პრეზიდენტის დაპირებიდან 2 დღეში 120 ექიმი ქუჩაში გამოყარეს...

პრეზიდენტის დაპირებიდან 2 დღეში 120 ექიმი ქუჩაში გამოყარეს... "საავადმყოფოების მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა დღეს უფრო მეტადაა გართულებული"


"ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს 120-მდე თანამშრომელი საავადმყოფოს მფლობელმა, კომპანია "ბლოკ-ჯორჯიამ" უმუშევრად დატოვა. საავადმყოფოს დირექტორმა ქეთევან ზარქუამ ექიმებს პაციენტების მიღება მიმდინარე წლის 28 იანვრის შემდეგ აუკრძალა, "ბლოკ-ჯორჯია" კი საავადმყოფოს ოფიციალურად პირველი მარტიდან დახურავს... პრეზიდენტის დაპირებებს, ცხადია, ყურს არავინ უგდებს, მისი დაპირებების ან არ სჯერათ ან ორ დღეში ავიწყდებათ. ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე "კლინიკიზაციის" პროცესს თან სდევს უხეში დარღვევები, რასაც დარგის წარმომადგენლები ეწირებიან. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, არც ეს დაპირება სრულდება- ახალი კლინიკები ფართო მასებისთვის კიდევ უფრო მიუწვდომელია და ლამაზი შენობების უკან მაღალი ფასები მედპერსონალის უხელფასო კადრები "იმალებიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრეზიდენტის დაპირებიდან 2 დღეში 120 ექიმი ქუჩაში გამოყარეს / "ბლოკ ჯორჯია", რომელმაც ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფო სხვა კლინიკებთან ერთად შეიყიდა, ავადსახსენებელი ორგანიზაციაა".

"ჯერჯერობით უცნობია, რა ზომებს მიიღებს მთავრობა ზუგდიდში დაფიქსირებულ ფაქტზე და რამდენად მოახდენს რეაგირებას. ექიმებმა საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლა უკვე დაიწყეს. საავადმყოფოს დაუხრვა მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინსისტრაციული შენობის წინ აქციით გააპროტესტეს და მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. ამასთან, 120-მდე ექიმი "ბლოკ ჯორჯიას" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ექიმები ამბობენ, რომ მათი ამხანაგობის კუთვნილი 10% "ბლოკ ჯორჯიამ" მიითვისა და ახლა მათ გარეთ ყრიან. 120-კაციანი მედპერსონალიდან მხოლოდ 6-ის დასაქმება მოხერხდა, დანარჩენებს კი საავადმყოფოს დირექტორი ვერაფერს ჰპირდება. "ბლოკ ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ 100%-იან წილს თავად ფლობენ და ექიმებს არანაირი წილი საავადმყოფოში არ ჰქონიათ.. მათივე თქმით, საავადმყოფოს დახურვა მოძველებულმა აპარატურამ და ექიმების მიერ ტესტირებაზე ნაჩვენებმა დაბალმა ქულებმა განაპირობა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამ დროს კი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენებული დმანისის მრავალპროფილური საავადმყოფოს დათვალიერებისას "დამაჯერებლად" განაცხადა, რომ ჯანდაცვა იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი, ხოლო ექიმებს ხელფასის მიღება დროულად შეეძლებათ და ავადმყოფის ხელის შემყურენი აღარ იქნებიან: "ღმერთმა არ ქნას, რომ სამედიცინო პერსონალს დაუგვიანდეს ხელფასები, ღმერთმა არ ქნას, რომ ისევ იმას შეჰყურებდნენ, ჯიბეში როგორ ჩაუდებს პაციენტი ფულს, როგორ მოუტანს ძღვენს... დღეს ყველგან კეთდება გზები, სკოლები, საავადმყოფოები იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები დადიოდნენ ისეთივე სკოლაში, როგორშიც არიან მდიდარი მშობლების შვილები. რომ ვიძახდით ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაო, ჯერ ჯანდაცვა უნდა იყოს და მერე ხელმისაწვდომობა. დღეს ჩვენ ვხსნით ახალ საავადმყოფოებს და აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი... ადრე უნდა წავსულიყავით თბილისში, გვეცადა გრძელ რიგებში, სამადლოდ გაგვეთენებინა რამე. არაფერი ხალხისთვის ამ ქვეყანაში არ იყო", - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, წლეულს შემოდის პენსიონერთა მასობრივი დაზღვევა და საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ექნება სადაზღვევო პოლისი", - დასძენს გამოცემა.

"როგორც აღმოჩნდა, ხალხისთვის არაფერი არც "ამ ქვეყანაშია" და ადამიანებს ისევე უჭირთ, ისევე არ მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვაზე, როგორც ეს ვარდების რევოლუციამდელ საქართველოში ხდებოდა - პირიქით, მომსახურების მაღალი ფასებისა და დაზღვევის უქონლობის გამო, საავადმყოფოების მომსახურებაზე დღეს ხელმისაწვდომობა უფრო მეტადაა გართულებული. ექიმთა პროფკავშირის" ხელმძღვანელი ჯონი ჯანაშია ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმებზე განხორციელებულ ქმედებას ამაზრზენს უწოდებს და აცხადებს, რომ შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან ფაქტზე აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება. მისი თქმით, "ბლოკ ჯორჯიამ" ადრე თბილისშიც შეიყიდა კლინიკები და ისე გადავიდა დედაქალაქიდან რეგიონებში, რომ სისტემა დანგრევის პირამდე მიიყვანა", - წერს სტატიის ავტორი.

"არ შეიძლება ქვეყანაში ასეთი მოვლენები ხდებოდეს. ფაქტობრივად, 120 ადამიანი ქუჩაში გააგდეს, ცუდი ფაქტი დაფიქსირდა და ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს - სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ დაზარალებულებმა მიმართონ სასამართლოს და აქციები გააგრძელონ თავიანთი უფლებების დასაცავად. "ბლოკ ჯორჯია", ავადსახსენებელი ორგანიზაციაა, მან კლინიკები დაშლის პირას მიიყვანა. გაცილებით ადრე თბილისში შეისყიდა მეოთხე საავადმყოფო, სისხლის გადასხმის ინსტიტუტი, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი და ვერაფერი გააკეთა, ისე წავიდა დედაქალაქიდან. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ "ბლოკ ჯორჯია" ექიმთა მოძულე ორგანიზაციაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაზეც თვალის დახუჭვა კარგს არაფერის მოიტანს როგორც საავადმყოფოებისთვის, ასევე ზოგადად დარგისთვის. მსგავს ფაქტებს მომავალშიც უნდა ველოდოთ - ცხადია, "ბლოკ ჯორჯიას" თვითნებური ქმედების საშუალებას თუ მისცემენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონი ჯანაშია.