ლიეტუვას სანქციები საქართველოს წინააღმდეგ - ისტორიული ბოღმა თუ გეოპოლიტიკური შიში

ლიეტუვას სანქციები საქართველოს წინააღმდეგ - ისტორიული ბოღმა თუ გეოპოლიტიკური შიში

ლიეტუვას მიერ ქართველი მოსამართლეებისა და „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებამ საქართველოში მწვავე რეაქციები გამოიწვია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამ ფაქტს „ბალტიისპირეთის პოლიტიკური ელიტის ბოღმა“ უწოდა. მეტიც, მიაჩნია, რომ ამ ქვეყნების პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისევ საბჭოთა კავშირშია ჩარჩენილი, რადგან მათი გადაწყვეტილებები მხოლოდ კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შემდგარ პოლიტიკურ ელიტას ახასიათებს. ეს განცხადება სვამს კითხვას, თუ რა დგას ბალტიისპირეთის ქვეყნების გააქტიურებული პოზიციის უკან, საქართველოსთან მიმართებაში და რატომ არიან ისინი ევროპარლამენტში საქართველოს მაქსიმალურად დასჯის მომხრეები.

ამჯერად, ლიეტუვას მიერ სანქცირებულთა სიაში ცხრა ქართველი მოქალაქე მოხვდა, კერძოდ: ნინო გალუსტაშვილი (მოსამართლე), ჯვება ნაჭყებია (მოსამართლე), ირაკლი შვანგირაძე (მოსამართლე), მარი მეშველიანი (პროკურორი), ნათია თათიაშვილი (პროკურორი), სულხან თამაზაშვილი („ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი), მარიამ ლაშხი („ქართული ოცნების“ დეპუტატი), ნინო წილოსანი („ქართული ოცნების“ დეპუტატი) და რაჟდენ კუპრაშვილი (ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი). ასევე, ცნობილია, რომ ლიეტუვას არასასურველ პირთა სიაში საქართველოს 102 მოქალაქე ჰყავს შეყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას მხრიდან სანქციები საქართველოს მიმართ, არახალია. 2024 წლის დეკემბერში, სავიზო სანქციები დაუწესდა ბიძინა ივანიშვილს, შემდეგ ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ კიდევ 16 წარმომადგენელს. ამასთან, სანქციების სიაში მოხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც. 2025 წლის მარტში კი ლიეტუვამ დაასანქცირა საქართველოს 74 მოქალაქე, მათ შორის, მოსამართლეები და პროკურორები. ეს ქრონოლოგია მიუთითებს ბალტიისპირეთის ქვეყნების თანმიმდევრულ და მკაცრ პოზიციაზე საქართველოს მიმართ.

„თურმე, რა ბოღმას ატარებდა ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ქართველების მიმართ, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლიეტუვას მიერ ქართველი მოსამართლეებისა და „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებას.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების გაღიზიანება რუსეთის შიშით არის გამოწვეული. მათი ლოგიკა მარტივია: უკრაინის შემდეგ, კრემლის მთავარი სამიზნე თავად ისინი იქნებიან. სწორედ ამიტომ, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ყურადღება სხვა მიმართულებით იყოს გადატანილი. საქართველოს „დასჯის“ მცდელობა და მისი რუსეთის ფოკუსში მოქცევის სურვილი, არეშიძის აზრით, ამ შიშის პირდაპირი შედეგია.

„ბალტიისპირეთის ქვეყნები, განსაკუთრებით ლიეტუვა, მიჩვეულნი არიან საქართველოს, როგორც „ყურმოჭრილი მონის“ აღქმას, როგორიც, მათი წარმოდგენით, სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო. საქართველოს ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება მათთვის გამაღიზიანებელია. ეს „გაღიზიანება“ ვლინდება ევროპარლამენტში მათ აქტიურობაში, სადაც ისინი საქართველოს მაქსიმალურად დასჯის მომხრეები არიან. რადგან ევროკავშირის მასშტაბით, ფართო სანქციების დაწესება ვერ მოხერხდა, ისინი საქართველოს „დასჯას“ ინდივიდუალური სანქციების სახით ცდილობენ“,- ამბობს არეშიძე.

არეშიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები რთულია და ისტორიულ კონტექსტს მოკლებული არ არის.

„მიუხედავად იმისა, რაც ორივე მხარემ საბჭოთა იმპერიისგან განიცადა, მათ განსხვავებული გამოცდილებები და რეაქციები ჰქონდათ. ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც უფრო მტკიცედ იყვნენ ინტეგრირებული დასავლურ სტრუქტურებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს „ნელ“ პროგრესს აღიქვამენ, როგორც რუსეთის გავლენის შენარჩუნების ნიშანს.

ამას ემატება გეოპოლიტიკური რეალობა - რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ და მუდმივი საფრთხე რეგიონში, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს აიძულებს გაამკაცრონ პოზიციები ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც, მათი აზრით, შესაძლოა, რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეს, ან მოსკოვთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდეს. საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც ხშირად არ ემთხვევა დასავლეთის ხედვას, მათთვის „წითელი ხაზის“ გადაკვეთად შეიძლება აღიქმებოდეს“, - ფიქრობს კონფლიქტოლოგი.

მამუკა არეშიძის აზრით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავარი მიზანი საქართველოს „დამორჩილებაა“. მათ სურთ, რომ საქართველო მკაცრად მიჰყვეს დასავლეთის დირექტივებს, რათა გამოირიცხოს მისი რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების ნებისმიერი შანსი. ეს მიდგომა, არეშიძის თქმით, არის მცდელობა, თავიდან აიცილონ ის, რაც მათ საკუთარ უსაფრთხოებას ემუქრება - რუსეთის გავლენის გაფართოება. მათი ქმედებები მიმართულია საქართველოს დასჯაზე, რათა ეს სხვა ქვეყნებისთვის გაკვეთილი იყოს და არ გაბედონ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება, რომელიც, მათი აზრით, დასავლური ნორმებისგან გადახვევაა.

„ამგვარად, ლიეტუვას სანქციები საქართველოს მიმართ, სავარაუდოდ, არ არის მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი. ეს არის რთული გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, სადაც ისტორიული გამოცდილებები, უსაფრთხოების შიშები და პოლიტიკური მოლოდინები ერთმანეთშია გადახლართული“, - ამბობს არეშიძე.

 

 

ლაზი ბალტიის რესპუბლიკების წარმომადგენლები, ქართველების მიმართ ბოღმიან განწყობას არც საბჭოთა პერიოდში მალავდნენ. ძნელად თუ მოიძებნება იმდროინდელი მეგობრობის მაგალითები, კონკრეტულ ქართველებსა და ბალტიისპირელებს შორის. ვიღაცებს რომ იქ სასწავლებლად მიყავდათ შვილები, მაგაში მეგობრობის არაფერი იყო. უბრალოდ იოლი იყო უმაღლესში მოწყობა და ზოგჯერ ფულის კეთებაც.
ყოვეთვის იფხორებოდენ, მაგრამ ვერაფერს ბედავდნენ. ახლა, ახალ კავშირში შეყვეს თავი და მას იყენებენ ძველი (ალბათ სტალინის დროინდელი)
ნაწყენობის გამო შურისძიებისათვის, რაშიც აქაური, მათსავით ქართველთმოძულე ბოღმიანები ხალისით ეხმარებიან.
12 საათის უკან