აშშ-ის ულტიმატუმის ვადა რუსეთს 3 სექტემბერს ეწურება - გადაიკვეთება თუ არა ტრამპი-პუტინის გზები მანამდე, ჩინეთში

აშშ-ის ულტიმატუმის ვადა რუსეთს 3 სექტემბერს ეწურება - გადაიკვეთება თუ არა ტრამპი-პუტინის გზები მანამდე, ჩინეთში

უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით, აშშ- პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმედები და პროგნოზები არ გამართლდა. ტრამპმა ვერც ომი შეაჩერა და ვერ უკრაინისა და რუსეთის ლიდერები - ვოლოდიმ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი დასვა მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ ფონზე, აშშ-ის ლიდერის მოთმინების ფიალა იწურება, ამიტომ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის  უმაღლესი რანგის შეხვედრის ორგანიზებისთვის, რუსეთის ლიდერს 50-დღიანი ვადა დაუწესა. ამ ვადის ამოწურვამდე, ანალიტიკურ წრეებში, ნაკლებად ელოდებიან რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების პაკეტის ამოქმედებას ამერიკის მხრიდან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არც ის არის გამორიცხული, რომ აგვისტოში მართლაც ვიხილოთ ეს შეხვედრა, თუმცა რამდენად ნაყოფიერი და შედეგის მომტანი იქნება, ეს ცალკე საკითხია.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რუსეთთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს. მარკო რუბიოს შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტიიმედგაცრუებულია, რომ ვლადიმერ პუტინთან კარგ სატელეფონო საუბრებს, საბოლოოდ, არაფერი მოაქვს“. მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს, რუსეთის მხრიდან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.

მოქმედების დრო მოვიდა და პრეზიდენტმა ეს ნათლად განაცხადა. ის მოთმინებას კარგავს, რომ რუსეთის მხრიდან, ამ ომის დასასრულებლად ნაბიჯების გადადგმას დაელოდოს. ეს მისი ომი არ არის, მაგრამ მისი დასრულება სურს. ჩართულობის უმეტესი ნაწილი დროის მოგებისა და გაყვანის ტაქტიკაა, რათა ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, რომ მშვიდობის მიღწევით დაინტერესებულები არიან, მაგრამ სერიოზულად არ არიან განწყობილები. დონალდ ტრამპი იმ მახეში არ გაებმება, რომ დაუსრულებელ მოლაპარაკებებში ჩაერთოს, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე 3 სექტემბრამდე, პუტინის და ზელენსკის შეხვედრას არ გამორიცხავს, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რამდენად შედეგიანი იქნება, რასაც მსოფლიო ლიდერები ელოდებიან:

ეს ერთგვარი, ტრამპის პოზიციის შეხსენება არის და განცხადებით კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთს ის ვადა, რომელიც ტრამპმა გაახმოვანა და მხარეებს მოუწოდა, მივიდნენ შეთანხმებამდე - ეს ვადა იწურება 3 სექტემბერს და იქამდე, ამერიკის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ ველოდები, მით უმეტეს, არ არის გამორიცხული, რომ სექტემბრის დასაწყისში, ტრამპი და პუტინი გადაიკვეთონ კიდეც, ჩინეთის ტერიტორიაზე.

ბოლო პერიოდში, უკრაინის მხარე ხშირად ახმოვანებს ზელენსკი-პუტინის შეხვედრის მოთხოვნას. სტამბოლში, მესამე რაუნდის დროს, რუსეთმა გასცა პასუხი, რომ მსგავსი შეხვედრის მომზადებას დიდი სამუშაო სჭირდება. ამ პასუხიდანაც ჩანს, რომ პუტინი არ არის წინააღმდეგი, ზელენსკის შეხვდეს. მოლაპარაკებების სამი რაუნდის დროს, შეთანხმებების მომზადება ვერ ხდება, მოლაპარაკებები შედეგს ვერ დებს, ეს მიუთითებს არა მხოლოდ იმაზე, რომ რომელიმე მხარეს არ უნდა ომის გაჩერება, მიუთითებს პრობლემის სირთულეზე და ასეთ სიტუაციაში, უმაღლესი პირების შეხვედრა იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის.

მხარეებს ურთიერთსაპირისპირო პოზიციები აქვთ და სწორედ ამის გამო, ისინი ვერ თანხმდებიან, რა მნიშვნელობა აქვს, პირველი პირები შეხვდებიან ერთმანეთს, თუ მათი ნდობითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი დელეგაციები?! ეს არის რთული საკითხი და გამოსავლის პოვნა ძნელია. არ არის გამორიცხული, 3 სექტერამდე მომზადდეს მსგავსი შეხვედრა, მაგრამ არ მგონია, ამ შეხვედრამ რამე სერიოზული მოიტანოს. თუმცა, მსოფლიო თანამეგობრობის სერიოზული ჩარევის გარეშე, ეს კონფლიქტი ვერ გაჩერდება, მხოლოდ ტრამპის ძალისხმევაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი და დავინახეთ, რომ ევროპაში სხვა პოზიციებზე დგანან წამყვანი ქვეყნების ლიდერები, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ, For.ge-სთან ინტერვიუში.

ამ პროცესთან დაკავშირებით კი კრემლის პოზიცია ასეთია: რუსეთის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კიევთან ურთიერთობის პრინციპები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულების შემდეგ უნდა განისაზღვროს. მისი თქმით, ომის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობების თემაახლა თეორიული საკითხია“.

პირველ რიგში, ჯერ პრობლემა უნდა მოვაგვაროთ და იმ ამოცანების შესრულება უნდა დავაფიქსიროთ, რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინაშე იდგა. ჩვენთვის ამის გაკეთება პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით იყო სასურველი და სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმ პირობებში გრძელდება, როდესაც ამ საშუალებების გამოყენება შეუძლებელი გახდა, როდესაც დიალოგის შესახებ ყველა წინადადება უარყოფილია, როგორც თავად უკრაინის, ასევე დასავლეთის მიერ.

თუ მოსაგვარებალდ დიპლომატიურ არხზე გადასვლას მოვახერხებთ, მაშინ ეს ჩვენთვის სასურველი ვარიანტი იქნება, მაგრამ ჯერ სიტუაცია უნდა მოვაგვაროთ და შემდეგ ვიფიქროთ იმაზე, როგორ აშენდება ურთიერთობები“, - აღნიშნა პესკოვმა.