საპროტესტო აქცია ბაქოში საქართველოს საელჩოსთან -

საპროტესტო აქცია ბაქოში საქართველოს საელჩოსთან - "აღდგეს საქართველოში აზერბაიჯანული ტოპონიმები!"


"რამდენიმე დღის წინ ბაქოში საქართველოს საელჩოს წინ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ბორჩალოს" 40-მდე აქტივისტმა პიკეტირება მოაწყო. ისინი საქართველოში აზერბაიჯანელებით დასახლებულ პუნქტებში, მათი თქმით, ისტორიული აზერბაიჯანული სახელწოდებების აღდგენასა და მიწების დაბრუნებას მოითხოვდნენ. მონაწილეებს ხელში ეწირათ ლოზუნგები: "გაუმარჯოს ძმობას და მეგობრობას!", "ძირს სეპარატიზმი!", "ის, ვინც აზერბაიჯანელებისა და ქართველების მეგობრობას არღვევს, ჩვენი მტერია!", "აღდგეს საქართველოში აზერბაიჯანული ტოპონიმები!" - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით საპროტესტო აქცია ბაქოში საქართველოს საელჩოსთან.

"ბორჩალოს" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა ალი ადიგეზალემ მოპიკეტეთა რეზოლუცია საქართველოს საელჩოში პირადად შეიტანა. რეზოლუციაში აღნიშნული იყო, რომ 1991-1992 წლებში საქართველოში აზერბაიჯანულ სოფლებს ისტორიული სახელწოდებები გადაარქვეს. რადგა ამისა, მიწის რეფორმის საფარქვეშ აზერბაიჯანელი გლეხების კუთვნილი მიწის ნაკვეთები უცხო პირებმა დაიტაცეს და ამით გარდაბნისა და საგარეჯოს მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებების შეილახა. "ეს პრობლემები გადაუჭრელია, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ამ უსამართლობას ბოლო მოეღოს", - ნათქვამია განცხადებაში. ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოძრაობის აქტივისტი ბახტიარ ზეინალოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მოსახლეობის შევიწროება 90-იან წლებში დაიწყო, რის შედეგადაც დღეს გლეხების უმთავრესი პრობლემა მიწის გარეშე დარჩენაა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ზვიად გამსახურდიას დროს ბოლნისში საშინელი მდგომარეობა იყო, ხალხს საკუთარი სახლებიდან წასვლას აიძულებდნენ - აზერბაიჯანელი ხარ და წადიო. ბოლნისში ცენტრში 40% აზერბაიჯანელი ცხოვრობდა. დღეს ქალაქში აზერბაიჯანელი საერთოდ აღარ დარჩა, მხოლოდ სოფლებში არიან. დღეს პირდაპირ არავინ გეუბნება, აზერბაიჯანელი ხარ და რაღაც უფლება არ გაქვსო, მაგრამ გლეხები მიწის გარეშე არიან დარჩენილი. მაგალითად, სოფლების ახლოს რაც მიწაა, ადრე აზერბაიჯანელები ამუშავებდნენ და აზერბაიჯანელ გლეხებს ეკუთვნოდა. დღეს კი ყველა ასეთი მიწის მფლობელი სხვა რაიონის მკვიდრია და თანაც ყველა ქართველი. პროცესები მიმდინარეობდა და ახლა ფაქტია, რომ იმ მიწების აბსოლუტური უმეტესობა, რომელიც ადრე აზერბაიჯანული სოფლების ბალანსზე იყო, დღეს აზერბაიჯანელებიდან არავის ეკუთვნის... როცა აზერბაიჯანელები იჯარით მუშაობდნენ, ქართველები ეუბნებოდნენ - შენს სახელზე მიწის გაფორმება არ მოხდება, ამიტომ ქართველის სახელზე - მაგალითად, ჩემს სახელზე გააფორმე და შენ მოიხმარეო. მიწის რეფორმის დროს მიწა ქართველებმა გაიფორმეს, შემდეგ კი ამ გლეხებს განუცხადეს, საბუთი გვაქვს ხელში, ეს მიწა კანონით მე მეკუთვნის და დაიკარგეთ აქედანო. ასე მოატყუეს გლეხები", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბახტიარ ზეინალოვი.

 "30 თუ 31 სოფელი იქნება გადარქმეული. ბევრში აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ისტორიული სახელწოდებები ქართულად გადააკეთეს. რაც შეეხება ქვემო ქართლისათვის ბორჩალოს დარქმევის მოთხოვნას, იმ პიკეტის მომწყობებს არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ვიცი, მსგავსი არაფერი გაცხადებულა. საუბარი მხოლოდ სოფლებისთვის ძველი აზერბაიჯანული სახელწოდებების დაბრუნებაზე და ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზეა. მაგალითად, წალკაში 12 სოფლის სახელწოდება შეიცვალა ისე, რომ მოსახლეობას არაფერი ჰკითხეს. იმასაც გეტყვით, რომ იმ სოფლებში დღეს მასობრივად ქართველები ცხოვრობენ, მაგრამ როცა სახელწოდებას უცვლი, ყველა პროცედურა უნდა გაიარო, რაც კანონითაა გათვალისწინებული", - დასძენს ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოძრაობის აქტივისტი და შეკითხვას - ”ქვემო ქართლის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ საქართველოს პრეზიდენტსაც გაუგზავნა წერილი ამავე მოთხოვნებით და პასუხი თუ მიიღეთ?" - პასუხობს:

"პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი არ ვიცი. შარშან დეკემბერში ლამბალოსა და იორმუღანლოს მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა მიწებთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს გაუგზავნეს წერილი. შემდეგ სამინისტროში შეხვედრაც იყო, სადაც ითქვა, რომ გამოიკვლევდნენ ამ საკითხს და ამის შემდეგ არანაირი პასუხი არ ყოფილა".