"პოლიტიკა აღსარების ადგილი არ არის, აქ ყველა სიტყვას თავისი ფასი აქვს"


ბიძინა ივანიშვილის მომავალი პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფი უკვე ცნობილია, შესაბამისად, გაკეთდა არაერთი შეფასებაც. ამ გუნდს უმეტესწილად პოლიტიკურ გამოცდილებას უწუნებენ. ამ საკითხზე გვესაუბრება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:

- როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე შემდის ახალი სახე, ბუნებრივია, ის საიდანღაც მოდის. ზურაბ ჟვანია პოლიტიკაში მოსვლამდე ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობდა, მიშა სააკაშვილისაც პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონია, როდესაც ჟვანიამ ამერიკიდან ჩამოიყვანა. ამჟამინდელ პარლამენტს გადახედეთ. ჟვანიას ყოფილი გუნდის წევრებს თუ არ ჩავთვლით, რომელია მაინცდამაინც დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე? პოლიტიკოსის პოტენციალის გამოვლენა და შესაბამისად, გამოცდილების შეძენა თანადათანობით ხდება და ამას დრო და პირობები სჭირდება. აქ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი: მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მაწყობს იმ ადამიანების პოლიტიკაში მოსვლა, ვინც თავისი საქმის პროფესიონალია. ბოლოს და ბოლოს, ეს ხალხი პარლამენტში უნდა მოვიდეს და კანონები წეროს. მისასალმებელი იქნება პარლამენტარის ან მინისტრის რანგში თუ არ დაიწყებენ ძროხის დედალ-მამლობის გარკვევას.

- პოლიტიკური პოტენციალის გამოვლენისა და წარმატების მიღწევისთვის საჭირო დრო და პირობები ახსენეთ. ამ პოლიტიკურ გუნდს დასახული მიზნების მისაღწევად ძალიან ცოტა დრო აქვს.

- გეთანხმებით. პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოცდილება ამ გუნდს ნამდვილად აკლია. მაგრამ, ვფიქრობ, ამის დაბალანსება მათივე პოლიტიკური პარტნიორების ხარჯზე მოხდება. კიდევ ერთი, პოლიტიკური გამოცდილება პოლიტიკური წარმატების გარანტია ყოველთვის სულაც არა არის. სიმართლე გითხრათ, ამ პოლიტიკური გუნდის მომავალი წარმატების მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტია. მგონი, არავის აქვს ილუზია, რომ ცალკე ეს ადამიანები, ჩემი მათდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მნიშვნელოვან ხმებს ვერ მიიღებენ.

- თუმცა, ალბათ, პოლიტიკური თანაგუნდელები ისე უნდა შეარჩიო, რომ ხმები მაინც არ დაგაკარგვინონ...

- სწორი რეპლიკაა. ჩემი აზრით, წარმოდგენილი გუნდი, ჯერჯერობით, ამგვარ საფრთხეს არ ქმნის, ვიმედოვნებ, პარტის შემდეგი დაკომპლექტებაც ამგვარადვე გაგრძელდება. 

- საინიციატივო ჯგუფის წარდგენისას მათ მიერ გაცხადებული მიზნებიდან ერთ-ერთი მთავარი ის იყო, რომ მათ პოლიტიკის გაადამიანურების იმედი აქვთ. 

- ეს განაცხადი ცოტა ულტრირებული მგონია, თუმცა მისი შინაარსი მე ასე წავიკითხე: ჩვენ დღეს ორმაგი სახის ქვეყანაში ვცხოვრობთ. ქაღალდზე წერია, რომ დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, სადაც ადამიანი და მისი უფლებები დაცულია, მაგრამ განა ასეა რეალურად? საზოგადოების მოთხოვნა და ოპოზიციის ძირითადი პრეტენზია არის სწორედ ეს - ქაღალდზე დაწერილი იქცეს რეალობად. როდესაც პოლიტიკოსებს საყვედურობენ ხოლმე, რომ რაღაც ახალს არ აცხადებენ, ცოტა მიკვირს. ახალს ვერაფერს გამოიგონებენ, გარდა იმ პრობლემებისა, რომლებიც ქვეყანაში რეალურად დგას. ქაღალდზე დაწერილისა და რეალობის დაახლოების ერთ-ერთი გარანტი ბიძინა ივანიშვილია. ის თუ მოახერხებს და ამას ხალხსაც დააჯერებს, მაშინ აუცილებლად გაიმარჯვებს.

- გოგლა ჟვანიას განცხადებით, ეს ხალხი პოლიტიკოსობას დიდხანს არ აპირებს, რამაც ყველას ლევან გაჩეჩილაძის განცხადება გაახსენა. რა გამოდის, მათი მიზანი მხოლოდ სააკაშვილის დამარცხებაა, მერე ვის უტოვებენ ქვეყანას?

- სწორად დასმული შეკითხვაა. თუმცა, ამ ხალხისაც მესმის. როცა შენი საქმის პროფესიონალი ხარ, ყოველთვის გენანება შენი საქმის დატოვება და ახლის დაწყება. უმეტესად პოლიტიკაში ის ადამიანები მიდიან ხოლმე, ვისაც სხვა სფეროში არაფერი გამოსდით. ისტორიას ახსოვს იმის მაგალითები, როდესაც პოლიტიკაში ადამიანები მოვიდნენ კონკრეტული მიზნით და მერე ისევ თავის საქმეს დაუბრუნდნენ. მაგალითად, ამერიკაში იყო პერიოდი, როდესაც ბიზნესმენების მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მაშინ იქაური მილიონერებიდან ძალიან ბევრი წავიდა პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, იქ საქმე მიალაგ-მოალაგა და ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა. თუმცა, პოლიტიკას ისეთი აზარტი აქვს, შეიძლება გოგლა ჟვანიასა და დანარჩენებსაც იქიდან წასვლა აღარც კი მოუნდეთ.

- დიდი კრიტიკა მოჰყვა ადვოკატ არჩილ კბილაშვილის შემდეგ განცხადებას: "პოლიტიკაში წამსვლელ ადამიანს მინიმუმ, მატერიალური გარე სამყარო მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, რადგან საზოგადოებისთვის საშიში არ გახდეს; თუ უტრირებაში არ ჩამითვლით, პოლიტიკაში იმ ასაკში უნდა მოვიდეს ადამიანი, როდესაც მისი სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახულია, ანუ მოწიფულ ასაკში". რამდენად სწორია ამგვარი მინიშნება თუნდაც ქონებრივ უზრუნველყოფაზე ქვეყანაში, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი უქონელია?

- რაც შეეხება ქონების ამბავს, საქართველოში უდიდესი ნდობა მოიპოვა ადამიანმა, რომელსაც ყველაზე მეტი ქონება აქვს. ბიძინა ივანიშვილის პოპულარობის მთავარი არგუმენტი ასეთია: ამ კაცს თავისი იმდენი აქვს, ქვეყანას აღარ გაღლეტსო. მაგრამ ამასთან, მას აქვს მთავრი - მორალური კაპიტალი, ანუ როგორ ხარჯავდა აქამდე ამ ქონებას, რაზე იყო ორიენტირებული. ჩვენ არაერთი შემთხვევა ვნახეთ და დღესაც ვხედავთ, ხელისუფლებაში მოსული უქონელი ადამიანები ქვეყნის ხარჯზე როგორ გამდიდრდნენ. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების თანამედროვე გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უქონელი ადამიანის პოლიტიკაში მოსვლას, ბოლოს და ბოლოს, საარჩევნო კამპანიას, უამრავი ფული სჭირდება. ამიტომ არჩილ კბილაშვილის ნათქვამი, სიმართლე კია, მაგრამ გააჩნია ფორმას, როგორ იტყვი და სად. 

რაც შეხება სექსუალური ლტოლვის ხსენებას, ბუნებრივია, უკეთესია, თუ ქვეყნის სათავეში ზრდასრული, სექსუალურად მომწიფებული და დაკმაყოფილებული ადამიანები იქნებიან. ესეც სიმართლეა, მაგრამ სიმართლის ლაპარაკი ყოველთვის გამართლებული შეიძლება არ იყოს. იმ წარდგენისას ბევრმა ისეთი რამ თქვა, რაც შეიძლება, გულუბრყვილობითაც ავხსნათ, მაგრამ ფაქტია, მათ ამ განცხადებებით მოწინააღმდეგეს საპასუხო დარტყმის გაკეთების საშუალება მისცეს. პოლიტიკა აღსარების ადგილი არ არის, აქ ყველა სიტყვას თავისი ფასი აქვს. ვიმედოვნებ, ამ შეცდომებს ეს ადამიანები გამოასწორებენ სწორედაც საკუთარი მეტოქეეების წყალობით.