საფრანგეთი პალესტინის აღიარებისთვის ემზადება

საფრანგეთი პალესტინის აღიარებისთვის ემზადება

სექტემბერში, პარიზი პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს. ამგვარად, საფრანგეთი გახდება პირველი მსხვილი დასავლური ძალა, რომელიც პალესტინის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად ნაბიჯს გადადგამს. თუმცა, საინტერესოა, რას ნიშნავს აღიარება პრაქტიკაში და რა შედეგები მოჰყვება მას?

ისტორიული მომენტი

ამჟამად, პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს 193 წევრიდან 147-მა აღიარა. მათ შორის არიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, კერძოდ, ესპანეთი და პოლონეთი, ასევე რუსეთი და ჩინეთი. შესაძლოა, ამ სიას შემოდგომაზე საფრანგეთიც დაემატოს. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზადაა, გადაწყვეტილება ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოაცხადოს.

„ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, - დაწერა პოლიტიკოსმა სოციალურ მედიაში. მან ასევე დასძინა, რომ ღაზას მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარება, რეგიონში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და ყველა მძევალი გათავისუფლდეს.

პალესტინურმა მხარემ მაკრონის განზრახვას „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, პარიზის მაგალითს მიჰყვნენ. ავსტრიაში პალესტინის ელჩმა და ვენაში, გაერო-ში მუდმივმა დამკვირვებელმა, სალაჰ აბდელ შაფიმ აღიარა, რომ ფრანგული მხარის აზრს ბელგიის ხელისუფლება და სხვა ევროპული ქვეყნებიც იზიარებენ. შესაძლოა, მათ თავიანთი გადაწყვეტილება 28 ივლისს, ნიუ-იორკში დაგეგმილ კონფერენციაზე გამოაცხადონ, რომლის მიზანი ორი სახელმწიფოს იდეის წინ წამოწევაა.

მართლაც, ბოლო წლებში, სულ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს პალესტინას სახელმწიფოდ. პარადოქსულია, რომ ამას თავად ისრაელმა შეუწყო ხელი. ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ პრობლემის იგნორირებას, ვერ შეძლეს ღაზას სექტორში გენოციდის იგნორირება. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის შემოდგომიდან, მოკლული პალესტინელების რაოდენობამ 59 000-ს გადააჭარბა.

გასული წლის მაისში, ნორვეგიამ, ირლანდიამ და ესპანეთმა მხარი დაუჭირეს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას. საპასუხოდ, ისრაელმა კონსულტაციებისთვის გაიწვია თავისი ელჩები ამ ქვეყნებიდან.

ვინ არის წინააღმდეგი?

ისრაელში პარიზის ინიციატივას მტრულად შეხვდნენ. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ჰამასისთვის „ჯილდო“ იქნება 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ. „ პალესტინის მოსახლეობა არ ცდილობს ისრაელის გვერდით სახელმწიფოს შექმნას, ისინი ცდილობენ სახელმწიფოს შექმნას, ისრაელის ნაცვლად“, - აღნიშნა მან.

მოსალოდნელი უარყოფითი რეაქცია დააფიქსირა შეერთებულმა შტატებმა, როგორც ისრაელის ტრადიციულმა პარტნიორმა და მოკავშირემ. „შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განზრახვას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

მიუხედავად იმისა, რომ პალესტინის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების სია იზრდება, ევროკავშირში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთიანი მიდგომა არ არსებობს. გერმანიამ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს საფრანგეთის მიბაძვას და ამას შესაძლებლად, მხოლოდ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საბოლოო ეტაპზე მიიჩნევს.

ბერლინი, თელ-ავივს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას უწევს - 2023 წლის 7 ოქტომბრიდან, ისრაელში, 485 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების გერმანული იარაღი იქნა ექსპორტირებული. გერმანია განმარტავს, რომ ის პასუხისმგებელია ისრაელის უსაფრთხოებაზე ნაცისტური გერმანიის მიერ, ებრაელების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო.

იტალიაც აშშ-ის პოზიციას იზიარებს: ის მზადაა, აღიაროს პალესტინა, თუ ისრაელი ამას გააკეთებს. „პალესტინა ასევე უნდა აღიაროს ისრაელმა და თავის მხრივ პალესტინამაც  უნდა აღიაროს ისრაელი. ცალმხრივი ინიციატივები, რომლებიც აქამდე ზოგიერთი ქვეყნისგან მინახავს, არ ემსახურება“, - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საფრანგეთიც ბოლო დრომდე ფრთხილ პოზიციას იკავებდა. ევროპელი ლიდერების მოსაზრებებზე გავლენას ახდენს პალესტინის ხალხისადმი სოლიდარობის ქმედებები - ეს იწვევს იმ ფაქტს, რომ პალესტინელების ხმა საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო ხმამაღალი ხდება.

რას ნიშნავს აღიარება პრაქტიკაში

პალესტინისთვის ნებისმიერი სახელმწიფოს აღიარება ფასდაუდებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისრაელმა არსებითად საკუთარი სუვერენიტეტის გაუქმების მიზანი დაისახა, - აღნიშნა ზალცბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, კამრან გასანოვმა TRT-სთან  ინტერვიუში, თუმცა იქვე დასძინა, რომ პარიზის მხრიდან, ეს მხოლოდ სიმბოლური ჟესტია.

„მაკრონი იძულებულია, ყურადღება საფრანგეთში მუსლიმი მოსახლეობის მზარდ რაოდენობაზე გაამახვილოს. არაბულ სამყაროში წარმატების მიღწევა, ისრაელის ქმედებების იგნორირების გარეშე, რთულია. გლობალურად, აღიარება არაფერ გავალდებულებს. საფრანგეთი პალესტინის სუვერენიტეტს იარაღით ხელში არ დაიცავს, - ამბობს პოლიტოლოგი და დასძენს, - რა თქმა უნდა, ვინმეს შეუძლია თქვას, რომ მომავალში პალესტინას აღიარებს ქვეყნების კრიტიკული მასა და შემდეგ ისრაელს მოუწევს როგორმე მანევრირება, ახალი რეალობის მიღება და გაერო-ს გენერალური ასამბლეისა და უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების გზაზე გავლა, რაც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს. თუმცა, ჩემი აზრით, ამ ყველაფერს რეალობასთან არაფერი აქვს საერთო და არ ჯდება ისრაელში მოქმედ პოლიტიკურ ლოგიკაში“.

წყარო: https://trt.global/russian/article/d22b43cfe289