!
წინა "პროვოკაციის" მერე საინტერესო არაფერი მომხდარა-მეთქი, ვეღარ დავიწუწუნებ: ყველაფრერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილმა ის თავისი ლეგენდად ქცეული ქურთუკი გაიხადა და ავღანეთში ჩვენს ჯარისკაცებს სამხედრო ფორმით წარუდგა - ისე, როგორც მათავარსარდალს შეეფერება; თანაც, არც პოლიციის შენობა გაუხსნია და არც საავადმყოფო...
სამაგიეროდ, დანარჩენი ყველაფერი იგივე იყო: უდაბნოს ქვიშისა და ზოგადად, საველე პირობებისათვის შეუფერებელი გამჭვირვალე "ზიზია" ტრიბუნა და, რაც მთავარია, ის, რაც თქვა (მთლად კარგად რომ ვერ გავიგებთ ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავნი): აქო, ავღანეთშიო, ჯერ კიდევ შემორჩნენ ქართველთა შთამომავლებიო, გურჯებიო, რომლებიც ყველაზე მამაცურად ებრძოდნენ რუსებს საბჭოთა კავშირის დროსო(?!). დღეს თქვენ ხართ აქო და მერე ვეღარ გავიგე... ანუ ის "გურჯები" ახლა თქვენ გებრძვიანო?.. რა ვიცი, რა ვიცი... ალაბთ აგვიხსნის ამ ისტორიულ გაუგებრობას რომელიმე კარის ისტორიკოსი.
არ ვიცი, ოპოზიციით დავიწყო, თუ მიშათი გავაგრძელო... კარგი, "ბიძინა ენდ კომპანის" ბოლოსთვის მოვიტოვებ.
პრეზიდენტი კი, მხოლოდ ავღანეთში კი არ იყო, საქართველოშიც "დააყენა პალაჟენია" - თავისი დიდი ბებიის დაც ასეირნა ელექტრომობილით და როგორც "ტელესამების (ერორი, იმედა, საზმაუ)" ერთ-ერთმა პოპულარულმა გადაცემამ გვამცნო, აღშფოთებული აჭარაშიც ჩასულა, რათა ადგილზე გაერკვია, თუ რატომ მოუხსნეს ღარიბ და ავადმყოფ ბავშვს სოციალური დახმარება. გაარკვია და იმ ბავშვს, ღმერთმა კარგად ამყოფოს და, აღარაფერი გაუჭირდება აწი. ამიტომ მე უფრო ის მაინტერესებს, აჭარის სოციალური სამსახურის უფროსი, თუ რაც ჰქვია, როგორ არის?! ვისაც არ უნახავს ეს კადრები, ვერ გამიგებს, რატომ ვწუხვარ ასე... ღმერთო, გადაარჩინე ის ახალგაზრდა - ფერი რომ არ ედო, ტელევიზორშიც ჩანდა, პირიც გაუშრა, ტუჩები უკანკალებდა...
ერთხელ პირდაპირ ეთერში პრეზიდენტმა საბაჟოს უფროსი რომ მოხსნა, ანთელიძე, ხომ გახსოვთ? მისი მაშინდელი სახეც გახსოვთ? ჰოდა, წარმოიდგინეთ, მაშინდელი ანთელიძე (რომელიც ასევე უსამართლოდ "მიიტისკა" - ანუ მთლად მისი ბრალი არ იყო), სანატორიუმიდან ახალჩამოსულსა და დასვენებულ-დამშვიდებულს ჰგავდა ამ საწყალ ბიჭთან შედარებით: რას ჰქვია ამ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსენითო?! - იბობოქრა, მგონი, ცოტა ის თავისი "საფირმო ცრემლიც" წამოუვიდა... იმ სოციალური რაღაცის უფროსის ამბავი, როგორც გითხარით, საკითხავია, მაგრამ ის კი მოახერხა, რომ "ასეთია კანონი... ბატონო..." - ამოილუღლუღა!
- რაააო?!!!! კანონია ასეთიო?! ვინ მიიღო ეგ კანონიო?! - ერთი სიტყვით ბაქრაძე და მისი კანტორის რომელიმე ბიჭი რომ იქ ყოფილიყვნენ, ვერ ექნებოდათ კარგად საქმე...
სოციალურ სამსახურზე და მაგაზე გამახსენდა: მილიონ ორასი ათასი ოჯახი საქართველოში 20-ლარიან ენერგოვაუჩერს მიიღებს! ძალიან კარგი. ეს ჯამში 24 მილიონს შეადგენს და ყველამ ვიცით, როგორც კი ბიუჯეტში თავისუფალი სახსრები გამოჩნდება ხოლმე, მთავრობა მაშინვე ასეთ საქველმოქმედო აქციებს აწყობს. ოღონდ ჩემი უკუღმართი და პროვოკატორული ტვინით ერთი ცუდი კითხვა მიჩნდება: ეს "თავისუფალი სახსრები" ყოველთვის საარჩევნო წელს როგორ ამოყოფს ხოლმე თავს? სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამისა არ იყოს: წინააღმდეგი კი არ ვარ, ორი სტუდენტი მყავს სახლში, მისცენ ის 500-500 ლარი, მაგრამ როგორ ამუშავებენ, ვნახავ ერთი! და იმასაც ვნახავ, არჩევნებზე როგორ მიიყვანენ!..
კარგი, ოპოზიციისკენაც გავიხედოთ, მით უმეტეს, რომ დღეს (სამშაბათს) ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის პრეზენტაცია იყო და რაღაც-რაღაცები უკვეეეეე... ვერ გავიგეეეეე... და სხვათა შორის, სულაც არ მიხარია, რომ ამ შემადგენლობის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიც თქვენს მონა-მორჩილს საქილიკო არ გამოელევა და ისევ ერთად ვიქნებით მე და თქვენ.
ღმერთი, რჯული - სხვა საქმეს ვიშოვნიდი, ოღონდ "საპროვოკატორო მასალა" არ მქონოდა მაგრამ... პირველი და დღეისათვის ერთადერთი, რაც მაინტერესებს არის: რას ნიშნავს, რომ კოალიციაში შედის ოთხი ორგანიზაცია და ორი პიროვნება პერსონალურად (დავითაშვილი და ძიძიგური)?! სუბიექტები თანაბარუფლებიანი არიანო - ეს რას ნიშნავს, დავითაშვილს კენტად ისეთივე წონა ექნება, როგორც მთელს ეროვნულ ფორუმს (თანაც ფორუმში გუბაზია)? თანაც ამიერიდან ერთად გვაკრიტიკეთ ან გვაქეთო - ეს რაღას ნიშნავს, რესპუბლიკელები ძიძიგურის ყველა გამონათქვამზე "ატვეჩაი" არიან და პირიქით?!
გეუბნებით, რა - ხალისიანი წელი გველის!
P.S. ისევ პრეზიდენტი და ბავშვები გამახსენდა: მიშას ბავშვები მართლა უყვარს და ბავშვებსაც უყვართ მიშა, იმიტომ, რომ ჯერ ბავშვები არიან.
აი, მოხუცებს რატომ უყვართ ვერ ვხვდები, ალბათ, რომ მოვხუცდები, მაშინ გავიგებ, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი ჩემი უბნელი ნაციონალ-ფანატის "არგუმენტი" მომწონს ამ კითხვასთან დაკავშირებით: "რას ღადაობ, ბავშვების და მოხუცების სიყვარული არ ჯობია პინგვინების სიყვარულს?!"