გიორგი გვახარიას ბლოგი, რადიო თავისუფლება
„ჩვენ კარგად გვესმის განსხვავება ლიდერსა და მესიანიზმს შორის“ - თქვა დავით უსუფაშვილმა დავით პაიჭაძის გადაცემაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა და რომ რესპუბლიკურ პარტიას - როგორი პრეტენზიებიც უნდა ჰქონდეს ამ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან საზოგადოების ნაწილს - მართლაც ყოველთვის ახასიათებდა ანტიმესიანიზმი. ბოლოს და ბოლოს, თუ არ ვცდები, პარტიის წესდებაში წერია, რომ რესპუბლიკელები საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეები არიან. სხვა საქმეა, რამდენად თავისუფალია მესიანიზმის ვნებისგან საქართველოს საზოგადოება - ის ხალხი, ვინც „ქართული ოცნების“ ლიდერს მართლაც აღიქვამს მესიად (შეიძლება სხვა სიტყვას უწოდებს), სოციალურ ქსელებში წერს, თუ გინდა რომ ბერა შენს გვერდით იყოს, შეუერთდი ამ ჯგუფსო. ანდა ის ხალხი, ვინც ქორწილებში, ქელეხებზე, დაბადების დღეებზე, ქართული ეკლესიის ლიდერის სადღეგრძელოს სვამს, როგორც მხსნელისა... თუ გნებავთ, მესიის.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დავით უსუფაშვილს ესმის განსხვავება ლიდერსა და მესიას შორის. მაგრამ, ალბათ, ისიც გააზრებული აქვს, რომ ეს განსხვავება ნიუანსებზეა აგებული. და თუ ნიუანსი ვერ შეიგრძენი, ნაცმოძრაობის აქტივისტი პედაგოგისა არ იყოს, იტყვი, რომ „ლიდერი ყოველთვის მართალია“ (როგორც სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმში); ანუ ლიდერს თავად გადააქცევ მესიად.
აქვს თუ არა ამ ნიუანსების შეგრძნება საზოგადოებას? აი, ესაა პრობლემა.
შექსპირი, მაგალითად, თვლიდა, რომ არა აქვს!
ბერლინის კინოფესტივალის გამარჯვებული, ძმები ტავიანების ფილმი „კეისარი უნდა მოკვდეს“ რომ არა, ალბათ უკვე არასდროს წავიკითხავდი შექსპირის ტრაგედია „იულიუს კეისარს“. ტავიანების ფილმზე რეცენზიის დაწერა მომინდა და ეს, მართლაც რომ, ძალიან უცნაური წიგნი გადმოვიღე თაროდან. ითვლება, რომ ტრაგედიის მთავარი გმირი არა იულიუს კეისარი, არამედ ბრუტუსია - ის, ვინც მართლაც დემოკრატიისთვის (და არა ძალაუფლებისთვის) იბრძვის.
ბრუტუსი ამბობს, რომ კლავს არა კეისარს, არამედ „კეისრის სულს“, ე.ი. „კეისარიზმს“, მაგრამ კეისრის სული გამოეცხადება და ამარცხებს მას. ასე იქცევა ბრუტუსი - ტრაგიკული გმირი - კაცად, რომელიც იძულებული შეიქნა, დანაშაულში მიეღო მონაწილეობა.
მაგრამ იქნებ ტრაგედიის მთავარი გმირი არა ბრუტუსი, არამედ ხალხია? ანდა... ვიყოთ პოლიტკორექტულები და ვუწოდოთ ხალხს „ბრბო“. რატომ არაა მთავარი გმირი ბრბო? ბრბო, რომელიც კლავს, ბრბო, რომელიც აცოცხლებს. ბრბო, რომელსაც სახე არა აქვს... ტრაგედიის მეორე მოქმედება უკვე ჩვენი ცხოვრების პაროდიად აღიქმება: ბრუტუსი კეისრის გარდაცვალების ამბავს აცხადებს. ხალხი მოუწოდებს მას, გახდეს რომის ლიდერი, მაგრამ მერე ტრიბუნაზე ადის მარკუს ანტონიუსი; ბრბო ახლა მისი გამოსვლითაა მოხიბლული და მას ასახელებს ლიდერად.
კეისარი რომაელებს მანამდე უნდოდათ, სანამ ის მათ სანახაობებს უდგამდა. თეატრს უდგამდა. შექსპირი დარწმუნებულია, რომ ბრბო იმასთან იქნება, ვინც უკეთეს „თეატრს“ შესთავაზებს: დღეს კეისარი, ხვალ ბრუტუსი, ზეგ - მარკუსი... კარგ „თეატრს“ კი ორი რამ სჭირდება: ან ბევრი ფული, ანდა ირაციონალურ-სიმბოლური „ატრაქციონები“ (როგორც ამას ეკლესია აკეთებდა და აკეთებს ხოლმე). ორივე ერთად თუა, ეს ხომ, საერთოდ, საუკეთესო თეატრია!
ბრბოს მანიპულაციის გამო ახალი ლიდერი იმის გამართლებას იწყებს, რასაც უწინ თავად ებრძოდა. ისტორიაში ლიდერი იშვიათად, ძალიან იშვიათად არ ავადდება ლიდერის დაავადებით. ლიდერის სურვილი, გადაიქცეს მესიად, ასევე ნაცნობი გრძნობაა, ისტორიის კანონზომიერებაა; თუ გნებავთ, ისტორიის „ავადმყოფობა“. „ლიდერიზმიდან“ ხომ მხოლოდ ერთი ნაბიჯია „მესიანიზმამდე“...
სადღაც წავიკითხე: შექსპირის ოცნება იყო საზოგადოების პოლიტიკური ხედვის რეფორმირებაო. ანუ, იგი ოცნებობდა პოლიტიკურ წყობაზე, სადაც ლიდერები ცალ-ცალკე კი არ გამოვიდოდნენ სიტყვით (როგორც დღევანდელ საქართველოშია), არამედ დისკუსიას, დიალოგს გამართავდნენ და ამ „თეატრში“ ხალხი თავად აირჩევდა თავის ლიდერს. ესაა დემოკრატია, რომელზეც მე-16 საუკუნის ინგლისში, შექსპირის გარდა, სხვებიც ოცნებობდნენ. მოგვიანებით მარქსი აღორძინების ეპოქის „დემოკრატიაზე“ იტყვის, ბურჟუაზიამ დაანგრია პატრიარქალური ურთიერთობები, გაწყვიტა ფეოდალური ძაფები, ადამიანს თავის „პატრონთან“ რომ აკავშირებდა, მაგრამ ადამიანებს შორის დატოვა ერთი კავშირი - ღია ინტერესიო; ექსპლუატაცია (ფარული რელიგიური და პოლიტიკური ინტერესებით), შეცვალა ღია და ხისტი ექსპლუატაციითო.
ხალხი (თუ გნებავთ, უწოდეთ მას „ბრბო“) ზუსტად ისე მანიპულირებს ლიდერებით, როგორც ლიდერები და პოლიტიკური ელიტა ეწევა ხალხის მანიპულაციას... უფრო სწორად, ექსპლუატაციას. საზოგადოების პოლიტიკური ხედვის რეფორმირება კი მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ადამიანი თავისუფლების გემოს იგრძნობს, მიხვდება, რა კარგია ლიდერებისა და მესიების გარეშე ცხოვრება; მიხვდება, რომ თავადაც ბევრი რამ შეუძლია.
ამ მხრივ, ძმები ტავიანების ფილმი „კეისარი უნდა მოკვდეს“ თავისებური პოლემიკაცაა შექსპირთან. იტალიური კინოს კლასიკოსებმა, 81 და 83 წლის რეჟისორებმა, გადაიღეს სპექტაკლი „იულიუს კეისარი“, რომელსაც პატიმრები თამაშობენ სამხრეთ იტალიის ერთ ციხეში... ანუ შექსპირს თამაშობენ „ბნელები“: კრიმინალები, მაფიასთან კავშირში მხილებულები, მეტიც - მკვლელობისთვის გასამართლებულები! თამაშობენ გენიალურად! შეიძლება უკეთ, ვიდრე პროფესიონალი მსახიობები. ყოველი მათგანი პირველად გრძნობს თავისუფლების სიტკბოს სცენაზე; ეს თავისუფლება დროებითია - პრემიერის შემდეგ ისინი საკნებს უბრუნდებიან - მაგრამ უბრუნდებიან სრულიად სხვა ადამიანები. ისინი, ვინც „მოკლა კეისარი“, „მოკლა ლიდერი“, კერპი, და იგრძნო, რომ ძალიან ბევრი რამ შეუძლია.
ძმები ტავიანები კი უბრუნდებიან ნეორეალისტების იდეას, თუ გნებავთ ილუზიას: ხალხი მანამდე იქნება „ბნელი“, სანამ ამას მმართველი ელიტები მოისურვებენ. სანამ ადამიანს არ ექნება საშუალება, ასწავლოს თავის შვილებს... ასწავლოს, გამოკვებოს, წამალი მისცეს. ხალხი „საეკლესიო თეატრს“ მიაკითხავს, რადგან მხოლოდ აქ მიეცემა კომუნიკაციის, კონტაქტის, აზრის გამოთქმის საშუალება... სხვაგან მას კარს ჩაუკეტავენ, როგორც „ბნელს“, კრიმინალს, მაფიასთან კავშირში შემჩნეულს. ასეთი ხალხი, რომელსაც არავინ აგრძნობინა თავისუფლების გემო, არავინ უთხრა, რომ მისი შესაძლებლობები უსაზღვროა, აუცილებლად აირჩევს ლიდერს, რომელსაც ცოტა ხანში „მესიად“ აქცევს.
და თუ ეს მოხდა დღევანდელ საქართველოში, პასუხი პირველ რიგში ხელისუფლებას მოეთხოვება. ხელისუფლება, ცხადია, ვერ ითამაშებდა „მასწავლებლის“ როლს. ისიც საეჭვოა, რომ გულწრფელი მონდომების შემთხვევაში, საბჭოური განათლების სისტემის ჯერ კიდევ სიმძლავრის ფონზე, მიეგნო ბევრი „თავისუფლების მასწავლებლისთვის“... მაგრამ ის კი ნამდვილად შეეძლო, რომ საეჭვო მომღერლების ჩამოყვანაზე, პროპაგანდისტულ-პატრიოტულ ღონისძიებებზე ფულის დახარჯვის ნაცვლად, ჭკვიანი ხალხი მოეწვია ქვეყანაში, პროფესიონალები ყველა სფეროში და, რაც მთავარია, ის ხალხი, ვისაც უყვარს თავისუფლება და ვინც, შექსპირისა არ იყოს, საზოგადოების პოლიტიკური ხედვის რეფორმირებას შეძლებდა.
ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. როგორც ჩანს, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ არ ენდო ხალხს, მაღალი წარმოდგენის არ იყო ხალხზე და მის შესაძლებლობებზე (განსხვავებით პაოლო და ვიტორიო ტავიანებისგან). ამიტომ ახლა იძულებულია, ახალი მესიის აღორძინების ტენდენციას საკუთარი მესიის შექმნის პროცესი დაუპირისპიროს. საქართველოს პრეზიდენტი აშენებს ახალ ქალაქებს, ხსნის ახალ საავადმყოფოებს, უშიშარია და ჩადის ავღანეთში! მოძრაობს! უკეთესია, ვიდრე ახალი ლიდერი, რომელიც ვიღაცებისთვის მართლაც იქცა მესიად. ამ ყველაფრის მუდმივი და „სრულმეტრაჟიანი“ ჩვენება ჯერჯერობით კარიკატურას უფრო ჰგავს - მესიის კარიკატურას! იმისათვის, რომ ვიწინასწარმეტყველოთ, რა მოხდება ხვალ, ისტორიის კანონზომიერებები უნდა გავიაზროთ; უსამართლო და „ავადმყოფი“ ისტორიისა, რომელსაც ადამიანი, როგორც წესი, დიდად არ ანაღვლებს.... ბოლოს და ბოლოს, შექსპირი გადავიკითხოთ, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ცხოვრება თეატრია.
1389
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85