სახელისუფლებო გუნდისთვის სარწმუნოებასთან დაკავშირებული თემები, კარგა ხანია, ტაბუდადებული აღარაა - ე.წ. სომხური ეკლესიების სკანდალის შემდეგ, ხელისუფალმა ბარტერი თურქეთთან გადაწყვიტა და აჭარაში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა დაიწყო. “საქართველოს, ნეტავ, რამენაირად, ბანა, ოთხთა ეკლესია და ოპიზა აღადგენინა და აზიზიეს თუნდაც ორი მეჩეთი გაიხსნას კიდევ,“ _ მრავალმნიშვნელოვნად ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ხაბაზი. “ნაციონალთა”, ერთი შეხედვით, დემოკრატიული პრინციპებით შენიღბული ანტიმართლმადიდებლური ფრაზები დღევანდელ დუხჭირ ცხოვრებაში ზოგისთვის შესაძლოა, უმნიშვნელოა, მაგრამ როგორც ისტორიკოსები განმარტავენ, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა აჭარაზე თურქეთის გაბატონებაზე მიუთითებს, მით უმეტეს, რომ ისტორიულად, მუსლიმები მეჩეთებს ყველა დაპყრობილ ტერიტორიაზე აგებდნენ. „ქართული სიტყვა“ აჭარის „გათურქების“ საფრთხეებზე ერთ-ერთ რიგით ბათუმელს ესაუბრა:
ირმა,
35წლის, ბათუმის მკვიდრი: “ის, რაც ბოლო წლებში ბათუმში ხდება, ძალიან არ მომწონს. აღმშენებლობა კარგია, მაგრამ რის ხარჯზე? აქ თითქმის ყველაფერი თურქული ინვესტიციით შენდება. თურქებს ინვესტორებს ეძახიან, თორემ ისეთივე დამპყრობლები არიან, როგორც საუკუნეების წინ იყვნენ. ხომ ხედავთ, ქართული ეკლესიების რესტავრირების სანაცვლოდ, ბათუმში მეჩეთის აგება მოითხოვეს. ზარზმა, ხახული და სხვა ქართული ძეგლები, რომც აღადგინონ, იქ წირვას მაინც არავინ ჩაგვატარებინებს, რადგან მათ ქრისტიანობის სიმბოლო _ ჯვარი სძულთ. ჩემი ნათესავი თურქეთში იყო სამუშაოდ წასული და მან მითხრა: ფეხსაცმლის ქარხანაში სპეციალურად ქართული ბაზრისთვის დამზადებული ფეხსაცმელის ძირზე ჯვრის გამოსახულებას ატანენ. თუ აქამდე ქართველებს რწმენა ვერ შეგირყიეთ, ახლა თქვენივე ჯვარზე ფეხით გატარებთო, _ უთქვამს თურქ მუშას ჩემი ნათესავისთვის”.
მოკლედ, აჭარლებს თურქების გაბატონება არ მოსწონთ, მაგრამ რა ქნან _ ბათუმში სამუშაო ადგილებს ძირითად თურქები ქმნიან და, დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, აჭარელებიც იძულებულნი არიან, მათთან იმუშაონ.
ირმა,
35წლის, ბათუმის მკვიდრი: “თურქები დაგვცინიან, ქართველებმა, ეკლესიების ნაცვლად, საწარმოები რომ აშენოთ, ურიგო არ იქნება, თორემ საცვლებიც კი, თურქული გაცვიათო... რაც უნდა გვიმტკიცოს მთავრობამ, ყველაფერი კარგადაა, ბათუმი აყვავებული და წარმატებული ქალაქიაო, ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ და ეს რეალობა გაცილებით რთულია. რიგით ბათუმელებს კონცერტების ხალისი ნამდვილად არ გვაქვს... თურქები ქართველ მუშა-ხელს თეთრებს უხდიან... აჭარაში საუკეთესო მიწებსაც ყიდულობენ... ბათუმში უკვე თურქული ტოპონონიმებიც გაჩნდა - “აზიზიეს მოედანი”, “ერდოღანის ტბა”... მალე სახელებს, ალბათ, ქუჩებსაც გადაარქმევენ... სხვათა შორის, თუკი ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენება საბოლოოდ გადაწყდა, მოსახლეობისგან დიდ წინააღმდეგობაა მოსალოდნელი.”