებთ. მე ამ ორ პროცესს - კორუფციის დაკავებების თემას და 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის ძახილს - ნამდვილად ვაკავშირებ ერთმანეთთან. ამიტომ, არ მიკვირს ხელისუფლების სიფრთხილის. ასევე, არც ის, რომ წინასაარჩევნოდ ასეთი არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო. პირიქით, ეს ხელისუფლების გამბედაობასა და იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად სურთ კორუფციის აღმოფხვრა და სულაც არ ერიდებიან იმას, რომ ისინი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან“, - ამბობს საყვარელიძე. 

 

 

ლევკოთეა ჩემთვის კი, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხმა ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედებები და კორუფციასთან ბრძოლის მიზეზით კი არა, სწორედ ამ არასწორი არჩევანისთვის გაიწეწებიან.
ისე, ერთი რამე არ მესმის. როცა ჩასვრილი ხარ, ხელისუფლებას რა ,,პონტში" ეჭიდავები? ,,კამეჩთან მებრძოლ ხარს, რქები არ შერჩებაო".
3 საათის უკან
გიული გუბაზაძე. ლილუაშვილი გახლავთ ალენ დალესისა და ედგარ გუვერის ნაზავი,თუმცა გვინით და ზღაპრული ნიჭიერებით ორივეს აღემატება! ლილუაშვილზე თქვა ერთმა ქართველმა - “სხვაგან ჰქრის მისი გონება, მისმა თავისმა წონამან”-ო! ლილუაშვილს ტყუილად არ ააქვს უნიკალური სიდიდის თავი(75 ზომა)!!!🧐
1 საათის უკან