"კანონიერი ქურდები", ზურაბ წერეთელი და კაზინო


რუსმა სამართალდამცველებმა შეწყვიტეს საერთაშორისო ძებნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილ პოდპოლკოვნიკ კარლენ აზიზბეკიანზე, რომელიც მოსკოვის მსხვილი კაზინოების "კრისტალისა" და "გოლდენ პალასის" თანამფლობელი იყო. აზიზბეკიანი მოსკოვში დაბრუნდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და უამრავ ამბავს ახადა ფარდა. რა ხდებოდა 1990-იან წლებში მოსკოვის კრიმინალურ სამყაროსა და სამორინეებში, რა კავშირი აქვს მოქანდაკე, ზურაბ წერეთელს ბნელით მოცულ მკვლელობებთან, ამის შესახებ სწორედ აზიზბეკიანმა მოუთხრო რუს სამართალდამცველებს.

სათამაშო ბიზნესმა მოსკოვში ფესვები აშშ-იდან გაიდგა. სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი ალექს კრეინმა და ლეონ ლანმა, რომელიც 1946 წელს დაიბადა ნოვოსიბირსკში. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ლეონიდ კაპლანი. 1980 წელს ის ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში, დასახლდა ლოს-ანჯელესში და ლეონ ლანად იქცა. ლანი მალე დაუახლოვდა იქაურ "რუსულ მაფიას" და აქტიურად მონაწილეობდა სამედიცინო დაზღვევის აფერაში.

ალექს კრეინი, იგივე ალექსანდრე არუთინოვი თბილისში დაიბადა. ისიც 1980 წელს გადასახლდა აშშ-ში და კრეინადაც იქ მოინათლა, იქ დაუმეგობრდა ლანს, მეტიც - კრეინმა ცოლად შეირთო ლანის ყოფილი მეუღლე ვიქტორია. 1997 წელს, სადაზღვევო აფერის საქმის გახმაურების შემდეგ, აშშ-ში ლანის დაპატიმრების ორდერი გასცეს, თუმცა გამჭრიახმა ებრაელმა ადრევე იგრძნო საშიშროება, 1994 წელს ამერიკიდან მოსკოვში ჩავიდა და იქ დაფუძნდა.

ოკეანის გაღმა-გამოღმა აღმოჩენილმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, მოსკოვში სათამაშო ბიზნესისთვის მოეკიდათ ხელი. ამ მიზნით შექმნეს კომპანია ოპტიკალ ბეისიკს ინკ, რომლის ასპროცენტიანი წილი კრეინს ეკუთვნოდა. კომპანიის პრეზიდენტად ვიქტორია კრეინი დაინიშნა, ლანმა კი "ოპტიკალის" იურისტისა და რუსეთში მისი ოფიციალური წარმომადგენლის მისია იტვირთა. 1994 წლის ბოლოს კომპანიამ მოსკოვში შეისყიდა იმ დროისთვის არც ისე ცნობილი კაზინო "გოლდენ პალასი", მაგრამ მაშინვე შეეჯახა პრობლემებს - სათამაშო დაწესებულებები ათასი ჯურის ბანდიტის შტაბბინა იყო და მათ ახალი მესაკუთრეები, უბრალოდ, არ შეუშვეს კაზინოში.

ლეონ ლანმა დახმარებისთვის კარლენ აზიზბეკიანს მიმართა. აზიზბეკიანის, თავდაცვის სამინისტროს თადარიგში გასული მაღალჩინოსნის, კერძო დაცვის სამსახურ "მაგმა V"-ში სხვადასხვა სპეცდანაყოფის ყოფილი მებრძოლები მუშაობდნენ.

1995 წლის თებერვალში "გოლდენ პალასი" "ოპტიკალის" ხელში გადავიდა, მის დაცვას კი "მაგმა V"-ის ათეულობით თანამშრომელი უზრუნველყოფდა. მიუხედავად ამისა, კაზინოში მაინც იკრიბებოდნენ (ახლა უკვე კლიენტების სტატუსით) "კანონიერი ქურდები" და "ავტორიტეტები", რაც აშკარად აფრთხობდა კაზინოს მდიდარ სტუმრებს. მაშინ კრეინმა გადაწყვიტა, გაეხსნა კიდევ ერთი კაზინო მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენებისთვის. მან აზიზბეკიანს სთხოვა, მოსკოვში შესაფერისი შენობის შეძენაში დახმარებოდა, რაშიც "ოპტიკალის" აქციების 30% შესთავაზა. აზიზბეკიანიც დატრიალდა და შესაფერისი შენობაც აღმოაჩინა, თუმცა პატრონმა გაყიდვაზე უარი განაცხადა. პატრონი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი მოქანდაკე, ზურაბ წერეთელი გახლდათ. საბოლოოდ აზიზბეკიანმა შეძლო წერეთლის დაყოლიება, როცა "ოპტიკალის" აქციების კუთვნილი წილიდან 10% შესთავაზა, რა თქმა უნდა, შენობის ფულის, 13 მლნ დოლარის გარდა. პროექტში წერეთლის ინტერესებს მისი ადვოკატი, ვლადიმირ დუხნოვი იცავდა.

1996 წლის ბოლოსთვის კომპანია optikal beisiks ink-ის მფლობელთა სია ასე გამოიყურებოდა: კრეინი - 70%, აზიზბეკიანი - 10%, წერეთელი - 9,5% მუსაელიანი (შუამავალი აზიზბეკიანსა და წერეთელს შორის) - 9,5%, დუხნოვი - 1%.

ახალი კაზინო, "კრისტალი", რომლის რეკონსტრუქციაც 50 მლნ დოლარი დაჯდა, 1997 წელს ამუშავდა. აქციონერებისკენ მსხვილმა დივიდენდებმა იწყო დენა.

რაც შეეხება ლანს, ის "ოპტიკალის" იურისტად დარჩა და "გოლდენ პალასის" მუშაობაზე აგებდა პასუხს. ამასობაში იგი დაუახლოვდა კაზინოს სტუმარ მაფიოზებს - ასლან უსოიანს (დედ ჰასანს), ვლადიმირ ტიურინს (ტიურიკს) და ზაქარია კალაშოვს (შაქრო მალადოის). ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ თბილისიდან იცნობდა ალექსი კრეინიც. კალაშოვი კრეინს კრიმინალებთან პრობლემებს უგვარებდა და კაზინოდან თავისი წილიც მიჰქონდა.

დროთა განმავლობაში ლანი რუსული მაფიის "მამების" ბუღალტერი გახდა, კრეინი კი თავის "კრისტალში" ბიზნესმენებთან, პოლიტიკოსებთან, ცნობილ მომღერლებსა და მსახიობებთან ურთიერთობას ამჯობინებდა. მას განგსტერებთან ურთიერთობა არ სიამოვნებდა და ამიტომ "გაყრა" გადაწყვიტა.

"გოლდენ პალასი" ფორმალურად "ოპტიკალს" ეკუთვნოდა, თუმცა მთლიანად "კანონიერი ქურდები" აკონტროლებდნენ, მათი ახლო მეგობარი ლანი კი კაზინოს მმართველად დარჩა. "ქურდებმა" პირობა დადეს, რომ "კრისტალით" არ დაინტერესდებოდნენ. შედეგად "გოლდენ პალასი" "მაგმა V"-მაც დატოვა და კაზინო მთლიანად კრიმინალების ხელში გადავიდა.

თუმცა, ქურდებმა მიცემული სიტყვა არ შეასრულეს. 1998 წელს კრეინმა გადაწყვიტა, "ოპტიკალის" აქციების 35% გადაეფორმებინა თავის ქალიშვილზე, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ამას სასტიკად შეეწინააღმდეგა ლანი. მან განაცხადა, რომ ძველი შეთანხმებით, აქციათა 70% არ უნდა გაყოფილიყო. ლანს ზურგს უმაგრებდნენ ყოფილი ცოლი, აწ უკვე კრეინის მეუღლე - კომპანიის პრეზიდენტი ვიქტორია კრეინი და "კანონიერი ქურდები". გაჩაღდა კონფლიქტი, რომელიც ომში გადაიზარდა. "ოპტიკალის" აქციონერებმა კრება მოიწვიეს და პრეზიდენტად ვიქტორიას ნაცვლად ალექს კრეინი აირჩიეს. ლანმა, როგორც ვიქტორიას ინტერესების დამცველმა, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესზე "ოპტიკალის" ინტერესებს ზურაბ წერეთლის იურისტი, ადვოკატი ვლადიმირ დუხნოვი იცავდა. 2000 წლის იანვარში ის შეხვედრაზე წავიდა. თან ჰქონდა კრეინის, წერეთლისა და მუსაელიანის აქციათა ორიგინალები, თუმცა უგზო-უკვლოდ გაქრა. ოპერატიული მონაცემებით, ის მოკლეს.

ლეონ ლანმა ამის შემდეგ რამდენჯერმე სცადა, ხელში ჩაეგდო "კრისტალი", საქმეში ძალოვანებიც კი ჩაერთნენ. დაზვერვის სამმართველოში რაღაც საქმეზე მისულმა პოლკოვნიკმა აზიზბეკიანმა ერთ-ერთ ოთახში ლანს მოჰკრა თვალი. იგი იქ თავს აშკარად შინაურულად გრძნობდა. ნანახმა თვით მრავლისმნახველი აზიზბეკიანიც კი გააოგნა, მისთვის ყველაფერი ცხადი გახდა. იმავე დღეს მილიციის სპეცრაზმმა "კრისტალიდან" აზიზბეკიანის დაცვა გააპანღურა და კაზინო ლანს გადაულოცა. როგორც გაირკვა, ამ სპეცოპერაციისთვის ლანმა 800 ათასი დოლარი გადაიხადა.

ვიქტორია კრეინის სარჩელის საფუძველზე რუსეთის გენპროკურატურამ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრა "ოპტიკალის" აქციონერების - კრეინის, აზიზბეკიანისა და დუხნოვის წინააღმდეგ.

მართალია, ერთ-ერთი აქციონერი ზურაბ წერეთელიც გახლდათ, მაგრამ გამოძიება ზედმეტ უსიამოვნებებს მოერიდა და მისთვის ხელი არავის უხლია.

კაზინო "კრისტალს" მთლიანად მაფია აკონტროლებდა. მიუხედავად ამისა, "ოპტიკალის" აქციები ოფიციალურად კრეინის, წერეთლის, მუსაელიანისა და აზიზბეკოვის ხელში რჩებოდა. მუსაელიანი და წერეთელი კონფლიქტს გაერიდნენ.

ლანმა კრეინისა და აზიზბეკიანის აქციების ყიდვა დააპირა, თუმცა უარი მიიღო. მაშინ პრობლემა რადიკალურად გადაჭრა.

2000 წლის ივნისში აშშ-ში მყოფ ალექს კრეინს შაქრო კალაშოვმა დაურეკა და შესთავაზა, საკითხის მოსაგვარებლად თბილისში შეხვედროდნენ ერთმანეთს. კრეინი დათანხმდა, თუმცა თბილისში ჩამოსვლისთანავე ის კალაშოვის ხალხმა გაიტაცა და ოჯახს გამოსასყიდი - 1,2 მლნ დოლარი სთხოვა. თანხის ნაწილი კალაშოვის უცხოურ ანგარიშებზე დაირიცხა, მაგრამ კრეინს მზის სინათლე აღარ უნახავს - იგი მოკლეს.
სწორედ იმ დღეს, როცა საქართველოში კრეინი გაიტაცეს, რუსეთის გენპროკურატურამ აზიზბეკიანი დაიბარა. მან სასწრაფოდ კრეინს დაურეკა აშშ-ში, ყურმილი კრეინის დედამ აიღო და მომხდარის შესახებ აუწყა - აზიზბეკიანი მიხვდა, რომ მისი ჯერიც დადგა და სასწრაფოდ დატოვა რუსეთი.

აზიზბეკიანზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს, მაგრამ 12 წლის შემდეგ ის მოსკოვში დაბრუნდა და ყველაფერს ფარდა ახადა. გამოცხადებული ძებნა შეწყდა და თაღლითობის საქმეც მალე დაიხურება.
2006 წელს კალაშოვი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დააკავეს და მალევე ესპანეთს გადასცეს. იქ კალაშოვი ფულის გათეთრების ბრალდებით იხდის სასჯელს, რის შემდეგაც ესპანეთი მას "გადმოულოცავს" საქართველოს, სადაც კალაშოვს ალექს კრეინის მკვლელობისთვის 18 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

რაც შეეხება ლეონ ლანს, იგი 2010 წლის 5 მარტს დააკავეს მოსკოვში ესპანეთის მოთხოვნით. ლანს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. მართალია, რუსული კანონმდებლობით რუსეთის მოქალაქე ექსტრადირებას არ ექვემდებარება, მაგრამ სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ლანის პასპორტი ყალბი იყო, ამიტომ იგი 2011 წლის 19 მაისს ესპანეთს გადასცეს. ლანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ჯარიმად 7 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა.