"მეცხრე არხი", რომელიც ეთერში მარტში გავა, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს იკისრებს - "ამაზე არანაირად არ იმოქმედებს ის, თუ ვისგან იქნება ეს არხი დაფინანსებული"


"რაც მოხდა - ბათუმის საბაჟოზე ჩვენი აპარატურის დაზიანება - ძალიან არასასიამოვნო ფაქტია. მეტიც, ეს არის უღირსი საქციელი იმისგან, ვინც ამის სათავეში დგას. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში გავიდეს არხი ეთერში და გარწმუნებთ, ეს მარტში მოხდება. დღეს "მეცხრე არხზე" მიმდინარეობს პავილიონების განახლება, დიზაინერები მუშაობენ აქტიურად, მზადდება გრაფიკული ქუდები, არის შეხვედრები ჟურნალისტებთან, პროდიუსერებთან, გამომშვებ რედაქტორებთან. მუშაობენ თემატიკაზე, სტილზე - როგორ, რანაირად რა უნდა გაკეთდეს. აბსოლუტურად მუშა პროცესია. ხდება ტექნიკის გამართვა - სასიამოვნო საქმიანი დაძაბულობაა არხზე", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია "მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა ხუნდაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მეცხრე არხი" საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს იკისრებს / "ერთი-ორი ადამიანის გარდა არ არის ჩვენთან ისეთი ცნობილი სახეები, როგორი მოლოდინიც საზოგადოებასა და ჟურნალისტებშია".

"მინდა დავარწმუნო საზოგადოება და ჩვენი კოლეგები, რომ ეს იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ასახავს ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ. მე და ჩემს ჯგუფს გვინდა ერთადერთი რამ - რომ მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე, რა ხდება ქვეყანაში, რა პრობლემებია, როგორია დამოკიდებულება ამ პრობლემებისადმი. რაც მთავარია, ფაქტი, მოვლენა რაც ხდება, ის უნდა მივიტანოთ მაყურებლამდე ზუსტად და არა შელამაზებული - სხვაგვარად არაფერი გამოვა. რაკი საზოგადოებას აქვს მოთხოვნილება, რომ მას ჰქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ არ აქვს ისეთი, როგორიც უნდა, ჩვენ შევეცდებით რომ ვიყოთ მართლაც საზოგადოებრივი მაუწყებელი - გარწმუნებთ, ამაზე არანაირად არ იმოქმედებს ის, თუ ვისგან იქნება ეს არხი დაფინანსებული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოჩა ხუნდაძე.

"არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ გამაჩნია, თუმცა ვახო სანაიაც და ნათია ლაზაშვილის ჩემთვის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან, მათთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი. მაგრამ სანაიასთან მოლაპარაკებები არ მქონია და უახლოეს ხანებში ვერ ვხედავ სანაიასთან მოლაპარაკების პერსპექტივას... ასევე რამე სახის მოლაპარაკება თუ მიდის "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" რამდენიმე ჟურნალისტთან, მე ეს უნდა ვიცოდე. შესაბამისად, თუ მე არ ვიცი, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკება არ მიდის ამ არხების ჟურნალისტებთან. არხი უკვე ჩამოყალიბებულია, კადრები შერჩეულია, ერთი-ორი ადამიანის გარდა არ არის ჩვენთან ისეთი ცნობილი სახეები, როგორი მოლოდინიც საზოგადოებასა და ჟურნალისტებშია", - განაგრძობს "მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.

"ბატონმა ბიძინამ როცა თქვა, რომ "რუსთავი 2"-დან, "იმედიდან", საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსულ ჟურნალისტებს დაასაქმებს, მაშინ ტელევიზიის აღდგენაზე არც იყო საუბარი. შესაბამისად, დაასაქმებს, მაგრამ ეს არ იქნება აუცილებლად ტელევიზია. წარმოიდგინეთ ძალიან ბევრმა რომ გამოხატოს სურვილი ჩვენთან მოსვლის, ყველას როგორ დავასაქმებთ - ფიზიკურად ვერ მივიღებთ ყველას. რაც "შეეხება მაესტროს ჟურნალისტებს ეკა ბერიძეს და თეა სიჭინავას, ქალბატონი ეკაც და ქალბატონი თეაც ის სჭირდება საზოგადოებას, სადაც დღეს არიან. მეორე მომენტიცაა, ჩვენ არანაირად არ გვიდა დავასუსტოთ ის კომპანიები, რომლებიც სიმართლეს ემსახურებიან", - დასძენს გოჩა ხუნდაძე.

"რაც შეეხება ყოველკვირეულ ტელეჟურნალს, რომელსაც იასე ცინცაძე წაიყვანს - ეს არის პროექტი, რომელიც შემოიტანა ავტორთა ჯგუფმა. ძალიან სოლიდური და გამოცდილი ავტორები არიან და მეც გამიხარდება, თუ თუ ვიხილავ ჩვენს სატელევიზო ბადეში ამ გადაცემას, რომელსაც იასე გაუძღვება. თუმცა, ამ ეტაპზე ეს არის პროექტი და როდის განხორციელდება და რა იქნება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ამბობენ, 100-ზე მეტი ჟურნალისტია საინფორმაციოსთვის შერჩეული. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?" - პასუხობს:

"ძალიან გაბერილი ციფრია. 30-ზე მეტი ჟურნალისტი იყო საინფორმაციოში - ვგულისხმობ რეგიონებსაც, ცენტრალურ ოფისსაც და უცხოეთის კორესპონდენტებსაც. ჩვენ რამდენიმე ადამიანი, ვინც სურვილი გამოთხვა, რომ წამყვანი იქნებოდა ჩავწერეთ და ამ დღეებში გადაწყდება პირველ ეტაპზე ვინ იქნებიან საინფორმაციო გამოშვებების წამყვანები".