საქართველო ინვესტიციების მხრივ ყველა მეზობელს ჩამორჩა, ხოლო ეკონომიკა და ლარის კურსიც შრომითი მიგრანტების თანხებს ჩამოეკიდა!

საქართველო ინვესტიციების მხრივ ყველა მეზობელს ჩამორჩა, ხოლო ეკონომიკა და ლარის კურსიც შრომითი მიგრანტების თანხებს ჩამოეკიდა!


"სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს 2011 წელს საქართველოში შემოსული უცხიური ინვესტიციების შესახებ ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, თუმცა საინვესტიციო მონაგარის მიმართ მთავრობის მოლოდინი ისევ ოპტიმისტურია. სამაგიეროდ, მეზობელ ქვეყნებში გასულ წელს შემოსული ინვესტიციების საერთო ოდენობა უკვე დაითვალეს და ციფრებიც გამოაქვეყნეს. კერძოდ, სომხეთში 2011 წელს 1 მლრდ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შევიდა, აზერბაიჯანში 3 მლრდ დოლარზე მეტი, უკრაინაში 7,5 მლრდ, ხოლო რუსეთში წლის განმავლობაში 48,5 მლრდ დოლარის კაპიტალი დააბანდეს. რაც შეეხება საქართველოს, უკვე ცნობილია, რომ 2011 წელს ინვესტიციებმა 2010 წლის მაჩვენებელს გაუსწრო, მაგრამ 2007 წლის მონაცემებს ბევრად ჩამოუვარდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საქართველო ინვესტიციების მხრივ ყველა მეზობელ ქვეყანას ჩამორჩა / 1-მილიარდიანი ბარიერი საქართველოს მთავრობის გარდა, ყველამ დაძლია.

"არსებობს პროგნოზები და ამ მხრივ ყველაზე ოპტიმისტი, როგორც ყოველთვის, საქართველოს მთავრობაა - 1 მლრდ დოლარი. "ბიჯი კაპიტალი" პროგნოზით 2011 წელს 900 მლნ დოლარის ინვესტიციები შემოვიდა. სავალუტო ფონდი კი 850 მლნ დოლარამდე ინვესტიციას პროგნოზირებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2011 წლის 3 კვარტალში 643 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა (აქედან პირველ კვარტალში 174 მლნ დოლარი, მეორეში - 203 მლნ, მესამე კვარტალში კი 266 მლნ). ყველაზე მსხვილი ინვესტორი ნიდერლანდებია, მას მოსდევს დანია, შემდეგ კვიპროსი და თურქეთი. ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიას ეიმედება, რომ მილიარდიან საინვესტიციო გეგმას ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორებში შემოსული ფულით შეასრულებს. ინვესტიციის მოცულობის 1 მილიარდამდე შეკოწიწებას ვარაუდობს პრემიერი ნიკა გილაურიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახური კი ინვესტიციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაზაფხულზე გამოაქვეყნებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ექსპერტ შოთა მურღულიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკას რეალურად რომ დაეტყოს უცხოური ინვესტიციები, იგი მთლიანი შიდა პროდუქტის 20-30%-ის ფარგლებში უნდა იყოს - "ამ შემთხვევაში აშკარად ჩნდება სერიოზული იმპულსი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური აღმავლობისთვის. ეს კი სულ მცირე 2,5 მილიარდი დოლარი მაინც არის წელიწადში", - განმარტავს მურღულია. ექსპერტთა განცხადებით, უცხოელებს სჭირდებათ ზუსტად ისეთივე ინფორმაციული ველი საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსების თაობაზე, როგორც ეს მათ საკუთარ ქვეყნებში აქვთ. ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნა 2007 წლის მე-4 კვარტალში და 702,9 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბაბამისად, 2007 წელი 2-მილიარდიანი კაპიტალდაბანდებით დასრულდა", - დასძენს გამოცემა.

"შარშან უცხო ქვეყნებიდან საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტი გზავნილი შემოვიდა - ეს იმას ნიშნავს, რომ "ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყნიდან" შრომითი მირგაციის მაჩვენებელი იზრდება, უფრო მეტიც - სპეციალისტების განცხადებით, გზავნილების რეკორდული მაჩვენებელი იმაზეც მიუთითებს, რომ წლების წინათ გადახვეწილი ქართველები უცხო ქვეყნებში თანდათანობით მკვიდრდებიან და მათი შრომითი ანაზღაურებაც იზრდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქვეყნის ეკონომიკა და ლარის კურსიც შრომითი მიგრანტების თანხებს ჩამოეკიდა / 2003 წლიდან დღემდე უცხოეთში გადახვეწილი ქართველების მიერ გამოგზავნილი თანხა 6-ჯერ გაიზარდა და 1,26 მლრდ დოლარს უწია.

"რაც უნდა სამწუხარო იყოს, ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6%-ს შეადგენს და ქვეყანაში შემოსულ ინვესტიციებს მნიშვნელოვნად აღემატება. 2011 წელს ფულადი გზავნილების მოცულობამ რუსეთიდან, რომელიც წლების მანძილზე საქართველოში ფულადი გადმორიცხვის უმსხვილეს წყაროს წარმოადგენს, 655,2 მლნ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის საბერძნეთი - 144,6 მლნ დოლარი, იტალია - 109,1 მლნ, აშშ - 75,5 მლნ, უკრაინა - 52,4 მლნ, ესპანეთი - 30,9 მლნ, თურქეთი - 27,6 მლნ, ყაზახეთი - 26,1 მლნ, დიდი ბრიტანეთი - 14,6 მლნ, ისრაელი - 14,3 მლნ, ინდოეთი - 13,2 მლნ და გერმანია - 12,9 მლნ დოლარი. ხოლო წელს იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობა 84,4 მლნ დოლარი იყო, რაც 13,4%-იათ მეტია შარშანდელი იანვრის მაჩვენებელზე. ეს გზავნილები ის პირადი თანხებია, რასაც მიგრანტები სამშობლოში მცხოვრებ ოჯახებსა და მეგობრებს უგზავნიან. მსოფლიო ბანკის ვარაუდით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა მილიონს ბევრად აჭარბებს. სხვათა შორის, მსოფლიოს მასშტაბით სამშობლოს გარეთ 215 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და 2008 წელს მიგრანტების ფულადმა გზავნილებმა ყველა განვითარებადი ქვეყნის მშპ-ს 2% და დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მშპ-ს 6% შეადგინა.", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მონაცემებით, საქართველო სწორედ ამ 6%-ის ზღვარზეა. უხეში გათვლებით ფულადი გზავნილების მიმღებია კი მოსახლეობის 9%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ გზავნილების მომსახურების გადასახადებზე მოდის ფინანსური ინსტიტუტების შემოსავლების 20%. ცენტრის ექსპერტების განცხადებით, ფულადი გზავნილების მნიშვნელობის გასაცნობიერებლად აღსანიშნავია შემდეგი სტატისტიკა: შრომითი მიგრანტების გზავნილები საქართველოში შემოსული გრანტებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებს თითქმის ორნახევარჯერ აღემატება..." - დასძენს გამოცემა.

"ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ბიუჯეტის თითქმის 30%-ს შეადგენს. მასზე დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკა და ეროვნული ვალუტის სიმყარე. საქართველოდან შრომითი მირგანტების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. ეს ადამიანები საქართველოში უამრავ ოჯახს ინახავენ. არ არის გამორიცხული, რომ მათ მაღალი ინფლაციის ფონზე უფრო მეტი ფულის გამოგზავნა დაიწყეს. ასევე, თანდათანობით ქართველები უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ და შესაბამისად მათი ანაზღაურება იზრდება. უმნიშვნელო წილი იქნება საქართველოში მყოფი უცხოელი სტუდენტებისთვის გადმორიცხული თანხა. ვიმეორებ, რომ მილიარდზე მეტ თანხას, შრომითი მიგრანტები აგზავნიან, რომელზედ დგას მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობა, ქვეყნის ეკონომიკა და ლარის სიმყარე", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ავთო სილაგაძე.