„გორბის“ უახლესი კვლევით „ქართული ოცნება“ ლიდერობას ინარჩუნებს, ოპოზიციის რეიტინგი კი კრიტიკულად დაბალია. საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებულმა უახლესმა გამოკითხვამ, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით განხორციელდა, ცხადჰყო, რომ საზოგადოება არ იზიარებს ოპოზიციის მტკიცებებს 2024 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ და მათ რადიკალურ ტაქტიკას მიუღებლად მიიჩნევს.
კვლევის ფარგლებში, 22 ივნისიდან 5 ივლისამდე, პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 2 300 ადამიანი გამოიკითხა. შედეგების თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 56.2%-ზე მეტი აცხადებს, პარლამენტის არჩევნები ამ კვირაში რომ ტარდებოდეს, ხმას სწორედ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა. ეს მაჩვენებელი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის რეიტინგის ზრდას მოწმობს საპარლამენტო არჩევნებიდან ცხრა თვის შემდეგ.
„ქართული ოცნების“ რეიტინგთან შედარებით, ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაბალია. მეორე და მესამე ადგილებს 10.7%-ით - „ლელო - ძლიერი საქართველო“ და 10%-ით - „გახარია საქართველოსთვის“ იკავებენ. მომდევნო პოზიციებზე არიან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ (გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“) - 9.5%-ით და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 7.5%-იანი მხარდაჭერით. „გირჩი“ 3.2%-ს იღებს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1.8%-ს,ხოლო სხვა პარტიებს - 1.1% უჭერს მხარს.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის რეიტინგის შემცირება უცხოური დაკვეთების შესრულებამ და მუდმივმა ბოიკოტმა განაპირობა. „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ის, როგორც გამოწვევების ფონზე ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გამტარებელი პარტია, ალტერნატივის გარეშეა.
„გორბის“ კვლევის თანახმად, მაღალია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. გამოკითხულთა 91% ენდობა ჯარს, 70% - პოლიციას. მაღალია ნდობა ადგილობრივი თვითმმართველობის, მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტისა და სასამართლო სისტემის მიმართაც. გამოკითხული მოქალაქეების 62%-იანი მხარდაჭერა, პარლამენტის სპიკერის თქმით, კიდევ ერთი დასტურია, რომ საზოგადოება პარლამენტის რეფორმების მხარდამჭერია. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსში აღნიშნავს, რომ ეს შედეგი ბრიუსელისთვის მორიგი შეხსენებაა, რათა პატივი სცეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, ხალხის ნებას და ხალხის მანდატით მიღებულ კანონმდებლობას.
როგორც საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, „გორბის“ კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს იმ პოლიტიკურ განწყობებს, რაც დღეს საქართველოშია, მათ შორის იმასაც, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალური ალტერნატივა და რეალური პოლიტიკური ოპონენტი არ ჰყავს.
„საზოგადოებაც და პოლიტიკური პარტიები უნდა დარწმუნდნენ და გაიაზრონ, რომ საზოგადოებას არ აინტერესებს რადიკალიზაცია. საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთა არ არის რადიკალიზაცია და ქუჩაში პოლიტიკის გადატანა. პირიქით, მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესია პოლიტიკის სახელმწიფო ინსტიტუტებში მოქცევა და ცივილურ ფორმებში პოლიტიკის წარმოება და მათ პრობლემებზე ზრუნვა. ეს არის ძირითადი, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა ნახოს და გაითავისოს. არ ვართ დარწმუნებულნი, რომ მათი დიდი ნაწილი ამ მოცემულობას გაიაზრებს, მაგრამ ფაქტი ერთია, დღეს საზოგადოების დაკვეთა არის არა რადიკალიზაცია და საზოგადოებაში შუღლის ჩამოგდება, არამედ პირიქით, პოლიტიკის წარმოება მაქსიმალურად ცივილურ ფორმებში“, - ამბობს ის.
მახაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება არჩევნებთან დაკავშირებით იმას მოწმობს, რომ „ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ვერ მოახერხა მოსახლეობის მოტყუება და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ისეთი ფორმით, სადაც შეიძლება, არ ყოფილიყო ასახული მოსახლეობის პოლიტიკური ნება და განწყობები“.
ოპონენტები „გორბის“ კვლევის შედეგებს არ ენდობიან. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე „გორბის“ ტყუილისა და სიყალბის გავრცელებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ „რუსული რეჟიმის და გამყალბებელი ორგანიზაცია „გორბის“ მიზანია, მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე და ასევე, დათესოს დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე“.
კუპრაძე ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის დამარცხება ნებისმიერ არჩევნებში გარდაუვალია და ამის მაგალითად მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა მოაქვს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თუ „გორბის“ სურვილი იყო, „ქართული ოცნებისთვის“ მეტი ქულა დაეწერა, მაშინ 52%-ზე მაღალ ციფრს დააფიქსირებდა. თუმცა, მისი შეფასებით, კვლევაში მოცემული შედეგები დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ზუსტად ასახავს.
„ჩემთვის ეს შედეგები სანდოა, მით უმეტეს, რომ რეალობა ზუსტად ასეთია. მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიციის მიერ წარმოებული ბოიკოტის აბსურდული ტაქტიკა თავიდანვე მიუღებელი იქნებოდა საზოგადოებისთვის. მოგვიანებით ვიხილეთ, როგორ ჩამოიშალა მათი სტრატეგია, რის შედეგადაც ლიდერებმა საკუთარი ნებით გადაწყვიტეს ციხეში წასვლა. ფაქტობრივად, მათ ციხეს შეაფარეს თავი. არცერთმა მათმა ნაბიჯმა არ იმუშავა - არც ქუჩის აქციებმა და არც დასავლეთის ზეწოლამ ხელისუფლებაზე. „ოცნებამ“ შეძლო საზოგადოების დარწმუნება, რომ ამ დაპირისპირებაში სწორედ ის იყო მართალი, რაც მშვენივრად ჩანს ამ კვლევებშიც. ამიტომ, ეს მონაცემები რეალობასთან ძალიან ახლოსაა“, - აცხადებს საყვარელიძე.
მისი თქმით, ოპოზიციამ წააგო ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ მას პირწმინდად უგებს.
„ოცნებამ“ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო, მათ შორის, დასავლეთთან მიმართებითაც. ამ დამოუკიდებელმა სტრატეგიამ ხელისუფლებას ბევრი მომხრე შესძინა. ოპოზიციამ კი, პირიქით, თავისი სტრატეგია დასავლეთის წრეების ნება-სურვილზე ააწყო და დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ დასავლეთის დახმარებით, „ოცნება“ შეეცვალა. ეს სტრატეგია დამღუპველი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის, ვინაიდან ამ სტრატეგიის ფარგლებში, დასავლეთმა ოპოზიციას ისეთი ნაბიჯები დაუკვეთა, რომლებიც „ოცნებისთვის“ წამგებიანი იყო.
დასავლეთისთვის კი მომგებიანი, რადგან ოპოზიცია თავის კოლეგებთან ბრძოლის იმიტაციას ქმნიდა და მათ ატყუებდა, თითქოს აქ ხალხის დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ. ამ ტყუილებმა კი სწორედ ამ შედეგებამდე მიიყვანათ. ამიტომ მე, მაგალითად, მიკვირს, როცა ითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას. რაში სჭირდება ახლა ოპოზიციას ახალი არჩევნები, როცა მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, - ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება ოპოზიციის ნარატივს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ახალი არჩევნებისთვის ემზადება და ეს კვლევა ერთგვარი ნიადაგის მოსინჯვაა, საყვარელიძე მათ მოსაზრებას არ იზიარებს. მისი აზრით, ამით „ოცნება“, ჯერ ერთი, ამომრჩეველს დაკარგავს, ხოლო მეორე მხრივ - ეს 2024 წლის არჩევნების სავარაუდო გაყალბების აღიარება იქნება.