გოგა ჟვანია -

გოგა ჟვანია - "თავიდანვე ვიეჭვე, რომ გელბახიანს გათავისუფლების გარანტია ხელისუფლებისგან წინასწარ ჰქონდა მიღებული"


გოგა ჟვანია პოლიტიკაში უკვე მეორედ ცდის ბედს - ამჯერად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდთან ერთად. მოგეხსენებათ, ის გახლავთ ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატოვო ჯგუფის წევრი, პარტიისა, რომლის დამფუძნებელი ყრილობაც, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს გაიმართება და რომლის სახელწოდებაც იქნება "ქართული ოცნება" - დემოკრატიული საქართველო." 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ გოგა ჟვანია ბადრი პატარკაციშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, იმხანად პოლიტიკაში მისი წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ძმის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ეჭვიც სახელდებოდა. გოგა ჟვანია დღესაც მიიჩნევს, რომ ამ გარემოებების დადგენა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია... 

- ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ჩემი ძმის მკვლელობის საქმის გასახსნელად ჩავერთე. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარებაა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა რაღაც უნდა მოიმოქმედოს ამ ვითარების შესაცვლელად. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსულ ადამიანებს დეკლარირებული ჰქონდათ პრინციპები, რომლებსაც საზოგადოება უჭერდა მხარს, მაგრამ სააკაშვილმა ამ პრინციპებს გადაუხვია, რის შედეგადაც ქვეყანა სავალალო ვითარებაში აღმოჩნდა. სააკაშვილის პოლიტიკა საქართველოს დღესაც უამრავ პრობლემას უქმნის, მათ გამოსწორებას კი ძალიან დიდი დრო დასჭირდება, მეტიც - ქვეყანაში უკუქცევადი პროცესებიც მიმდინარეობს. აი, ამ პროცესების შეჩერებაა პოლიტიკაში ჩემი გამოჩენის მიზეზი. ამავე მიზეზით იყო განპირობებული ბადრი პატარკაციშვილთან ერთად პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვაც. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ბადრი პატარკაციშვილს შეეძლო, შეეჩერებინა უარყოფითი პროცესები, რომელიც ჯერ კიდევ საწყის ფაზაში იყო - ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი. სამწუხაროდ, ყველას გვახსოვს, რა შედეგით დასრულდა ეს პროცესები... 

- შემდეგ თქვენ კარგა ხნით გაუჩინარდით პოლიტიკური ასპარეზიდან... 
- ვერ დაგეთანხმებით, არსად გავუჩინარებულვარ. უბრალოდ, ვერ ვხედავდი ძალას, რომელიც შეძლებდა ქვეყანაში არსებული პრობლემების დაძლევას და შეცვლიდა "ნაცმოძრაობას." დღეს მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა, რომელიც შეძლებს და შექმნის იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლების რეალურ საპირწონედ იქცევა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო, თუმცა ძალიან სასიხარულო.

- პარტიაში გაწევრების შეთავაზება პირადად მისგან მიიღეთ?
- დიახ, პირადად ბიძინა ივანიშვილმა შემომთავაზა. გადაწყვეტილების მიღება კი არ გამჭირვებია. სიმართლე გითხრათ, ამაზე შემოთავზებამდეც მქონდა ნაფიქრი. 

- ვალერი გელბახიანი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოს საზღვარზე დააკავეს. მას ბრალი ბადრი პატარკაციშვილთან ერთად გადატრიალების მცდელობაში ედებოდა. თქვენც იყავით პატარკაციშვილის პარტიის წევრი, რას ფიქრობთ ამ ბრალდებასა და იმაზეც, რომ გელბახიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს?
- როდესაც პოლიტიკურ პროცესში ჩავერთე, ბადრი პატარკაციშვილი უკვე წასული იყო საქართველოდან და აქ ვეღარ ჩამოდიოდა. შესაბამისად, მასთან შესახვედრად ხშირად მიწევდა ისრაელში გამგზავრება. იქ რამდენჯერმე წავედი გელბახიანთან ერთად. როგორც მახსოვს, ამ შეხვედრებზე ყოველთვის ლაპარაკი იყო ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებზე... ჩემთვის ქართული საგამოძიებო ორგანოების ნებისმიერი ბრალდება და დასკვნა საეჭვოა. ასევე სრულიად გაუგებარია ისიც, ბატონი ვალერი გელბახიანი საქართველოში მაინცდამაინც ახლა რატომ დაბრუნდა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: ადამიანმა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იძებნებოდა და, წესით, ზუსტად უნდა სცოდნოდა, რომ ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ, რატომ გადაწყვიტა ჩამოსვლა? თავიდანვე ვიეჭვე, რომ გელბახიანს გათავისუფლების გარანტია ხელისუფლებისგან წინასწარ ჰქონდა მიღებული, მოკლედ, მთელი ეს ამბავი ძალიან უცნაურად მეჩვენება...

- ფიქრობთ, ამას რამე კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილთან, ანუ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება გელბახიანის გამოყენებას სხვა მიზნებისთვის აპირებს? სხვათა შორის, ბოლო ხანს გელბახიანი ქართული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში ხშირად ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილზე, აკრიტიკებდა კიდეც...
- არ ვიცი, გელბახიანი რას ამბობდა ივანიშვილზე, თუმცა მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში მიმდინარე ბევრი პროცესი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკაში. გელბახიანის გათავისუფლების შესახებ ბუნებრივად ჩნდება კითხვა - თუ ის გადატრიალებას გეგმავდა, მაშინ ასე იოლად რატომ გაათავისუფლეს? 

- ბატონო გოგა, ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა თქვენს განცხადებას - იმედია, პოლიტიკაში დიდხანს არ მოგვიწევს დარჩენაო. ბევრს ამან ლევან გაჩეჩილაძის განცხადება გაახსენა. გამოდის, თქვენი მიზანი მხოლოდ სააკაშვილის დამარცხებაა... მერე ვის უტოვებთ ქვეყანას?
- აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ სააკაშვილის შეცვლაზე. აქ ლაპარაკია, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას. დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის ყოველი სიტყვა, ყოველი დაპირება სიცრუეა. დემოკრატიაზე ლაპარაკობდა, თავისუფალ ბიზნესგარემოზე, არადა, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველას ყველაფრის ეშინია. ორი ადამიანი რომ ხვდება ერთმანეთს და საუბრობს, ტელეფონებს ან შლიან, ან სხვა ოთახში გააქვთ. ბრეჟნევის ეპოქაში დავიბადე, ბევრი ცუდი რამ მახსოვს, მაგრამ დღეს რომ საქართველოში შიშიანობაა, ასეთი არ მახსოვს. ტელეეკრანიდან ყოველდღე ნაცარს გვაყრიან თვალში და გვიმტკიცებენ, როგორი აღმშენებლობა მიმდინარეობს ქვეყანაში. არადა, ნახეთ სახელმწიფო სტატისტიკა, ხომ ყველაფერს 2003 წელს ადარებენ, მაგათ ჰგონიათ, რომ 2003 წლამდე საქართველო არ არსებობდა. მოკლედ, 2003 წლის შემდეგ საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია, ესენი კი გვიმტკიცებენ, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, რაღაც რეიტინგები მოჰყავთ... როგორ შეიძლება ვითარდებოდეს ქვეყანა, სადაც სამუშაო ადგილები კი არ იზრდება, არამედ მცირდება? რვა წელიწადია, სააკაშვილი ხელისუფლებაშია, ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში მრავალმილიარდიანი დახმარებები შემოვიდა, სად არის ეს ფული? ჭრელაჭრულა ხიდები, ფასადები და გზები, რომელიც ერთ-ორ წელიწადში მწყობრიდან გამოდის, ესაა გაკეთებული საქმე? მეც, ბატონმა ბიძინამაც, პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტეთ ერთი მიზნით - გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ვითარებიდან. მე არ ვამბობ, რომ არჩევნების მერე ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას, სულ ცოტა, ერთ საარჩევნო ციკლს ჩავამთავრებ, მერე შევხედავ: თუ მოვახერხეთ, და ვფიქრობ, მოვახერხებთ ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას, მშვიდად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას, ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მთელი ცხოვრება პოლიტიკაში გავატარო. 

- რას გულისხმობთ, როდესაც პოლიტიკის გაადამიანურებაზე ლაპარაკობთ?
- სამწუხაროდ, ჩვენში პოლიტიკა ზოგისთვის - უბინძურეს, ზოგისთვის კი საშიშ საქმედ იქცა. შორს წასვლა არ გვინდა, აგერ არის ამის თვალნათელი მაგალითი - ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც ვიდრე ამ ხელისუფლების დონორი და უამრავი პროექტის დამფინანსებელი გახლდათ, მისაღები იყო, მაგრამ როგორც კი განსხვავებული აზრი გამოთქვა, სვავებივით დააცხრნენ და ქვეყნის დამაქცევრად გამოაცხადეს, მოქალაქეობა ჩამოართვეს და ა.შ. აი, ამას ჰქვია არაადამიანური პოლიტიკა და სწორედ ამის შეცვლას ვაპირებთ. არავინ უნდა იდევნებოდეს ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისის გამო...

- კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილებით "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეწირული გარკვეული თანხის წარმომავლობაც დადგა ეჭვქვეშ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ფულს უკან დააბრუნებენ, ამას როგორ ახსნით?
- ისე, იქნებ ვაუჩერებიც დააბრუნებინონ უკან. ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავის წინასაარჩევნო კამპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ეწევა. კონტროლის პალატის განცხადება კი სპექტაკლია, რადგან საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილის ნება-სურვილს არ ასრულებდეს. არ ვიცი, ვის აყრიან თვალში ნაცარს, ჩვენს საზოგადოებას ასეთი რაღაცების აღარ სჯერა, ეს, ალბათ, უფრო საერთაშორისო საზოგადოებისთვის განკუთვნილი გზავნილია, ცდილობენ, ჩვენი მეგობარი ქვეყნები გააცურონ, მოაჩვენონ, რა ობიექტურები არიან, თუმცა არა მგონია, ვინმე მოტყუვდეს, მიხეილ სააკაშვილს აშკარად მოუძველდა მეთოდები.