"ვიღაცას შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მესამე ძალის შექმნას ვაპირებდით, თუმცა მესამე ძალის შექმნაზე არასდროს გვისაუბრია - დანამდვილებით ვაცხადებ, რომ ჩვენი მხრიდან ამაზე არანაირი განცხადება არ გაკეთებულა და ჩვენ არასდროს ვაპირებდით მესამე ძალის შექმნას. ვგულისხმობ სახალხო კრებასაც და "დემოკრატიულ მოძრაობასაც" - სახალხო კრებაში ჩვენ გაწევრებული ვართ და კრებისა და ჩვენი მიზანი არ ყოფილა მესამე ძალის შექმნა", - აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ცინცაბაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბურჯანაძე მესამე ძალის შექმნა არ აპირებს / "პოლიტიკური ბლოკების შექმნაზე საუბარს ის სჯობია აზიზიეს მეჩეთს მივხედოთ!"
"ჩვენი მიზანი იყო იმ საშინელი მდგომარეობის გამოსწორება, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. ხალხს წართმეული აქვს მთავარი უფლება - მას არ აქვს შანსი, თავად აირჩიოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სურს. აი, ამ უფლების დასაბრუნებლად შეიქმნა სახალხო კრება. მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ბრძოლა არ შეგვიჩერებია და არც ვაპირებთ ამ ბრძოლის შეჩერებას, რაც არ ნიშნავს, რომ მესამე ძალას შევქმნით. ჩვენ ყველას დავუდგებით გვერდით, ვინც რეალურად აპირებს ამ რეჟიმის შეცვლას. ჩვენ გვინდა რომ მოხდეს არა ჩანაცვლება, არამედ რეჟიმი შეიცვალოს რეალურად. რაც შეეხება თანამშრომლობის ფორმებს, ეს კონსულტაციებით უნდა გადაწყდეს - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოპოზიციისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ ცინცაბაძე.
"აქტიურობა ჩვენი მხრიდან ნამდვილად იქნება. გავაკეთებთ განცხადებებს, გავმართავთ პრესკონფერენციებს, ყველგან გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, არც აქციებს მოვერიდებით. გააჩნია, როდის რა ღონისძიება იქნება გასამართავი. აქციების მოწყობა მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აქციები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად უნდა გავმართოთ. ამაში მონაწილეობა მთელმა ოპოზიციამ უნდა მიიღოს. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, არჩევნებამდე შევაცვლევინოთ ხელისუფლებას საარჩვენო გარემო. დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა დემოკრატიული არჩევნების გამართვის წინაპირობას არ იძლევა. ამაზე ახლავე უნდა ვიზრუნოთ. არჩევნების შემდეგ გამოსვლები შეიძლება ძალიან დაგვიანებულიც იყოს", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "თქვენ ამბობთ, რომ მესამე ძალას არ შექმნით. თუ შეიქმნა ის მესამე ძალა, ითანამშრომლებთ მათთან?" - პასუხობს:
"ამ ეტაპზე არანაირ წინასაარჩევნო ბლოკებზე საუბარი არ მიმდინარეობს და ამ თემაზე საუბარი, ჩემი აზრით, ნაადრევია. არჩევნები შორს არ არის, მაგრამ ახლა ჩვენ წინაშე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები დგას. ვგულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება სჭირდება. მნიშვნელოვანია საარჩევნო სიების გადამოწმება, რომლებიც ამ ხელისუფლებამ მკვდარი სულებით აავსო. "დემოკრატიულმა მოძრაობამ" ოპოზიციას სთხოვა, ამ სიების გადამოწმების გარშემო გაერთიანებულიყვნენ. სამწუხაროდ, ჩვენი წინადადება გაზიარებული არ არის... ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, ამიტომაც მიმაჩნია ნაადრევად ბლოკებზე საუბარი"
"ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია აზიზიეს მეჩეთის საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ ხალხს თავს მოახვია. ხელისუფლება არავის რჩევას არ ითვალისწინებს. მას არც საპატრიარქოს აზრი აინტერესებს, ამ მეჩეთის აშენება არ შეიძლება - ამან შესაძლოა დიდი პრობლემები შექმნას. ამის გამო შესაძლებელია მუსლიმან და ქრისტიან ქართველებს შორის მოხდეს დაპირისპირება. ხელისუფლებას კი ეს არ ადარდებს. ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ასეთი ქმედებების შესაჩერებლად. ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საარჩევნო ბლოკების შექმნა. თანაც, თუ საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესდება, არჩევნებიც აზრს დაკარგავს და როგორც უკვე ვთქვი, არჩევნების შემდეგ ქუჩაში ხალხის გამოყვანაც, შესაძლოა, უაზრო გახდეს", - დასძენს თამარ ცინცაბაძე.