"ყველა სიახლის" მასალების მიხედვით
"იმ პოლიტიკური ძალის წარდგენა, რომელიც სავარაუდოდ, ოქტომბრის საჭიდაო ხალიჩაზე `ნაციონალების~ მთავარი მეტოქე იქნება, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო `რედისონ ბლუ ივერიაში~ გაიმართა. პრეზენტაციამ მასმედიის დიდი ინტერესი გამოიწვია. თუმცა ერთ-ერთი "ნაციონალური" ტელეკომპანია, ძირითადად, იმით დაინტერესდა - გამოიწერა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მარტორქა ეგზოტიკური ქვეყნიდან. როგორც ჩანს, "პოლიტიკური ზოოპარკის" სერიალი გრძელდება და ამჯერად პინგვინებიდან და ბეღურებიდან მარტორქაზე გადაინაცვლა... პოლიტიკური კოალიცია მისმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. კოალიციაში 4 პოლიტიკური ძალა გაერთიანდა: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; "თავისუფალი დემოკრატები"; "ეროვნული ფორუმი" და რესპუბლიკური პარტია. ასევე, ინდივიდუალურად - ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი, რომელთა პარტიები არჩევნებისას "ქართული ოცნების" სასარგებლოდ იმუშავებენ", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "ჩვენ უკვე ერთი გუნდი ვართ!" / ვინ გაწევრდა ივანიშვილის კოალიციაში?
"კოალიციის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა თქვა: `ჯერ კიდევ მაშინ, როცა "ეროვნული ფორუმი" არ იყო კოალიციის წევრი, განვაცხადე, რომ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. კახა შარტავამ მოვლენები დააჩქარა და ერთობლივი, გუნდური მუშაობის მასტერკლასი გვიჩვენა. ყველას შევახსენებ, რომ უკვე ერთი გუნდი ვართ და ოპონენტები ამაოდ დაშვრებიან ჩვენს რიგებში განხეთქილების შესატანად. ჟურნალისტებს ვთხოვ: ნუ შეეცდებით, ერთნი შეაქოთ, მეორეს თავს დაესხათ. ცხადია, მხედველობაში არ მაქვს კრიტიკა, ნებისმიერი კრიტიკისთვის მზად ვართ... რა გვაერთიანებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლებს? მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გზაგასაყარია, ამ არჩევნების შემდეგ საქართველოში რეალურად უნდა დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის აზრით, ეს არის "არჩევანი თავისუფლებასა და დიქტატს, სამართლიანობასა და უსამართლობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაციას შორის", - აღნიშნავს გამოცემა.
"საქართველოს გადარჩენისა და თანამედროვე სახელმწიფოდ დამკვიდრებისთვის აუცილებელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გამარჯვება პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ მმართველ რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის. სწორედ ამ გამარჯვების მისაღწევად, უზრუნველსაყოფად შეიქმნა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება". კოალიცია აერთიანებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც გაერთიანებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე და გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის მიზნებს. არჩევნებში ხალხის თავისუფალი ნების გამოვლენის გზით მოსული "ქართული ოცნება" დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას", - განმარტა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, "როცა დადგება აპრილი, ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი დაიჯერებენ, რომ სააკაშვილმა ვერ შეაჩერა გაზაფხულის მოსვლა, კოალიცია საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან მივა, ოქტომბრამდე მთელ ქვეყანას ერთ მუშტად შეკრავს და არჩევნებში გაიმარჯვებს", - დასძენს გამოცემა.
"შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც კარგად ესმის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა და მისი გადაჭრის გზაც იცის. მილიონობით ქართველმა დატოვა საქართველო იმის გამო, რომ არა აქვს სამუშაო, მხოლოდ წელს მათ სამშობლოში მილიარდ ლარზე მეტი გადმორიცხეს... და თუ ამ ადამიანებს აქ შევუქმნით სამუშაო ადგილებს, ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება, ფეხზე დადგება. ჩვენ ვიცით, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები რეგიონებში. ამ ხელისუფლების მიერ 7 წლის განმავლობაში იგნორირებული სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის ღერძად უნდა იქცეს, ჩვენმა პროდუქციამ კი ძველი ბაზრები დაიბრუნოს... უნდა გათავისუფლდეს ბიზნესი, ჩვენ დავანგრევთ იმ მონოპოლიებს, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ჩამოყალიბდა და რომელსაც მართავს სააკაშვილი თავისი უახლოესი გარემოცვის მეშვეობით", - აღნიშნა პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ. იგი მიიჩნევს, რომ კოალიციამ უნდა შექმნას სამართლიანი გარემო, სამართლიანი სახელმწიფო, რომ "ქართული ოცნება" ყველა ქართველმა აიხდინოს", - წერს სტატიის ავტორი.
"ჩვენ მიერ დაწყებულ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამდე მივიყვანთ. სიმბოლურია, რომ დღეს 21 თებერვალია. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. ეს იყო პირველი გაცხადებული ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოზე. ეს ოცნება გაცხადდა იმ პირობებში, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, ოკუპირებული იყო, კოჯორთან ბრძოლა მიმდინარეობდა. სწორედ იმჟამინდელმა, ხალხის ნებით არჩეულმა მრავალპარტიულმა ორგანომ შეძლო ერთიანი ქართული ოცნების გაცხადება. ამდენი წლის შემდეგ, ჩვენ წინაპრების ოცნებას ვეხმიანებით, ისევ ძლიერ, სამართლიან სახელმწიფოზე ვოცნებობთ... საქართველოში უნდა დამკვიდრდეს დემოკრატია, სხვაგვარად ჩვენ გვეყოლება ძლიერი ხელისუფლება და სუსტი, დაბეჩავებული მოქალაქეები", - მიიჩნევს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომლის თქმითაც, "დროა, ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ დარჩება ხელისუფლებაში და ვინ წავა ხელისუფლებიდან", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"უმჯობესია, თუ ჩვენს ნაცვლად ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეები ილაპარაკებს. უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს როლისა და ფუნქციისადმი. სათანადოდ დასაქმებული მოქალაქე მხოლოდ სწორად გამართულ, აწყობილ სახელმწიფოში შეიძლება იყოს. საქართველოს უნდა ჰქონდეს ღირსეული საერთაშორისო როლი და ფუნქცია, რაც მისი მთლიანობის, პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის გარანტი იქნება... ევროატლანტიკური ალიანსი, ევროკავშირი არ არის მხოლოდ ორგანიზაციები, რომელთა წევრობისკენ მხოლოდ საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად უნდა ვისწრაფვოთ, ეს არის მასშტაბური სივრცეები, რომელთა ათვისებისას უნდა მოძებნოს საქართველომ თავისი ნიშა. ამასთანავე, ქვეყანა არ უნდა იქცეს გეოპოლიტიკურ საკუჭნაოდ, რომელიმე ზესახელმწიფოს დანამატად", - განაცხადა "ეროვნული ფორუმის~ თავმჯდომარე კახა შარტავამ, რომლის აზრით, "საქართველო უნდა იყოს არა საჯილდაო ქვა, არამედ მრგვალი მაგიდა საერთაშორისო პრობლემების მოსაგვარებლად და ქვეყანა ერთი კაცის, ერთი პარტიის ოცნებების ასრულების არენად კი არა, საზოგადოდ, ქართული ოცნების ასპარეზად უნდა იქცეს", - დასძენს სატიის ავტორი.
"ჩვენი კოალიციისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილია. ის სერიოზული მოწინააღმდეგეა, რომელმაც იცის, რომ კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, მისი პოლიტიკური მომავალი დასამარდება და ყველა უკადრისი მეთოდით იბრძოლებს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დასარჩენად. მაგრამ არც ჩვენ ვართ გამოუცდელები, რასაც ოქტომბერში ყველა კარგად დაინახავს", - დარწმუნებულია კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური. "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე კი ამბობს, რომ ეს კოალიცია არის მსოფლმხედველობრივი თანხმობა და ერთნაირი შეხედულებები ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე... "კოალიციას შეუერთდება გუგული მაღრაძე, სალომე ზურაბიშვილთან კი ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის", აცხადაბე გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას მაია ფანჯიკიძე და შეკითხვას "აპრილში რეგიონებში გასვლას და მიტინგების გამართვას აპირებთ?" - პასუხობს:
"გააქტიურება ნიშნავს შეხვედრას მოსახლეობასთან, რასაც ჩვენი კოალიციის წევრი პარტიები დღესაც აკეთებენ და ეს შეხვედრები დღეიდან უფრო გახშირდება. ეს არ იქნება მიტინგები და დემონსტრაციები".
739
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85