"ინფორმაცია, რომელსაც ახლა გაძლევთ, არის ექსკლუზიური. საზოგადოებაში ამაზე არასდროს არაფერი თქმულა, რადგან იყო სრულიად საიდუმლო. ინფორმაციის მოსაპოვებლად და გადასამოწმებლად ჩვენც სამთვიანი მუშაობა დაგვჭირდა. იურისტებთან გადავამოწმე, სანამ თქვენთან მოვიტანდი - იურიდიულად მისი ასეთი ფორმით გადმოცემა თუ შეიძლებოდა. უნდა მოგიყვეთ სააკაშვილის განსაკუთრებულ ჯალათებზე, კუდ-ის თანამშრომლებზე, რომლებიც 2009 წლიდან მოკრიბეს სპორტულ დარბაზებში", - აცხადებს მოძრაობა "არას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჩიტაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სპორტულ წრეში მათ ისევ სპორტსმენებად იცნობენ და არ იციან, რომ კუდ-შიც მუშაობენ და ხალხის დარბევის დროს წინა ხაზზე დგანან!"
"მათ უხდიან ხელფასს, აძლევენ პრემიებს - თუ პოლიციელებს პრემია 100-200 ლარი აქვთ, ამათი პრემიები 1000-დან 3000 ლარამდე ადის. ამ ჯგუფის ხელმძღვანელს გაცილებით მეტი შეღავათი აქვს - მაგალითად, ბიზნესში ხელშეწყობა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს ადამიანი ამ გზით განსაზღვრული ქონების პატრონიც გახდა. სპორტულ წრეში მათ ისევ სპორტსმენებად იცნობენ და არ იციან, რომ კუდ-შიც მუშაობენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ის ხალხი არ ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რასაც საერთოდ "სპეცნაზელები" და კუდ-ელები აკეთებენ. შეუძლიათ, რამდენიმე თვეს არც მივიდნენ მოდულის შენობაში, მაგრამ ხელფასი მაინც აიღონ. ამ ადამიანებს ხელისუფლება ძირითადად პოლიტიკური ანგარიშსწორებებისთვის და პოლიტიკური სპეცოპერაციებისას იყენებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ჩიტაძე.
"მკვლელების ეს რაზმი ბოლოს 26 მაისს გამოჩნდა - ისინი ე.წ. რობოკოპების ფორმებით წინა ხაზზე იბრძოდნენ. როგორც ჩანს, მათთვის აქციის მონაწილეების დარბევა არის გასართობი საშუალება, სპორტული რინგი და სანამ ადამიანს ნოკაუტში არ ჩააგდებენ, სისხლს არ გამოადენენ და სიცოცხლეს არ გამოსალმებენ, მანამდე ვერ ვერ დაწყნარდებიან. არაერთხელ გვქონდა საუბარი, რომ ეს "სპეცნაზელები" რაღაც ტაბლეტებს იღებენ, ამიტომაც მათ ასეთ დროს სხვანაირი გამომეტყველება აქვთ. მათი შეშლილი გამომეტყველება არაერთხელ დაუფიქსირებია ფოტოაპარატსა და კამერას. ეს წამლები მათ პიტბულის ჯიშის ძაღლებად აქცევს, რომლებმაც არ იციან გაჩერება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ამ ადამიანების საქმიანობა 2009 წლიდან დაიწყო. მოკრებიშ შემდეგ მათ სპეციალურად ამზადებდნენ სხვადასხვა ბაზებზე. ერთ-ერთი არის შავნაბადას ბაზა. მათი შემდგომი დისლოკაციის ადგილი გახლდათ 31-ე ქარხნის სპორტული ბაზა. მაშინ, როცა პარლამენტი რობოკოპებით გაავსეს, სწორედ ეს სპორტსმენი კუდ-ელები იყვნენ იქ გამაგრებული. 2011 წელსაც დაიწყო მათი გადამზადება, მაშინ ანალოგიური ბაზები გამოიყენეს. სწორედ ეს ხალხი მონაწილეობდა ადამიანების ცემასა და გატაცებებში მანამ, სანამ 26 მაისის სისხლიანი ღამე დადგებოდა. 19 მაისიდან დაიწყეს ოპოზიციურად განწყობილი ხალხის გატაცება და 26 მაისამდე 400 ადამიანამდე იყო გამქრალი. ზუსტად ეს ადამიანები გადასცემდნენ გატაცებულებსა და დაკავებულებს საპარტულო პოლიციას, განყოფილების თანამშრომლებს, ისინი კი აფორმებდნენ, თითქოს მათ დააკავეს. ვისაც კი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს, ყველა იძახდა, რომ ვინც სასამართლოზე წარმოადგინა, იმას არ დავუკავებივარო - აცხადებდნენ, რომ აკავებდნენ სამოქალაქო ფორმიანები და მერე გადასცემდნენ სხვებს", - ამბობს ლევან ჩიტაძე.
"სპორტსმენი კუდ-ელების ეს ფოტოები რომ ვაჩვენეთ ამ ხალხს, ბევრმა ამოიცნო საკუთარი დამკავებელი - ისე კი არ ვაქვეყნებთ ამ სიას - ბევრი ფოტო გვქონდა და იქიდან ჯერჯერობით მცირედის ამოცნობა მოხერხდა. როცა 26 მაისის სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, ქაშუეთისა და კინოთეატრ "რუსთაველის" მხარეს ალყის წინა პლანზე ეს სპორტმენი კუდ-ელები იდგნენ, რომლებსაც შექმნილი აქვთ გუნდი და ოფიციალურად არიან "სპეცნაზში". გავარკვიეთ, რომ წვრთნების დროს პირობითად აჯგუფებენ მოქალაქეებად და სპეცრაზმელებად და ერთმანეთთან აჩხუბებენ, ასწავლიან, როგორ მოერიონ მოქალაქეებს ნებისმიერი წინააღმდეგობის დროს. ეს ინფორმაცია რამდენიმე სანდო წყარომ მომაწოდა და ზედმიწევნით არის დაზუსტებული - არასდროს მომხდარა, ეს სპორტსმენები მოქალაქეების როლში ყოფილიყვნენ", - აცხადებს რესპონდენტი.
"ეს ადამიანები სამეგობროსა და სამეზობლოში "ბლატაობდნენ" კიდეც, რომ მარტო მისდევდნენ ხუთ ადამიანს და ხუთივე დაიჭირეს, ისე სცემეს, ფეხზე ვერ დგებოდნენ და ა.შ. ძალიან კარგად ვიცი, სად არის მათი სავარჯიშო დარბაზი ამჟამადაც - 31-ე ქარხნის დარბაზი დახურულ ზონაში არ მდებარეობს - ამიტომ ამ ხალხის ნახვა თავისუფლად შეიძლება იქ. ჩვენც ასე გადავამოწმეთ და დავაზუსტეთ სია, რომელსაც ახლა მოგაწვდით. არ არის გამორიცხული, ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ დარბაზი დახურონ და დამალვას შეეცადონ", - დასძენს ლევან ჩიტიძე და შეკითხვას - "ვინ არიან ეს ამოცნობილი სპორტსმენი-კუდ-ელები?" - პასუხობს:
"ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს ნიკოლოზ სარალიძე, დაიბადა 1977 წელს, 2009 წლიდან კუდ-ის თანამშრომელია. რეალურად კი პოლიტიკური სადამსჯელო რაზმის ხელმძღვანელი. ის ვარჯიშობდა ათლეტურ კლუბ "ამირანში". 1994-95 წლებში ეს გუნდი წასული იყო ევროპაში - მაშინ ქართულმა მხარემ 10 ოქროს (მათ შორის სარალიძემ) და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1990 წელს დაარსა ათლეტიზმის ფედერაცია, მისმა გუნდმა 2009 წელს ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატიდან თასი ჩამოიტანა - ამის შემდეგ შეამჩნიეს, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ამ კუთხით გამოსადეგი იყო. ამ დღიდან ის იყო ზონდერი და მიშას სისხლიანი ჯალათი. ის ასევე არის საქართველოს უნივერსალური ორთაბრძოლების პრეზიდიუმის წევრი. მისი მარჯვენა ხელის ფუნქციას კი შემდეგი ხალხი ასრულებს: აკულაშვილი შოთა, მისი საბაზისო სპორტი არის კიკბოქსინგი და ტაიბოქსი; ბაბუნაშვილი გიორგი - კრივი; ბერიაშვილი გიორგი - კიკბოქსინგი; ბარათაშვილი გელა - სამბო და ძიუდო; ქობალია ზვიადი - კრივი, ტყეშელაშვილი ემზარი - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ასეთი ადამიანების შეგროვება კუდ-მა 2009 წელს დაიწყო. ანალოგიურა რამ მოხდა 2011 წელსაც - ძალიან ბევრი ახალგაზრდა შემოიკრიბეს გარშემო, ჰპირდებოდნენ სამსახურს, კარიერას, მაგრამ უმეტესობას სისხლიანი საქმე გააკეთებინეს, აქეიფეს და სახლებში გაუშვეს. ვწუხვარ, რომ საქართველოში ასეთი მდგომარეობაა, სპორტსმენებს ჯერ აშიმშილებენ და მერე აიძულებენ, საკუთარ მოძმეზე ხელი აღმართონ. თუმცა ზუსტად ვიცი, ასეთ რამეს ყველა არ დათანხმებულა".