ჟურნალ "არსენალის" მასალების მიხედვით
"ბოლო დროს ქართულ საზოგადოებაში დავის საგანი გახდა, უნდა მონაწილეობდეს თუ არა ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში სამშვიდობო მისიაში. ამ საკითხზე როგორც მოქალაქეებს, ისე სამხედრო პირებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ. ერთი ნაწილის აზრით, როცა სამხედრო პირი პროფესიულ არჩევანს აკეთებს, იმაზეც უნდა იფიქროს, რომ ერთ დღესაც ომში ჩაბმა მოუწევს, მეორეს თქმით კი, საქართველოს ხელისუფლება და თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებს არჩევანის საშუალებას არ უტოვებს და უცხო ქვეყნის მიწაზე საომრად იძულებით გზავნის", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (17 თებერვალი - 1 მარტი, 2012) სტატიაში სათაურით ავღანეთში ნამყოფი ქართველი ოფიცრის ნაამბობი / "ავღანეთში "ბანკომატის ჯარისკაცების" ადგილი არ არის".
"პირველი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, 33-ე ბატალიონი მოსამზადებლად გერმანიაში გაგვგზავნეს... დიდი ყურადღება ეთმობოდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მოხმარების, ნაღმების გამოყენების, საველე პირობებში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შესწავლას, მაგრამ უმთავრესი და უძნელესი იყო ფსიქოლოგიური ტესტები", - ამბობს გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში 29 წლის ვანო, რომელიც უკვე მეორედ მიდის ავღანეთში.
"ავღანეთში ფულის გამო არ წავსულვარ, მაინტერესებდა, მქონდა თუ არა თავდაცვისუნარიანობა გამომუშავებული. სხვის მიწაზე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას სხვანაირი მოტივაცია სჭირდება და იქ ფსიქოლოგიური სტრესი ორმაგად ძლიერია. თუმცა, ჩამოყალიბებულმა სამხედრომ ეს უნდა დასძლიოს. თუ თქვენ როგორც "ბანკომატის ჯარისკაცს", ისე მეკითხებით, მათგან განსხვავებით, წუწუნს არ ვაპირებ. ესენია ვინც კონტრაქტს ხელფასის გამო აწერს ხელს და შემდეგ ქართულ არმიაში მეთაურობისგან შევიწროებაზე, წნეხსა და ათასგვარ სისულელეზე ჭორაობს... ვისაც ჯარის ცხოვრებაზე ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს, ამას არ დაიჯერებს", - აცხადებს რესპონდენტი და განაგრძობს:
"დიახ, ავღანეთში წასვლას კიდევ ვაპირებ. ჩემი 21 წლის ძმაც აპირებს ჩემთან ერთად ავღანეთში წამოსვლას. ის პირველ კონტრაქტზეა. ვიცი, რომ ძალიან გაუჭირდება, მაგრამ მაინც ვერც დავუშლი... იქ წასული ადამიანი ან ფსიქოლოგიურად ძლიერდება, ან დეპრესიაში ვარდება, რადგან ავღანურ სამშვიდობო მისიაში სამსახურის ფსიქოლოგიური მოტივაცია ყველას არ აქვს. ეს არის საკუთარი თავის გამოწვევა და იქ იძულებით ჯარისკაცის გაშვება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რომელიც კანონით, უნდა ისჯებოდეს. არ ვიცი, სხვა სამხედრო ნაწილებში რა ხდება, მაგრამ ჩემთან მსგავსი რამ არასდროს გამიგია. ახლა ათზე მეტი სამხედრო ვაპირებთ მეორე კონტრაქტით ავღანეთში წასვლას".
"როცა ავღანელები მოსავალს იღებენ, მათი მოსავალი კი ნარკოტიკია, ამ დროს ერთი ნაწილი შედარებით მშვიდად არის, მოსავლის აღებაზეა კონცენტრირებული, მაგრამ მეორე ნაწილი, მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით, აგრესიულია, რადგან ცდილობენ, მოსავალი ამერიკული სამხედროებისგან მალულად მოიყვანონ, რათა ნარკოტიკები არ გაუნადგურონ. ცდილობენ, მოსავალი საზღვარზე გადაიტანონ და გაყიდონ. შემოსავლიდან კი იარაღისა და ტყვია-წამლის გარდა თითქმის არაფერს ყიდულობენ. ამ დროს თითქმის მიწის ყველა ნაგლეჯს ნაღმავენ... პატრულირების დროს ჩვენი ბიჭები ყველაზე ხშირად ნაღმებზე ფეთქდებიან, რაც ჩემი აზრით, გაუფრთხილებლობის ბრალია... იქ მყოფი ქართველებიდან ჩემს აზრს ყველა არ იზიარებდა. მას შემდეგ, რაც თალიბების თავდასხმის დროს დამჭრეს, ბიჭებმა თქვეს, ოღონდ აქედან ცოცხლებმა გავასწროთ და მეტი არაფერი გვინდაო", - განმარტავს გამოცემის რესპონდენტი.
"სპეკულირება, რომ ამერიკა საქართველოდან დაბომბავს ირანს, არ წყდება, თუმცა ეს ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან ამისთვის საქართველოდან ამერიკულმა თვითმფრინავებმა ან თურქეთის, ან სომხეთის, ან აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეები უნდა გადალახონ, რათა ირანის ტერიტორიაზე შეაღწიონ. მიუხედავად ამისა, სიტყვა Gეორგია შეიძლება ხშირად ფიგურირებდეს, თუკი აშშ-მა გაბედა და მართლაც დაარტყა ირანის სტრატეგიულ ობიექტებს, ოღონდ ეს იქნება არა საქართველო, არამედ ამერიკის ატომური წყალქვეშა ნავი SSGN 729 Georgia. საქმე ის არის, რომ ამერიკული Georgia უშუალოდ ირანის სანაპიროს ახლოს დრეიფობს და მისი შეიარაღება საკმარისია წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მისაყენებლად ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე", - წერს "არსენალი" სტატიაში სათაურით ირანს პირველ "ტომაჰავკებს" GEORGIA-დან ესვრიან?
"იანვრის მეორე ნახევარში დონის როსტოვში კომპანია `როსვერტოლმა~ აზერბაიჯანისთვის დამზადებული კიდევ ერთი Ми-35М-ის სატესტო ფრენები ჩაატარა. ბაქოში შვეულმფრენთა მომდევნო პარტიას მარტში მოელიან, ხოლო 2011 წლის დეკემბერში აზერბაიჯანმა როსტოვში აწყობილი პირველი ოთხი Ми-35М მიიღო... რუსეთის არმიის 102-ე ბაზის მფრინავებმა 2011 წელს ათასზე მეტი ფრენა შეასრულეს, თითოეული მფრინავის საფრენოსნო საათებმა 90-ს გადააჭარბა. მომზადების ინტენსივობა 2010 წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი. წლეულს იანვარში კი რუსმა მფრინავებმა უკვე 100-ზე მეტი ფრენა შეასრულეს... ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასი 1,5-ჯერ გაიზრდება. ამის შესახებ შეთანხმებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა რუსეთის მთავრობასთან მიაღწია", - აღნიშნავს გამოცემა სტატიაში სათაურით კავკასიური მოვლენების მიმოხილვა.
"ეროვნული სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი სარდალი, კონტრადმირალი ალექსანდრე ჯავახიშვილი 18 თებერვალს დაბადების მე-80 წელს აღნიშნავს... 1969 წელს II რანგის კაპიტანმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა წყალქვეშა ატომური კრეისერის К-415-ის (პროექტი 667-А) მეთაურობა ჩაიბარა. 60-იანი წლებიდან საბჭოთა ფლოტში დამკვიდრდა ტერმინი "საბრძოლო სამსახური ოკეანის რაიონში", რაც ამერიკის სანაპიროსთან ბირთვულქობინიანი 16 ბალისტიკური რაკეტით აღჭურვილი კრეისერის 2 თვით გაგზავნასა და მორიგეობას ნიშნავდა. ალექსანდრე ჯავახიშვილი: "მორიგეობის რაიონამდე გადასვლასა და უკან დაბრუნებაში კიდევ 20-24 დღეს ვხარჯავდით ანუ დაახლოებით 3 თვე წყალქვეშ ყოფნა გვიხდებოდა. ამ დროს წყალქვეშა ნავი "ჩუმად" არის, რომ მოწინააღმდეგემ არ აღმოაჩინოს. თუკი აღმოაჩენს, მაშინ მეთაურს თანამდებობის დატოვება გარანტირებული აქვს... მე პირადად შვიდი ბალისტიკური რაკეტა მაქვს გასროლილი და მათ შორის ხუთი - ბარენცის ზღვიდან", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი სტატიაში სათაურით ქართველი ადმირალი, რომელმაც დედამიწას წყალქვეშა ნავით შემოუარა / "მე პირადად 7 ბალისტიკური რაკეტა მაქვს გასროლილი".
"მალე К-415-ის მეთაურს ფრიად მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება დაევალა, რომლის იდეა სახელგანთქმულ ფრანგ მწერალ ჟიულ ვერნს ეკუთვნოდა. საფრანგეთში 1870 წელს გამოვიდა წიგნი "80 ათასი ლიე წყალქვეშ". წიგნის მთავარი გმირი კაპიტანი ნემო წყალქვეშა ნავ "ნაუტილუსით" დედამიწის გარშემო დაცურავდა. ჟიულ ვერნის ფანტაზია რეალობად ატომურმა ენერგეტიკულმა დანადგარებმა აქცია და პირველად დედამიწას წყალქვეშ 1960 წლის თებერვალ-აპრილში ამერიკულმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა SSN-586 Triton-მა შემოუარა. ასეთივე ამოცანის შესრულება ჩრდილოეთიდან ატლანტისა და დრეიკის სრუტის გავლით კამჩატკისკენ К-415-ის ქართველ მეთაურს დაევალა. თანაც, ამ ცურვაში წყალქვეშა ნავი უზრუნველყოფის გემების გარეშე იგზავნებოდა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და განაგრძობს:
"1972 წლის 17 იანვარს К-415-მა სრული საბრძოლო აღჭურვილობით სამხედრო-საზღვაო ბაზა გაჯიევო დატოვა და კურსი ოკეანისკენ აიღო... უკან დარჩა წყალქვეშ გავლილი 42 ათასი კმ და 31 მარტს К-415 დანიშნულების ადგილს კამჩატკაზე ბაზა რიბაჩის მიადგა, სადაც ხანგრძლივი წყალქვეშა ცურვის შემდეგ პირველად ამოყვინთა. ურთულესი დავალების შესრულებისთვის საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრმა, მარშალმა ანდრეი გრეჩკომ ატომური წყალქვეშა ნავის ქართველი მეთაურისათვის მხოლოდ ორლულიანი სანადირო თოფი გაიმეტა, რომლის მეორე ლულაც არ ისროდა და სარემონტო გახდა. გადასვლის სხვა მონაწილეებს საპატიო სიგელები და რადიომიმღებები აკმარეს."
"1991 წლის 9 სექტემბერს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ". სამინისტროს შტატებში სამხედრო-საზღვაო სამმართველოს ჩამოყალიბება დაიგეგმა და ოქტომბერში სამმართველოს უფროსად I რანგის კაპიტანი ალექსანდრე ჯავახიშვილი დაინიშნა. შემდეგ იყო სამოქალაქო ომი და საზღვაო სტრუქტურის ჩამოყალიბება ვერ მოესწრო. 1992 წლის თებერვალში თავდაცვის უწყების რეორგანიზაციის გამო ხელახალი დანიშვნები დაიწყო, ხოლო საქართველოს მთავრობის 1992 წლის 30 აპრილის N484/6 დადგენილებით საფუძველი ჩაეყარა სამხედრო-საზღვაო ძალებს, რომლის სარდლად I რანგის კაპიტანი ალექსანდრე ჯავახიშვილი დაინიშნა. საზღვაო ძალების ფორმირება ურთულეს პირობებში მიმდინარეობდა და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა აფხაზეთში ომის დაწყებამ გამოიწვია. მაშინ საზღვაო ძალებში სულ ათამდე ოფიცერი ირიცხებოდა და არც ერთი მცურავი საშუალება არ გვყავდა. ალექსანდრე ჯავახიშვილი: "იმ პირობებში ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, საზღვაო გადაზიდვების ორგანიზება და მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა იყო". აფხაზეთის ომი სექტემბრის ტრაგედიით დასრულდა, სადაც მთელი ყურადღება მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაზე იყო გადატანილი. საქართველოს სამოქალაქო და სამხედრო მეზღვაურებმა, არასრული მონაცემებით, 41 ათასზე მეტი ადამიანი ზღვით გამოიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს", - აღნიშნავს გამოცემა.
1242
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85