შაბათს, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან, რვა პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო აქტივისტები „ევროპულ მარშს“ გამართავენ. აქციის ორგანიზატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, არაერთი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ჯიუტად აგრძელებენ ბოიკოტისა და მასშტაბური საპროტესტო აქციების ტაქტიკას. ოპოზიციის გეგმაა, 4 ოქტომბრამდე, საქართველოს დიდ ქალაქებში მოაწყონ აქციები და მოსახლეობა არჩევნებზე არმისვლის აუცილებლობაში დაარწმუნონ, რითაც ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აიძულებენ.
„ყველა თანამოქალაქეს, ბათუმის მკვიდრს, სტუმრებს, გელოდებით 2 აგვისტოს, შაბათს, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან, 20:00 საათზე, საიდანაც დავიწყებთ ბათუმის ევროპულ მარშს“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ციალა ქათამიძემ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „უარი ყალბ არჩევნებს და ლეგიტიმაციის სპექტაკლს“, არის არა ერთდღიანი პოზიცია, არამედ მთელი პროცესია პოლიტიკური ქმედებებისა, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საერთო სახალხო პროტესტის დემონსტრირებაა.
„ეს პროტესტი არის ნელა მოქმედი, მაგრამ ძალიან მყარი, უწყვეტი და პრინციპული წნეხი, რომელიც ვერაფრით ვერ მოიშორეს. ისინი იძახდნენ, ახალი წელი მოვა და ხალხი დაიღლება; აღდგომა დადგება და ხალხი დაიღლებაო, მაგრამ არაფერმა არ შეაჩერა ეს პროტესტი“, - ამბობს ხოშტარია.
მისი თანამებრძოლი, გიორგი კირთაძე კი აცხადებს, რომ აქციები ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქებში უნდა გაიმართოს.
„მსგავსი აქციები სხვა დიდ ქალაქებშიც გაგრძელდება, შემდეგი აქცია კი ზუგდიდში იგეგმება. ჩვენი მოთხოვნები კვლავ უცვლელია - დაინიშნოს ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 4 ოქტომბრამდე, ხელისუფლებამ წნეხი უნდა იგრძნოს და აქციები ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქებში უნდა გაიმართოს. ივანიშვილთან ართანამშრომლობა ბევრჯერ არის საჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილე რეჟიმთან არ ვთანამშრომლობთ“, - აცხადებს კირთაძე.
ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს „პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიციის უიმედო მცდელობებად“ აფასებენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბოიკოტის ტაქტიკა და მასშტაბური აქციების მოწყობის გეგმა სრულად ჩავარდა და საზოგადოების მხარდაჭერას მოკლებულია. მმართველი პარტიის განცხადებით, ოპოზიცია ჯიუტად მიჰყვება რადიკალიზმისა და დესტრუქციის სტრატეგიას, რაც აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს და ხელს უშლის სტაბილურ განვითარებას.
ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არჩევნები ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდა და სრულად ასახავს ხალხის ნებას. მათი თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა უსაფუძვლოა და ემსახურება მხოლოდ ოპოზიციის ვიწრო პარტიულ ინტერესებს, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ. „ქართული ოცნება“ ასევე უარყოფს პოლიტპატიმრების არსებობას ქვეყანაში და აცხადებს, რომ ყველა დაკავებული პირი უკანონოდ მოქმედებდა.
ხელისუფლება მოუწოდებს ოპოზიციას, უარი თქვას დესტრუქციულ გზაზე, პატივი სცეს ხალხის არჩევანს და ჩაერთოს კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესში, რათა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები ერთობლივი ძალისხმევით გადაწყდეს.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „ევროპულ მარშს“ და მათ საერთო სტრატეგიას უარყოფითად აფასებს. For.ge-თან საუბრისას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს პოლიტიკურად გაკოტრებული ჯგუფების მორიგი, უიმედო მცდელობაა, ხელოვნურად შექმნან დღის წესრიგი და იქვე აზუსტებს, რომ „ევროპული მარში“ დესტრუქციული პროცესების ერთგვარი პროვოცირებაა:
„რა ხდება ახლა? ეს არის სრული მარაზმი და პაროდია. ესენი (ოპოზიცია) ხომ გაკოტრდნენ, ხომ დამარცხდნენ ყველა ფრონტზე? ყველა მათი მცდელობა, თუნდაც ახლა, „ევროპული მარშის“ სახელით, უკვე სასაცილოა და ამას ხალხი აღარ ჭამს. აღარავის აინტერესებს მათი მორიგი „მოთხოვნები“ პოლიტპატიმრებზე, რომლებიც საერთოდ არ არსებობენ, ან ახალ არჩევნებზე. ვისთვის ითხოვენ ამ ახალ არჩევნებს? საკუთარი თავისთვის, იმიტომ, რომ ხედავენ, საზოგადოება მათ მხარს არ უჭერს, მათი რეიტინგი ნულის ტოლია.
ხალხმა გააკეთა არჩევანი. არჩევნები იყო გამჭვირვალე, სამართლიანი და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ეს აღიარა. მათ არ უნდათ ამ რეალობას შეეგუონ, რადგან ხედავენ, რომ ხალხი მათ მხარს არ უჭერს და შესაბამისად, ამ ხელისუფლებას ვერაფერს უპირისპირებენ. ამიტომაც მიდიან ამ დესტრუქციულ გზაზე, ბოიკოტზე, ქუჩის აქციებზე, რათა როგორმე მოახდინონ პროვოკაცია და არეულობა შექმნან ქვეყანაში“, - ამბობს ის.
მისივე თქმით, მათი გეგმა, რომ 4 ოქტომბრამდე ყველა დიდ ქალაქს მოივლიან და მოსახლეობას არჩევნებზე არმისვლაში დაარწმუნებენ, უიმედო და არარეალისტური გეგმაა.
„ხალხი დაიღალა ამ მუდმივი დაპირისპირებით და დესტრუქციით. მათ მშვიდობა და სტაბილურობა უნდათ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ტრაგიკომედია? ისედაც ვიცით, რომ ეს პროტესტი ვერასდროს მოერევა ხელისუფლებას, ვერასდროს აიძულებენ ახალ არჩევნებს. ეს არის ნელა მოქმედი აგონია ოპოზიციისთვის, რომელიც საბოლოოდ მათ სრულ კრახამდე მიიყვანს.
ეს ყველაფერი არის უბრალოდ დროის ფლანგვა და ენერგიის ხარჯვა. ხალხი მათ სერიოზულად აღარ აღიქვამს. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს იტყუებენ, რომ რაღაცას შეცვლიან. ერთადერთი, რასაც მიაღწევენ, არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად დაკარგავენ სახეს საზოგადოების თვალში. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, შეწყვიტონ ეს ტრაგიკომედია და რეალობას დაუბრუნდნენ. ქვეყანას წინსვლა სჭირდება და არა უსასრულო პოლიტიკური დაპირისპირება“, - ამბობს გვენეტაძე.