25 ოქტომბერს ოპოზიციური წამმზომი ირთვება

25 ოქტომბერს ოპოზიციური წამმზომი ირთვება

ოპოზიცია 25 ოქტომბერს წამმზომს რთავს. ეს ის წამმზომია, რომელმაც საპროტესტო აქციების დაწყება-არდაწყება უნდა განზასღვროს. ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი გაეგზავნა, რომელზეც პოლიტიკური პარტიების მოწოდებისამებრ, ოპოზიციასთან ერთად უნდა დაიწყოს მუშაობა. თუ კი ხელისუფლება ამაზე თანხმობას არ განაცხადებს, თვის ბოლოდან აქციებს უნდა ველოდოთ.

 

“პრესა.გ”'-სთან აქციების შესახებ, “ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა საუბრობს:

-'”სადღაც 25 ოქტომბრიდან ჩაირთვება წამმზომი. თუ თვის ბოლოსთვის არავითარი კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ჩვენ ერთადერთ გამაფრთხილებელ აქციას მოვაწყობთ, იმ ადამიანების მეშვეობით, ვინც ხელი მოაწერა ცვლილებების პროექტზე ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის ინიციატივას.

 

თუ ხელისუფლება გამაფრთხილებელ აქციაზე შეკრებილი ხალხის ნებასაც არ გაუწევს ანგარიშს, ვფიქრობ პროცესის გაგრძელებას აზრი აღარ ექნება და სამართლიანი არჩევნებისკენ ჩვენ ხელისუფლების გარეშე უნდა ვიაროთ”.

 

ჯერჯერობით, აქციების დაწყებაზე, როგორც საარჩევნო ცვლილებებზე მომუშავე 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, შეთანხმება არ არსებობს, თუმცა “ფორუმი”, სხვა ყველა პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებთან ერთადაც აპირებს გამაფრთხილებელი აქციის ჩატარებას.

 

“თუ სხვა გზა, მშვიდობიანი მიტინგის გარდა აღარ რჩება, ჩვენ ცვლილებების ინიციატორ პარტიებს შევთავაზებთ, თუ არადა ჩვენს 130 ათას 515 ადამიანთან ერთად ვისი ხელმოწერებიც “ფორუმელებმა” მოვაგროვეთ, დავდგებით პარლამენტთან”, - ამბობს შარტავა.

 

გამაფრთხილებელი აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ''ფორუმელმა'' გუბაზ სანიკიძემ რეგიონებში მოსამზადებელი შეხვედრები მხარდამჭერებთან უკვე დაასრულა, ამჟამად გუბაზ სანიკიძე თბილისელ მხარდამჭერებთან აწარმოებს შეხვედრებს.

 

“ეს გამაფრთხილებელი აქცია თუ შედეგს არ გამოიღებს, მერე უკვე სხვა პროცესები დაიწყება”, - განუცხადა “პრესა.გე”-ს შარტავამ.

აქციების ჩატარებაზე წინააღმდეგობა ოპოზიციის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების მიუხედავად, რესპუბლიკელებმა არაერთხელ დააფიქსირეს. როგორც მოსალოდნელია, აქციების ჩატარებას ამ რვა პარტიაშიც ეყოლება მოწინააღმდეგეები.  საინტერესოა რას გადაწყვეტენ რესპუბლიკელები თუ კი ოპოზიციამ აქციები დაიწყო?

 

“პრესა.გე”-ს რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი ესაუბრა: - “ჩვენ ხელისუფლებას მივმართავთ ცივილიზებული ნორმალური გზით, კონკრეტული ხედვებით, კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკების სურვილით. თუ ხელისუფლებამ არ გვიპასუხა ან არასწორად გვიპასუხა, რა მოხდება ამის  მერე, ეს სამომავლოდ დავტოვოთ.

 

ჩვენ არ ვაყენებთ არანაირ ულტიმატუმს, არის ბევრი საშუალება, რომ ხელისუფლებამ თავისი პოზიცია გვამცნოს ჩვენც და ამცნოს საზოგადოებასაც. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ხედვების ცხოვრებაში გასატარებლად გადავდგათ ყველა შესაძლო კანონიერი  ნაბიჯი. თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი საჭიროდ ჩათვლის თავისი ხმის შეშველებას  ამ პროცესისადმი, ეს კარგი იქნება. თუმცა ამ თემებზე საუბარი ჯერ ნაადრევია”.

 

უსუფაშვილმა ისიც თქვა, რომ არანაირი გეგმა, გარდა საარჩევნო ცვლილებების პროექტის საკითხისა, პროექტის ინიციატორ 8 პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, თუმცა ამ 8 პარტიიდან ერთ-ერთის “ხალხის პარტიის” წარმომადგენელი ალექსანდრე შალამბერიძე ოპოზიციის გეგმის გარკვეულ ნაწილზე “პრესა.გე”-სთან საუბრობს:

-“ამ ქვეყანაში სიტუაცია არის შესაცვლელი და ჩვენ აქციებს არ გამოვრიცხავთ.

 

აქციებით, პროექტების შეთავაზებებით, ჩვენ გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში ნორმალური სიტუაცია დამყარდეს. ხელისუფლებას ყველაზე მეტად ხალხის გამოსვლის ეშინია, რა თქმა უნდა აქციები იქნება და ეს იქნება იმ აქციების გაგრძელება, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

 

ეს აქციები უნდა გადაიზარდოს მასშტაბურ აქციებში, რათა, ჩვენი მოთხოვნები, რომ ადამიანი ამ ქვეყანაში ნორმალურად ცხოვრობდეს, დაკმაყოფილებულ იქნეს ერთხელ და სამუდამოდ. ამისათვის აქციების გაშლა აუცილებელ პირობად მიმაჩნია”.

 

ცნობისთვის: საარჩევნო ცვლილებების პროექტზე იმუშავეს 8 ოპოზიციურმა პარტიამ: “ახალი მემარჯვენეები”, “ეროვნული ფორუმი”, “კონსერვატიული პარტია”, “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”, “საქართველოს გზა”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, “ხალხის პარტია”.

 

თუ პროექტის ოპოზიციასთან ერთად განხილვაზე ხელისუფლებამ თანხმონა არ განაცხადა, ან კიდევ განხილვაზე მოლაპარაკებებს დასთანხმდა და ოპოზიციის შენიშვნები არ გაითვალისწინა, აქციების საორგანიზაციო ჯგუფი სავარაუდოდ ამ პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.