,,გნატ იდიოტავ! – აი, ამას ვურჩევდი ივანიშვილს!''

,,გნატ იდიოტავ! – აი, ამას ვურჩევდი ივანიშვილს!''


რა შეცდომებს უშვებს ივანიშვილის ბანაკი და ნაციონალური მოძრაობა, რა არის კლასიკური ,,პადხალიმაჟი'' და რატომ არ მიიჩნევს ჭკვიან კაცად ბიძინა ივანიშვილი სოსო ცინცაძეს?

ვის რა შანსები აქვს მომავალ არჩევნებში, რატომ არ წყდება ქვეყანაში პოლიტიკური პროვინციალიზმი, რა შეცდომებს უშვებს ივანიშვილის ბანაკი და ,,ტურბულენტური'' უმრავლესობა და მათი გამოსწორების რა რესურსები რჩება ოქტომბრამდე – ,,ვერსიისთვის'' ვითარების ანალიზს დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელი სოსო ცინცაძე აკეთებს:  

 – ჩატარდება თუ არა არჩევნები ვადამდე – რაც ამ თემაზე ხდება, არაჯანსაღი პროვინციული აჟიოტაჟია. ივანიშვილის გამოჩენასაც ასეთივე პროვინციული აჟიოტაჟი მოჰყვა. რაკი ადამიანს საფრანგეთში ვილები აქვს, ეგ არაფერს ნიშნავს. როგორც ინგლისელები ამბობენ, ჯენლტმენის შექმნას სამი თაობა სჭირდება. მისი გარემოცვაც, ეს ანტურაჟი, როგორც მინიმუმ, არასოლიდურ შთაბეჭდილებას ტოვებს და პირველი არაორგანიზებული პრესკონფერენციის ტენდენცია ბოლომდე მიჰყვება.  

რატომ, ივანიშვილის ფრონტი, მეტ-ნაკლებად, ყალიბდება, მისი პოლიტიკური გუნდიც გამოიკვეთა, პრესმდივნიანად. ვითარება ორგანიზებისა და უკეთესობისკენ არ დაიძრა? 

– მისი პრესმდივნის რამდენიმე ინტერვიუ წავიკითხე. გასაგებია, რომ გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილს პრესმდივნობის გამოცდილება არ აქვს და, რბილად რომ ვთქვათ, მას ივანიშვილთან რეკომენდაცია გაუწიეს, მაგრამ ეს რომ ძალიან რთული პროფესიაა?! ადამიანს მთლიანად გათავისებული უნდა ჰქონდეს თავისი ხელმძღვანელის პოზიცია ნებისმიერ საკითხზე. არადა, მისთვის დასმული 10 კითხვიდან 50-60%-ზე უპასუხა, არ ვიცი, ვერ გეტყვითო. ,,არ ვიცი'' პასუხი არაა, მით უმეტეს, ივანიშვილის პრესმდივნისგან, როცა პირიქით, მის მიერ დაშვებულ შეცდომებს უნდა აკეთილშობილებდეს. აჯობებდა, პროფესიონალი ჟურნალისტი მიეყვანა. ეს კრიტიკა არაა, აზრის გამოთქმა და შენიშვნაა. აბა, როგორ არ უნდა ითქვას, რომ კბილაშვილის სექსუალური გადახვევები, რბილად რომ ვთქვათ, უადგილო იყო, ფინანსური გადახვევები მდიდრებსა და ღარიბებზე კი, ასევე რბილად რომ ვთქვათ – უტაქტობა?!  

აქამდე შეფასებებს არ არბილებდით და ახლა რატომ ერიდებით?  

– პროკურორი ხომ არ ვარ? თუმცა, შეიძლება უფრო მკაცრიც ვიყო. დილეტანტური და პოლიტიკურად წამგებიანი იყო ეს ყველაფერი. მისი პარტიის ოპერაცია, სახელად ,,პრეზენტაცია'' _ ჩავარდა! ეს კი იმიტომ, რომ მეტი კითხვა დარჩა, ვიდრე პასუხი გაიცა. აქ საკითხი ისე არ დგას, მეთანხმება თუ არ ივანიშვილი. მთავარია, მე, თქვენ და სხვა ჩვენნაირები თუ ეთანხმებიან. ის კი არ გვაძლევს ხმას, ჩვენ ვაძლევთ, ასე რომ, როგორც იტყვიან, ბოდიში და ,,მნე დო ლამპოჩკი''. რაღა დროს ჩემი კარიერაა, მაგრამ ჩემი მომავალიცა და კარიერაც ივანიშვილზე არაფრით არაა დამოკიდებული. ჩემი პოზიცია ასეთია – ვირი იყოს, თორემ საპალნე აიკიდებაო! მე არც ერთი არაფერში მჭირდება _ არც ივანიშვილი, არც სააკაშვილი, მაგათ სჭირდებათ სოსო ცინცაძე და ყველა ის ადამიანი, ვინც თითო ხმას წარმოადგენს. ისე კი, ჩემი განწყობილებით შეიძლება, რომელიმეს 10-დან 100 ხმამდე მოემატოს, ან დააკლეს. ასე რომ, ვინ მეთანხმება და ვინ არა, ეგ თვითონ იდარდონ.  

ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე გვაქვს ივანიშვილის გუნდის მონახაზი და დაპირების მიუხედავად, რომ პარტიაში უცნობ სახეებს ვნახავდით, ალბათ, იქ ბევრი თქვენი ძველი ნაცნობიცაა, რომელთაც ხელისუფლება გაცვეთილ სახეებს უწოდებს. თქვენ რას გეუბნებათ ეს სახეები? 

– ჯერჯერობით, ეს გუნდი მაშინ იქნება, როცა გვექნება სრული სია. საერთოდ, ვფიქრობ, ამ პრეზენტაციამ დაიგვიანა. ივანიშვილმა დიდი დრო გაფლანგა და არ ვიცი, ამ შემადგენლობით ეს დანაკლისი როგორ უნდა აინაზღაუროს. რაც შეეხება სახეებს _ ბოდიში, მაგრამ მე არ ვიცი დიდი მწერალი გურამ ოდიშარია. ამ დროს, საქართველო არც იმხელაა, რომ ვინმე ,,დიდი'' იყოს და ყველა არ იცნობდეს, ,,დიდიც'' ცოტა თუ შემოგვრჩა ნებისმიერ პროფესიაში. როგორც ზოგიერთები იტყოდნენ, თუ ვინმეს რამის თავი აქვს, ყველას ეცოდინებოდა. სხვათა შორის, ძალიან გამიკვირდა, როცა პრეზენტაციაზე ვერ ვნახე მინდია უგრეხელიძე. ივანიშვილთან ორი სუპერპროფესიონალია – მინდია უგრეხელიძე და თედო ჯაფარიძე. თუმცა ეჭვით ვუყურებ დანარჩენების მარგი ქმედების კოეფიციენტს. ვიცი, რას შემატებს ივანიშვილს ეს ორი კაცი – პროფესიონალიზმს, მაგრამ აი, ქალბატონმა ჭანკვეტაძემ რა მიიტანა იქ, არ ვიცი. არ ვიცი, რას მიიტანს კბილაშვილი, რომელმაც სექსოლოგიაზე თავისი გაუგებარი იდეებით, მგონი, მეტი წაიღო. ზოგადად, ალერგია მაქვს ტერმინ ,,გუნდზე''. არიან თანამებრძოლები ან თანამოაზრეები. 

და, რა თქმა უნდა, ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ თანამებრძოლებითაა გარემოცული.  

– ასეა. საერთოდ, თანამებრძოლი ისაა, ვინც გარკვეულ დივიდენდს ელის შენგან და შენთან რჩება კონკრეტული მიზნის მიღწევამდე. როცა თავისას მიიღებს, მერე გარბის. თანამოაზრე კი რჩება სამუდამოდ.  

გამოდის, არც სააკაშვილს ჰყოლია თანამოაზრეები, რადგან მისი ძველი თანამებრძოლები დღეს ივანიშვილთან არიან. ეს თავად წამოაძახეს, როცა მის გუნდში ხაინდრავას, ბურჯანაძისა და ნოღაიდელის ხალხს გადასწვდნენ.  

– აი, ჩამოვთვალოთ მიშას თანამებრძოლები ივანიშვილთან – ძიძიგური, დავითაშვილი, ,,რესპუბლიკელები''. მათ აერთიანებთ ერთი მიზანი – ხელისუფლების გადაგდება და მოსვლა ხელისუფლებაში. საოცრებების არ მჯერა და როგორც ახლა თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი ვერ მოვა უმრავლესობით პარლამენტში. კარგი, ვთქვათ, მაინც მოხდა საოცრება და ახდა ივანიშვილის ქართული ოცნება. ჯერ ის ამიხსნას, საერთოდ რა შუაშია აქ ,,ქართული ოცნება''? ყველა ქართველი იმაზე ოცნებობს, რომ ივანიშვილი მოვიდეს ხელისუფლებაში? ასეთი რომ მოსახლეობის 90% იყოს, დანარჩენ 10%-ს რას უშვრებიან, რომელშიც მეც შევდივარ? ჩემი მხრივ, 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი ვერ მოვა უმრავლესობაში, გამორიცხულია. სამაგიეროდ, მას ასაკი აძლევს იმის საშუალებას, კიდევ სცადოს.  

ანუ, თუ სურვილი ექნება, 2012-13 წლების შემდეგ კიდევ სცადოს და ამ შემთხვევაში, ივანიშვილის უმრავლესობაში მოსვლას ვარაუდობთ?  

– შეიძლება, ამ საარჩევნო ციკლში კი, ეს გამორიცხულია. თუ მოვესწარი, მშვიდად მარტო მაშინ ვიქნები, რომ ივანიშვილს არ ექნება ლტოლვა დიქტატურისკენ, თუ ,,რესპუბლიკელებიც'' მის გვერდით იქნებიან. დღეს ამის ნიშნები აშკარაა – მე, მე, ყოველ მეხუთე წინადადებაში მე-ს ამბობს, მე ვარ სპეცი, მე მაგარი მენეჯერი ვარ, მე ესა ვარ, მე ისა ვარ, ეს უკვე მეგალომანიისკენ მიდის. ამ არჩევნების შემდეგაც ასე თუ გააგრძელა, ,,რესპუბლიკელები'' ან საერთოდ განუდგებიან, ან არ მისცემენ ამის უფლებას. ჩემი აზრით, ,,რესპუბლიკელებმა'' ისედაც კარგად იციან, რომ ახლა უმრავლესობით მოსვლა გამორიცხულია. ეს ,,ნეტარმორწმუნეთა'' პარტია არაა, არც ,,პროჟექტორები'' არიან. მათი ერთ-ერთი ღირსება სწორედ რეალისტობაა, თანაც პრინციპული ბიჭები არიან. 

ისევ სრულ უმცირესობაში ხართ, რადგან უმრავლესობას ივანიშვილის მინუსად ,,რესპუბლიკელებთან'' ახლობლობა მიაჩნია.  

– მე კი ეს ივანიშვილის ერთ-ერთ სერიოზულ და სწორ ნაბიჯად მიმაჩნია. შეიძლება, პირადად მისთვის არ იყოს მომგებიანი, მაგრამ თუ მისი განცხადებები გულწრფელია, მაშინ იმ საქმეში, რასაც აპირებს, მისი ადგილი სწორედ ,,რესპუბლიკელების'' გვერდითაა. ნუ ჩამითვლით ხმამაღალ განცხადებად, მაგრამ ამ პარტიამ საზოგადოებას გაუსწრო. ისიც მიკვირს, 2% საერთოდ როგორ აქვთ. მათი პრინციპულობა ისაა, რომ შეეძლოთ, მასის დონეზე დასვლა, დღევანდელი პოლიტიკის ადეკვატურობა და ბევრად მეტი პროცენტის აღება, მაგრამ არა – მათ ბრწყინვალე იზოლაციაში ყოფნა არჩიეს.  

მომიტევეთ, 2012-13-14 წლები სულ საარჩევნოა და რას მოუტანს პოლიტიკურ პარტიას იზოლაცია, თუნდაც ბრწყინვალე? ან ივანიშვილს რა ბრწყინვალებას შემატებენ, თუკი უმრავლესობით ვერ მოიყვანენ?  

– ამას არ აქვს მნიშვნელობა – პარტია 30 წელი ელის თავის საათს და ეს საათი, ადრე თუ გვიან, დადგება. ამ დროისთვის, პოლიტკულტურა უკვე იმ დონემდე მივა, რომ პარლამენტში ასეთ სხდომებს აღარ ვნახავთ. რა განასხვავებთ ერთმანეთისგან წიკლაურსა და ბაღათურიას – მხოლოდ ორატორული ნიუანსები, ანუ რომელი უფრო სხარტად შეურაცხყოფს მეორეს, თორემ, ორივეს განცხადებები ისეთია, მხოლოდ პირს ირცხვენენ. მმართველმა გუნდმა ვერ გაითავისა, რომ ხალხი მათგან მეტს ითხოვს, რადგან ჩვენ ბედს ბაღათურიები კი არა, წიკლაურები წერენ.  

და ეს არაა ,,ნაციონალების'' ერთადერთი მინუსი. შემიფასეთ დეპუტატების დესანტებად გადასხმა სხვადასხვა პარტიებში და ბოლო დროის ის შეცდომები, რასაც მმართველი გუნდი ივანიშვილთან მიმართებაში უშვებს.  

– ჯერ ერთი, თუ არ ვიცით, მინიმუმ, ეჭვი გვაქვს, მაჟორიტარებს უმრავლესობაში რა პრინციპით არჩევენ. ხელისუფლების ტაქტიკური შეცდომა იყო სწრაფი რეაგირების რეჟიმში, არასამთავრობოების შექმნა, რომლებიც ბაჭიებივით მომრავლდნენ, თავიანთი ექსტრავაგანტული და თან სააკაშვილისთვის წამგებიანი ინიციატივებით. უკვე ჩანს, რომ ამ ახლადშექმნილი არასამთავრობოების ზოგიერთი ლიდერი დეპუტატობას უმიზნებს. იგივე, ეს თავხელიძე _ როდის გახდა ექსპერტი, მგონი, ვანგა რომ გააცოცხლოთ, ისიც ვერ იტყვის. თავის დროზე, ავკრძალე ჩემი პოლიტოლოგად მოხსენიება, ახლა გთხოვთ, ექსპერტიც აღარ დამიძახოთ. თუ თავხელიძე ექსპერტია, მე ,,სანტეხნიკი'' ვიქნები! არც პარლამენტში არიან სააკაშვილის თანამოაზრეები და ამიტომაც მივიღეთ დეპუტატების ეს ტურბულენტურობა. იქ პოლიტელიტა უნდა იყოს წარმოდგენილი და ამ დროს, ელიტა კი არა, როგორც კი პატარა ნიავი დაუბერავს, ყველანი ვირთხებივით გარბიან! აბა, ახლა ეს ვაჭრობა არაა?! ზედაპირზე დევს ისიც, რომ ხალხი ივანიშვილთან კი არა, მის 5 მილიარდთან მივიდა. აიღეთ თუნდაც ექსერტთა საბჭო. 

საბჭო აღარ არსებობს – ე.ი. ივანიშვილს კიდევ ერთი სწორი გადაწყვეტილება მიუღია მისი დაშლით?  

– ეს სწორი იქნებოდა, დრო რომ ჰქონდეს და ცაიტნოტში არ იყოს, მაგრამ არჩევნებამდე 8 თვეა დარჩენილი. თუ ეს კაცი ეცნობა, რასაც მასზე მისი თანამებრძოლები წერენ, მინიმუმ, უნდა წითლდებოდეს. ეტყობა, წინ ენციკლოპედია უდევთ, ღმერთი არ გამიწყრეს, რამე კარგი თვისება არ გამომრჩეს, რომ სხვამ არ დამასწროს თქმაო. ეს კლასიკური ,,პათხალიმაჟია''! ვიფიქრე, ახლა ივანიშვილი ამ ხალხს შეკრებს და ეტყვის, მოდით რა, ძმებო, თავი გაანებეთ ამ ,,პათხალიმობასო'', მაგრამ, როგორც ჩანს, არ შეკრიბა და ეს ქება-დიდება სულ უფრო აღმავალი ხაზით მიდის.  

– ალბათ, თვალს ადევნებთ მიმდინარე კვლევებსა და ოპოზიციის დაღმავალ ხაზსაც რეიტინგებში. ამ ვითარებასა და ამ შემადგენლობით, როგორც ფიქრობთ, ვის რა შანსები აქვს არჩევნებში?  

– ჩემი აზრით, ივანიშვილის მაქსიმუმი შეიძლება იყოს 15-20 კაცი პარლამენტში და არავითარ შემთხვევაში 40. შეიძლება ვცდები, მაგრამ დღევანდელ ვითარებაზე დაყრდნობით ვამბობ. თუმცა, ბევრია დამოკიდებული იმაზე, არჩევნებამდე რა შეცდომებს დაუშვებს ივანიშვილი და რას – მმართველი პარტია. თუ ძალიან აინტერესებს ივანიშვილს, გამომიგზავნოს ადამიანი, დავუჯდები და მის ყოველდღიურ შეცდომებს ჩამოვაწერინებ. 5 თვე პოლიტიკაშია კაცი, ამბობს, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობო და ის მაინც ხომ უნდა შეიგნოს, რომ პოლიტიკაში ლოკალური შეცდომა არ არსებობს და ნებისმიერი შეცდომა დასჯადია?! თან, რაც მეტად იგრძნობს დროის პრესს, მით უფრო გართულდება საქმე, რადგან ადამიანი მაშინ ცდება, როცა ჩქარობს – ეს ლოგიკაა. ამ დროს, ხელისუფლებისგან ყველაზე პრაგმატული იქნება, მშვიდად დაელოდოს ივანიშვილის მორიგ შეცდომას.  

ისედაც ძალიან ბევრი მესიჯი ჩადეთ ხელისუფლების გასაგონად, იქნებ, ასეთი რჩევები თუ რეკომენდაციები ივანიშვილსაც მისცეთ?  

– ივანიშვილმა თავისი პროექტი, ჯერჯერობით, სწორ რელსებზე ვერ დააყენა. ისედაც იმდენი ფასიანი მრჩეველი ჰყავს, საზოგადოებრივ საწყისებზე სოსო ცინცაძის რჩევა, ელემენტარულად, არ სჭირდება. არც მივაჩნივარ ჭკვიან კაცად, მაგრამ სიტუაციის გამოსწორების მექანიზმები არსებობს. ძალიან მოკლედ გეტყვით და გამგებმა გაიგოს _ ნიკოლოზ პირველი გამეფებას არ ელოდა და სრულიად მოულოდნელად გამოიძახეს პოლონეთიდან. კაცმა არაფერი იცოდა, მაგრამ იმის ჭკუა ეყო, უჭკვიანესი ანგლოფილისთვის, გრაფი ვორონცოვისთვის მიეწერა ინგლისში, რა ვქნა, როგორ ვმართო ეს დამპალი ქვეყანაო. ორი სიტყვა მოწერა პასუხად – ,,გნატ იდიოტავ''. აი, ამას ვურჩევდი ივანიშვილს.  

– ბარემ, ისიც მითხარით, რომელი იდიოტები უნდა გაყაროს? 

_ იდიოტები ვინ არიან, ეგ რომ ვუთხრა, დილამდე მოგიწევთ აქ ყოფნა.