კახა კალაძე თუ მისი წონის სხვა პოლიტიკოსი - ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თბილისში?

კახა კალაძე თუ მისი წონის სხვა პოლიტიკოსი - ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თბილისში?

პარლამენტის წევრის, ლევან მახაშვილის ურთიერთგამორიცხავმა განცხადებებმა გაამყარა ვერსია იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებაში“ მერობის კანდიდატზე შეჯერებული არ არიან. ვინ იქნება თბილის მერობის კანდიდატი, ეს 31 ივლისს გახდება ცნობილი, როდესაც მმართველი გუნდი თბილისელებს წარუდგენს მერობის კანდიდატს. არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს დედაქალაქის მოქმედ მერს, კახა კალაძეს. მისი თქმით, თბილისზე ძალიან ბევრი შეუძლია ისაუბროს, რადგან ყველა პრობლემა ვიცით, რაც უნდა მოგვარდეს და რა უნდა გაკეთდეს. 

„გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან და ეს არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი სიძლიერე. ერთადერთი პარტია, ვისაც რეალურად გააჩნია კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს, თუნდაც დედაქალაქში და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - აცხადებს კახა კალაძე.

ამ განცხადების შემდეგ ცხადი იყო, რომ კალაძე იქნებოდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მაგრამ უმრავლესობის წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებამ ცხადჰყო, რომ გუნდში საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„კახა კალაძეს გამოხატული აქვს ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი, თუმცა დაველოდოთ პროცედურების დასრულებას - რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს“, - ეს განცხადება ლევან მახაშვილი გუშინ დილით გააკეთა. რამდენიმე საათში, მორიგი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი განცხადება შეგნებულად დაამახინჯეს.

„ჩვენ ვხედავთ ორწუთიან, თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით. სინამდვილეში, ბატონ კახისთან დაკავშირებით სრული ერთსულოვნებაა გუნდში. კახა კალაძე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი, რომელსაც რეალური პოლიტიკური ოპონენტი არ ჰყავს, სწორედაც წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი მაგარი საქმის და მოსახლეობისადმი ერთგულების გამო“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, რომლის შეფასებით, კალაძისნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო - არაფრისგან ვითომ პიარი, რადიკალების მხარეს... „ინტერესით კვდებიან“, ვის დაასახელებს მმართველი პარტია. მხოლოდ იმის გამო, რომ ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს და პოლიტიკური კულტურა, ტრადიცია არსებობს, რომ დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან, ერთკვირიანი „დაბნეულობისთვის“ ქართან ფლირტი გადაწყვიტეს... არადა, კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, კახი კალაძეს აქვს ძალიან კარგი დადებითი თვისება და ბევრი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ მან უნდა იყაროს კენჭი „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ იმავდროულად, არსებობს რისკები და პირველ რიგში, ეს რისკებია ვადა.

„მესამე ვადით ხდება მერი და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, პრობლემაც იყოს ამ მიმართულებით - ზედმეტი ხომ არ არის მესამე ვადა? შეიძლება, სწორედ ეს კითხვა გაჩნდეს ამომრჩეველთა ნაწილში. განახლების საკითხია, ხომ არ სჯობს, ვინმე ახალი კანდიდატი შეირჩეს. თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ, ობიექტური თვისებებით რომ ავწონ-დავწონოთ, რასაკვირველია, კალაძეს რთულად თუ მოეძებნება კონკურენტი. ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამას საკმაოდ სკრუპულოზური შერჩევა დასჭირდება“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია მერობის ახალ კანდიდატს დაასახელებს, დავით ზარდიაშვილი გვიხსნის, რომ ეს არ უნდა იყოს კახი კალაძეზე ნაკლები კვალიფიკაციისა და პოლიტიკური წონის ფიგურა, მაგრამ რამდენად არის ამის რესურსი, საკითხავი, აი, ეს არის:

„ვნახოთ, რა მოხდება საბოლოო ჯამში. თუმცა, არის პრობლემა და უდაოდ თვალი უნდა გავუსწოროთ ამ პრობლემას, რომ მესამე ვადით იგივე კანდიდატის დასახელება უკვე არც ისე სასურველი შეიძლება იყოს. ამ თვალსაზრისით, არის ეს საფიქრალი, თუმცა ცალსახა პასუხი არ არის. ძალიან ბევრი არგუმენტია კალაძის სასარგებლოდ და იგივე არგუმენტიც სერიოზულია, რომელიც მესამე ვადით მის არჩევას ეხება - ვფიქრობ, უკვე განახლებული გუნდი სჭირდება ქალაქის მერიას და ეს დემოკრატიაში ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი და იგივე კანდიდატი რომ არ „ჩაბეტონდეს“ და ერთი და იგივე პირი არ იყოს ქალაქის პირველი ფიგურა, სწორედ აქედან გამომდინარე, უნდა დავფიქრდეთ. რომელი არგუმენტი გადაწონის, ამ შემთხვევაში, წინასწარ ძნელი საპროგნოზოა. მივანდოთ გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, დავით ზარდიაშვილმა.

 

ლევკოთეა ჯერ ერთი, ოცნებამ ბოლო საპარლამენტო არჩევნები რომ წააგო თბილისში, ლომის წილი კალაძეს აქვს მაგაში.
მეორე, სტატიაშიც წერია, რომ ხალხს ცვლილებები უნდა. კალაძე კი არა, ჩერჩილი არ აირჩია ბრიტანეთმა მოგებული ომის მერეც კი. დიდხანს რომ არ ყოფილიყო ერთი ადამიანი პოლიტიკურ პოსტზე.
და მესამე. არაა კალაძე ისეთი კრისტალი, რომ ამომრჩეველის იმედი ჰქონდეს ოცნებას თბილისის არჩევნებზე.
ოპოზიცია კი ისეც იყვირებს, არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ თუ კალაძეს წამოაყენებს ოცნება კანდიდატად, არჩევნების მერე არგუმენტირებულად აყვირდება ოპოზიცია. არაა კალაძე არჩევნების მომგები პატიოსან ბრძოლაში.
9 საათის უკან
თომა პირადად მე არ წავალ არჩევნებზე კალაძის გამო, ხელაძე ვერ მოაშორა ნაძალადევს მკვდარზე ვენოკი, თემქაზე ხევი გაკეთეს და ისიც არ არის დასრულებული მხოლოდ ეს აქვთ სალაპარაკო, კანალიზაციის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სუნად ყარს მთელი უბანი, დანგრეული გზები და მომვლელი პატარა სკვერები და კიდევ რამდენი რამეა უყურადღებოდ.
3 საათის უკან
კანუდოსელი თბილისის მერია რომ იხრჩობა კორუფციაში, კალაძის ლომის წილია, საძოვარზე მიშვებული საქონელივით მისცა უფლება ყველას ეჭამათ და ეთქვლიფათ. კალაძე მეორე არჩევნები ძლივს მოიგო და ახლა მესამეს საერთოდ ვერ მოიგებს. გაუშვით კალაძეს სამტრედიაში თავისი მოადგილეებიანად და რაიონების გამგებლებით. კალაძემ მოჭამა თავისი და ჯობია დაისვენოს.
2 საათის უკან