მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში ერთგვარი „განხეთქილების ვაშლი“ გახდა, პარტიების ნაწილი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა გაერთიანებასა და საერთო ფრონტის შექმნაზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. თუმცა, ანალიტიკოსთა გარკვეულ ნაწილი თვლის, რომ ეს შედეგს არ მოიტანს და ვერც რამე უპირატესობას ჰპოვებს მმართველ პარტიასთან მიმართებაში. მეტიც, დღეს ოპოზიციური სპექტრი დაყოფილია და მიზეზი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა გახდა - გამოსავალი იქნებოდა წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნა ერთიანი ძალით, ოპოზიციის სრული შემადგენლობით და არჩევნებში მონაწილეობა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ყველა პროდასავლურ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, საპროტესტო ჯგუფებს შესთავაზა, დროზე დაიწყონ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, „სადაც ერთიანობა ნიშნავს საერთო ბრენდს და ერთიან ფრონტს ივანიშვილის წინააღმდეგ“. მისი შეფასებით, დრო აღარ იცდის, ხალხი მათ გაერთიანებას ითხოვს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიცია მსგავსი ინიციატივით გამოდის, თუმცა ამას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. მისი თქმით, ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შექმნა არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის და ხალხს ვერ დარაზმავს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ძაბირაძის განმარტებითვე, ბოიკოტი და არჩევნებში არმონაწილეობა ამ ვითარებაში გამოსავალი არ არის.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, თავად ვაშაძის მხრიდანაც უკვე მერამდენე მოწოდებაა ოპოზიციისადმი, მაგრამ ამჯერად ის საუბრობს მხოლოდ იმ რვა პარტიაზე, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ წინააღმდეგობის ცენტრი უნდა შეიქმნას, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რა უნდა აკეთოს ამ წინააღმდეგობის ცენტრმა, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას მოუწოდოს არჩევნებზე არ მივიდეს. თუ სხვა არაფერია გასაკეთებელი და არაფერს ფიქრობენ, მაშინ, რა აზრი აქვს ამის შექმნას? ცალ-ცალკეც მშვენივრად მოუწოდებენ თავიანთ ამომრჩეველს და ერთადაც. ეს არ შექმნის ილუზიას იმისა, რომ ისეთი ახალი გაერთიანება შეიქმნება, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის შეცვლა შეუძლია.
ერთადერთი, რაც ქვეყანას წაადგებოდა, ყველა ოპოზიციური პარტიის არჩევნებში მონაწილეობა იქნებოდა, თუნდაც თბილისში, ოპოზიციას ჰქონდა წარმატების რეალური შანსი. ამასთან, ეს იქნებოდა იმის დემონსტრირებაც, რომ ოპოზიციური საზოგადოება ამ პროცესში ორგანულად ჩაერთვებოდა. დღეს საზოგადოება არ არის მზად მასობრივი და პერმანენტული აქციები დაიწყოს ქუჩაში, მაგრამ მზად არის იმისთვის, რომ ამ არჩევნების პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ეს ოპოზიციას საშუალებას მისცემდა, რომ საკუთარი ელექტორატი გამოეყვანა იმ ვითარებიდან, რომელშიც ის არის, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა აირჩია მეორე ვარიანტი, დარჩეს იგივე მდგომარეობაში.
ამ შემთხვევაში, გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს გაერთიანება, ან როგორი იქნება ბოიკოტი, როგორც ბრძოლის იარაღი. ბრძოლაში ჩართულობა იქნებოდა ის, თუ ოპოზიცია ამ არჩევნებშიც მიიღებდა მონაწილეობას და იბრძოლებდა გამარჯვებისთვის. შედეგი, სულ მცირე, ის იქნებოდა, რომ საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები აიძულებდა ხელისუფლებას გაეყალბებინა არჩევნები და ეს იმდენად აშკარა იქნებოდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, რომ ხელს შეუწყობდა საზოგადოებას უფრო ქმედითი მოქმედებისკენ. არ ვთვლი, რომ ბოიკოტი არის ბრძოლის საშუალება“, - განგვიმარტა ვახტანგ ძაბირაძემ.
კიდევ ერთი ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მსგავსი განცხადებები „ქარის წისქვილებთან“ ბრძოლაა.
„ეს განცხადება ემსახურება იმას, როგორმე, მის პატრონებს მიანიშნოს, რომ ის იმ ოთხი კედლიდანაც იბრძვის იმისთვის, რასაც მისი პატრონები უსახავენ, თუმცა ვაშაძის ბრძოლა არის „ქარის წისქვილებთან“ ბრძოლა. ვაშაძის ფიქრების განხორციელებას არავითარი საფუძველი საქართველოში არ აქვს და ეს არის უსაქმო კაცის ფიქრები. ვერ შეიქმნება ვერანაირი ცენტრი, რადგან მათ არ აქვთ იდეა. ესენი არიან იმ დავალების შემსრულებლები ფულისთვის, რასაც მათი პატრონები გარედან აწვდიან. ამიტომ, ისინი საქართველოში ვერაფერს განახორციელებენ, ეს იდეა ძირშივე განწირულია“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.geს-სთან ინტერვიუში.
ოგბუნუჯუ რომ არჩევნებს მოგიგებს, ხომ უნდა დაიხურო ქუდი და პოლიტიკიდან წახვიდე ნამუსიანი ადამიანი.