საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეტერ ფიშერი დატუქსა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეტერ ფიშერი დატუქსა

ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს. ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. კონვენციას, რომელიც დიპლომატისთვის მთავარი სახელმძღვანელოა, საქართველოში მოქმედი ელჩების უმრავლესობა არ აღიარებს. ბოლო ორი წელია, დიპლომატები განსაზღვრავენ ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგს და არ სცნობენ ხელისუფლების ლიგიტიმაციას.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა აშშ-ის ბოლო ორი ელჩი, თუმცა  აშშ-ი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, შეიცვალა საელჩოს მოქმედების სტრატეგიაც. სამაგიეროდ, მეტისმეტად აქტიურობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები. სწორედ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მოტივით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა და ელჩს დიპლომატიური ურთიერთობების ანა-ბანა შეახსენა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას. ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით, სიძულვილის ენის გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა. შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად. საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს.

გერმანელმა დიპლომატმა უწყება კომენტარის გარეშე დატოვა. მოგვიანებით, განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში, ახალ, დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დააკისრა. ელჩმა ისიც კი განაცხადა, რომ მას უწყებაში არ მოუსმინეს.

„საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი „დაბარება“. გერმანიისთვის დეტალურად უარვყავი ჩემს წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში, ახალ, დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დავაკისრე, რაც ქმედებებითა და რიტორიკით გამოიწვიეს და ბლოკავენ ევროკავშირისკენ გზას. არ მომისმინეს. რადიკალი არ ვარ. გერმანია მეგობრად რჩება“, - დაწერა პეტერ ფიშერმა.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა გერმანიის საგარეო უწყებამაც, სადაც აღნიშნულია, რომ კატეგორიულად გმობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ და მის უსაფუძვლო დაბარებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით.

განცხადება გაავრცელა 27 ქვეყნის საელჩომ, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია.

„ჩვენ არცერთ პარტიას არ ვუჭერთ მხარს - განცხადებები ჩვენს მიერ ძალადობის მხარდაჭერის შესახებ, სიმართლე არ არის. მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ. ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გერმანიის ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ზომა, რადგან ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე.

„ეს არის ჩვეულებრივი, დიპლომატიური ზომა. თუ სურვილი ექნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეტალურ კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, რომ ჩრდილი მიაყენოს ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას.

„ესეც ის შემთხვევაა, როდესაც საინტერესო აღარ არის კონკრეტულ ელჩზე კომენტარის გაკეთება. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო, რომ ევროპული ბიუროკრატიის უარყოფითი სახე ჩანს ასეთ შემთხვევაშიც. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი. ამაზე მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებდი, უბრალოდ, არ ვთვლი საჭიროდ.

რაზეა საუბარი, როდესაც გამოვიდა ევროკავშირის პრეს-სპიკერი, ევროპული ბიუროკრატიის სახე და პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის აქციას, სადაც საუბარია დამხობაზე. ამაზე მეტი რადიკალიზმის მხარდაჭერა რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა. ყველაფერზე მეტყველებს ფაქტები. ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის რადიკალიზმის წახალისება, პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, პოლარიზაციის წახალისება, საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ქართულ საზოგადოებაში, ასეთი განცხადებების ფონზე, მცირდება ნდობა ევროკავშირის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პეტერ ფიშერმა პირადად დაწვა ყველა ხიდი საქართველოს ხელისუფლებასთან: „ვიცი, რომ მომავალი წლის ივნისამდე არის საქართველოში მისი ყოფნის ვადა. სხვათა შორის, მას ვადა გასდიოდა ახლა, ზაფხულში და გაიხანგრძლივა ერთი წლით. მე არანაირი მოლოდინი რამე დადებითის მიმართულებით არ მაქვს. თვითონაც კარგად იციან, როცა ვსაუბრობთ, რომ საქართველო პატარაა, ყველა ყველას იცნობს და გერმანულენოვანი საზოგადოებაც არ არის დიდი, ვიცით მისი პირადი დამოკიდებულება - მას აქვს პირადი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ და მისი ამომრჩევლის მიმართ. ასე, რომ ჩვენ ამას ვერ შევცვლით. გერმანიის მთავრობას თუ უნდა, რომ წარმოადგენდეს, რა თქმა უნდა, ეს მათი ნებაა და მათი ელჩი არის. თუმცა, მე ვთქვი კიდევაც, რთულად წარმომიდგენია ამ ელჩის პირობებში, რომ მან რაიმენაირად შეძლოს საერთო ენის გამონახვა. ფაქტობრივად, ის ყველას თავს ესხმის, მთავრობა, პარლამენტი, ჟურნალისტი, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იქნება, თუ რაც იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის შეფასებით, დასავლეთი ვერ გვპატიობს, რომ სუვერენული ქვეყნის ხელისუფლება „ბედავს“ ევროპული ცივილიზაციის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნის ელჩის დაბარებას. ქართველიშვილი თვლის, რომ გერმანიის ელჩის აქამდეც უნდა დაებარებინათ და ამის მიზეზად ის ფაქტიც მიიჩნია საკმარისად, როდესაც რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე, გერმანელი დეპუტატი მიხაილ როთი, სხვა უცხოელ კოლეგებთან ერთად, საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა.

„რა არის დასავლეთის „აღშფოთებული შეშფოთების“ საგანი - ვერ გვპატიობენ იმას, რომ მესამე სამყაროს „ვერშემდგარი სახელმწიფოს დახარვეზებული ხელისუფლება“ ბედავს ევროპული ცივილიზაციის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას. ჩვენ მივმართავთ უწყინარ დიპლომატიურ ნაბიჯს, რომელიც გაწერილია ამა თუ იმ ქვეყანის საელჩოებთან ურთიერთობების ფორმაში.

როდესაც ვენის კონვეციაზე მიდის საუბარი, მაგონდება ფილმი „თარგმანში დაკარგულები“ და მექმნება შთაბეჭდილება, რომ მათ ჰგონიათ, ჩვენ კითხვა არ ვიცით და ვენის კონვეციას დედანში ვერ ვკითხულობთ. შესაბამისად, არ ვიცით, რა ევალებათ ელჩებს და რა ეკრძალებათ მათ, ან ეჭვი მაქვს, რომ ჰგონიათ, ქართულად არ ითარგმნება სწორად აღნიშნული კონვეცია“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად, დიპლომატის დაბარების პრეცენდენტი დაფიქსირდა, როცა საგარეო უწყებამ ბრიტანეთის ელჩი დაიბარა და მას კითხვები დაუსვა. თუმცა, აქვე ისიც დასძინა, რომ პრეტენზიების გამოთქმის გარდა, არსებობდა იმის პრეცენდენტი, როცა 2022 წელს, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოს პოზიცია დაიცვა, როდესაც ქვეყანას რუსეთთან აკრძალული პროდუქციის გადასატანად შავი ხვრელების არსებობაში ადანაშაულებდნენ.

„სადაც შეგვიძლია, ჩვენ ყოველთვის ვაქებთ ელჩებს, მაგრამ როცა კითხვები გვაქვს, სად დავიბაროთ - ვაკის პარკში, თუ საგარეო საქმეთა სამინისტროში? და, რა, დასაბარებლები არ იყვნენ აქამდე? რამდენი მათი დეპუტატი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვიხილეთ რუსთაველზე, რომლებიც პირდაპირ დგებოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდებებით. იგივე მიხაილ როთის გამო, ერთხელ მაინც არ იყო პირდაპირ დასაბარებელი ბატონი ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში?“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.