ნიკუშა შენგელაია -

ნიკუშა შენგელაია - "ერთი ადამიანის ცრემლადაც არ ღირს მთელი პოლიტიკა''

კულტურის წარმომადგენლები უკვე იმდენად არიან ჩართული პოლიტიკაში, ხშირად საზოგადოების მხრიდან პოლიტიკოსებადაც კი აღიქმებიან. მხატვარი ნიკუშა შენგელაია, ქართულ პოლიტიკურ მოვლენებში ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროიდანაა ჩართული და საქართველოში დღეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებითაც თავისი მკვეთრად გამოხატული აზრი გააჩნია. რატომ გაუცრუეს იმედი "ვარდების რევოლუციის'' მთავარმა გმირებმა, რომლებსაც თავის დროზე, მხარს უჭერდა? რატომ ამსგავსებს ერთმანეთს დღევანდელ და საბჭოთა ხელისუფლებას და რატომ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს? "ვერსიის'' ამ და სხვა საინტერესო კითხვებს, ნიკუშა შენგელაია პასუხობს: 

- 1989 წლიდან მოყოლებული, მუდმივად ოპოზიციაში რატომ ხართ?
- 9 აპრილის მოვლენებიდან მოყოლებული, პოლიტიკაში კი არა, ჩემი ქვეყნის ინტერესებისათვის ბრძოლაში ვარ ჩართული. მიმაჩნია, რომ როგორც რიგითი მოქალაქე, ვალდებულიც კი ვარ, პოზიცია დავაფიქსირო იმაზე, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. პოზიცია არ შემცვლია, რადგან სისტემურად, საქართველოში არაფერი შეცვლილა. მართვის სისტემითა და სტილით იგივე საბჭოთა მმართველობაა, თავისი ერთპარტიული პარლამენტით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობილი მმართველობით, მასმედიისა და სასამართლოს კონტროლით... ასეთ რამეებს კი ჭეშმარიტი ხელოვანი ყოველთვის ძნელად ეგუება და პროტესტს ხმამაღლა გამოხატავს. მე ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ხალხი დგას.

-
ეს იმას ხომ არ იწვევს, რომ პოლიტიკისა და კულტურის აღრევა ხდება, რის შედეგადაც, კულტურის წარმომადგენლებს საზოგადოება უკვე პოლიტიკოსებად აღგიქვამთ?
- არა. შემოქმედი ხალხი ყოველთვის ვიქნებით უსამართლობის ოპოზიციაში. თუ ხედავ უსამართლობას, ხედავ როგორ ჩაგრავენ ადამიანებს და ხმას არ იღებ, თუ არ გაწუხებს ქვეყნის ბედი, ვერც ხელოვნებაში შექმნი რაიმე ღირებულს.

- ამბობთ, სისტემური ცვლილებები არ მომხდარა. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ხედავთ?
- ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, რომელმაც თავისი განწყობა და პოზიცია არჩევნებზე უნდა დააფიქსიროს. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოში არ არსებობდა არჩევნების კულტურა. ადამიანები შეჩვეულები იყვნენ, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება, მონაწილეობა მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამიტომ არჩევნების მიმართ ფორმალური დამოკიდებულება დიდხანს გამოჰყვათ. ვხედავ, რომ ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. ხალხი უკვე იაზრებს, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია მათივე მომავლისთვის. მხოლოდ დემოკრატიული არჩევნებით შეიძლება ნორმალური ხელისუფლების სათავეში მოყვანა. ხალხის მიერ "დაქირავებულმა'' ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ის უნდა გაითავისოს, რომ მთავარია ადამიანი, მოქალაქე და არა ქუჩები და ფასადები... ადამიანი უნდა გიყვარდეს პირველ რიგში, რადგან ერთი ადამიანის ცრემლად არ ღირს მთელი პოლიტიკა.

- გამოდის, გჯერათ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება?
- რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა, ხალხი დააშინონ. ამისთვის უამრავი ნაცადი ხერხი აქვთ: მოუხსნან ნათესავები სამსახურებიდან, სცემონ, დაიჭირონ... თუმცა მგონია, თუ ერთად დგომას ვისწავლით, ვეღარ მოგვერევიან. მთავარია, ხალხი მიხვდეს, რომ ერთიანობა გადაარჩენს საქართველოს. მნიშვნელოვანია, რა ინფორმაცია მიეწოდებათ მათ ტელევიზიისა და პრესის საშუალებით. თბილისში კიდევ არ არის ამ მხრივ ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორც რეგიონებში, სადაც საერთოდ არ აღწევს ჯანსაღი აზრი და ადამიანებს მხოლოდ სამთავრობო არხები აწვდიან ინფორმაციებს. ამიტომ, პირველ რიგში, ჟურნალისტები უნდა იყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები და ობიექტურები. ხალხი კი, თავად გადაწყვეტს, სად არის სიმართლე.

- სიმართლე "ვარდების რევოლუციის'' დროს ახლანდელი ხელისუფლების მხარეს იყო? თქვენ ხომ მაშინ სწორედ ამ პროცესს უჭერდით მხარს. მეტიც, რევოლუციის უშუალო მონაწილეც იყავით. რატომ შეიცვალა ასე მკვეთრად თქვენი შეხედულება? 
- დიახ. 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის'' დროს, მე ამ ადამიანების გვერდით ვიდექი. იმედი მქონდა, რომ ისინი საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს დააარსებდნენ, აქცენტს გააკეთებდნენ ადამიანურ ღირებულებებზე... მათ კი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყეს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, თავისი ძალაუფლების გასამყარებლად. სწორედ მაშინ გამიჩნდა პირველი და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი ზედმეტ უფლებებს იხვეჭდნენ და სულ სხვა პოლიტიკური კურსით აპირებდნენ წასვლას. მათ უარი თქვეს დემოკრატიაზე, ხალხის ინტერესების დაცვაზე. არადა, არ შეიძლება დაივიწყო შენი ქვეყნის მოქალაქეები, მიზნად არ გაიხადო მათზე ზრუნვა და ამისგან დამოუკიდებლად ძლიერი სახელმწიფო ააშენო.

- გასაგებია, მაგრამ ის რამდენად კარგია, რომ საქართველოში ხელისუფლების ასე ხმაურიანად შეცვლა ლამის ტრადიციად იქცა?
- ეს მართლაც, არის სერიოზული პრობლემა, მაგრამ სხვანაირად არ იქნება, სანამ ქვეყანაში ნორმალური ხელისუფლება არ მოვა. ხელისუფლება, რომელიც დაუშვებს კონკურენტუნარიან პოლიტიკურ გარემოს და თვითონ არ მართავს ყველაფერს - ქვეყნის რესურსებს, ბიზნესს, ფინანსებს... დღეს გამოჩნდა რეალური ალტერნატივა ბიძინა ივანიშვილის სახით. ბევრს გაუჩნდა იმის იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს, მოგვეცა შანსი, გვყავდეს ნორმალური ხელისუფლება, რომელსაც თავად ავირჩევთ. პირადად ჩემი სურვილია, პარლამენტი არ იყოს ერთპარტიული და არ ჰგავდეს საბჭოთა პარლამენტებს.

- და რა გარანტია არსებობს, რომ ივანიშვილი შეძლებს არსებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას? 
- ამაზე ბევრი მიფიქრია. გეტყვით. პირველი გარანტია ისაა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში არ მოდის თავისი რესურსებისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. მეორე - ქველმოქმედება, რომელსაც თხუთმეტი წლის მანძილზე ეწევა საქართველოში. მესამე - მისი მორალური პრინციპები ოჯახთან მიმართებაში.

- კი, მაგრამ ქველმოქმედება და პოლიტიკა ხომ განსხვავდება ერთმანეთისგან?
- ბიზნესში წარმატებულ ადამიანს ყველა საწინდარი აქვს იმისთვის, რომ პოლიტიკაშიც წარმატებული იყოს. თუმცა, როგორც ვიცი, ბატონი ბიძინა ქვეყნის სათავეში დიდხანს დარჩენას არ აპირებს. მისი მიზანია, დღევანდელი სიტუაციის შეცვლა. როცა დემოკრატიულ ინსტიტუტებს ფეხზე დააყენებს, ასპარეზს პოლიტიკურ პარტიებს დაუთმობს.

- საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებულ პარტიებზე. თქვენ ხედავთ ამ ძალებში რეალურ დასაყრდენს?
- მესმის იმ პარტიების უკმაყოფილება, რომლებიც საჭიროდ არ ჩათვალა ბატონმა ბიძინამ გვერდით დაეყენებინა. ყველა ის ადამიანი პირადადაა ნაწყენი. ეს არის "დაუძახებლობის კომპლექსი''. რაც შეეხება იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც მან თავის ირგვლივ შემოიკრიბა, პირადად მე, ისინი აბსოლუტურად ნორმალურ, დასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკურ ძალებად მიმაჩნია.

- ივანიშვილს, თქვენ და რეჟისორი თემურ ჩხეიძე არც ისე დიდი ხნის წინ შეხვდით და მხარდაჭერა გამოუცხადეთ. "ქართულ ოცნებაში'' გაწევრიანებას ხომ არ აპირებთ?
- ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანებული არ გახლავართ, მაგრამ ყველანაირად დავეხმარები ამ ადამიანს ნორმალური არჩევნების ჩატარებაში. მე მას შევხვდი, რათა გამეგო რა აწუხებს, რა გეგმები აქვს სამომავლოდ. ბევრი ვისაუბრეთ კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, თითქმის აღარავის აწუხებს ქვეყანაში. ბატონი ბიძინა კი, მოგეხსენებათ, წლების მანძილზე ეხმარებოდა კულტურის მოღვაწეებს. სასაცილოა, რომ ხელისუფლებამ ისიც კი იკადრა და რუსული ფულით მოსყიდვა უწოდა ამ უანგარო ქველმოქმედებას. მე არ ვიცი, სად შოულობს იგი ფულს, ან რა წარმომავლობა აქვს მის ქონებას, რუსული თუ ამერიკული, მაგრამ მე ვიცი, რომ ის ამ ფულს თხუთმეტი წლის მანძილზე ხარჯავდა თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ქართველ ხალხს კი არასოდეს აკლდა სიბრძნე, ერთმანეთისგან გაერჩია კარგი და ცუდი. აღარ უნდა დავხუჭოთ თვალი იმ უსამართლობაზე, რაც დღეს ხდება. ჩვენი უფლებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. უნდა დავძლიოთ შიში, არაორგანიზებულობა და, რაც მთავარია - სანამ ხელისუფალს ავირჩევთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ!